ქსენოფონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქსენოფონტი

ქსენოფონტი (დაახ. 430-355/354) (Xenophōn), ძველი ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და მხედართმთავარი.

დაიბადა ათენში. იყო არისტოკრატიული ოჯახის შვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება, ითვლებოდა სოკრატეს მოწაფედ. ქსენოფონტი მრავალმხრივი და ნაყოფიერი მწერალი იყო. ჩვენამდე მოაღწია მისმა ისტორიულმა, ფილოსოფიურმა, პოლიტიკურმა, დიდაქტიკურმა ნაშრომებმა. გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით.

მონაწილეობდა პელოპონესის ომში (431-404). დემოკრატიის მიმართ მტრულად განწყობილი, აიდეალებდა სპარტის სახელმწიფო წყობილებას, თავისი ლაკონოფილობა პირადი ცხოვრებითაც დაამტკიცა, სამუდამო საცხოვრებლად ოლიმპიაში გადავიდა.

კორინთოს ომში (395-387) სპარტას მხარეზე მონაწილეობისათვის ათენელებმა სიკვდილი მიუსაჯეს (სასჯელი გააუქმეს 169 და აღადგინეს მოქალაქის უფლებებში, მაგრამ ათენში არ დაბრუნებულა). როგორც ისტორიკოსი, ძირითადად თავის თანამედროვე მოვლენებსა და პირად დაკვირვებებზე წერდა. „საბერძნეთის ისტორია“ მოიცავს უშუალოდ იმ პერიოდს, რომლის მონაწილეც თვითონ იყო (411-302). „ანაბასისში“' გადმოცემულია სპარსეთის დინასტიურ ომში მონაწილე ბერძენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. სპარტასა და ათენის სახელმწიფო წყობილებათა შესახებ მსჯელობისას იგი დაუფარავად გადმოგვცემს თავის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ მოსწონს ათენელთა სახელმწიფო წყობილება.

„ანაბასისში“ ქსენოფონტი წარმოგვიდგება როგორც სტრატეგისო და დიპლომატი. იგი თანმიმდევრობით აღწერს იმ ხალხების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ მდგომარეობას, რომელთა ტერიტორიაც ბერძნებმა გაიარეს. ქსენოფონტის ცნობები ანტიკურ ავტორთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმ მხრივ, რომ აღნიშნული ხალხების შესახებ მსჯელობისას ეყრდნობა იმ მონაცემებს, რომლებიც საკუთარი თვალით იხილა, ვრცლად აქვს გადმოცემული ურთიერთობანი ცალკეულ ტომებთან მოლაპარაკებანი, დადებული ხელშეკრულების შინაარსი.

ქსენოფონტის შემოქმედება საინტერესოა იმითაც, რომ მას აღწერილი აქვს ქართველ ტომთა (მესხები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, ხალიბები, კოლხები, სასპერები და ა.შ.) ყოფა-ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, რაც მნიშვნელოვან მასალებს იძლევა მათი სამეურნეო საქმიანობის შესახებ.

ქსენოფონტს დაწერილი აქვს შრომები სამხედრო ისტორიისა და სამხედრო საქმის შესახებ.

ფულის ფუნქციებიდან ქსენოფონტი აღიარებდა მხოლოდ მის ორ ფუნქციას: ფულს როგორც მიმოქცევის საშუალებასა და ფულს როგორც განძის დაგროვების საშუალებას.



გამოცემები ქართულ ენაზე

  • ქსენოფონტი, ანაბასისი: ბერძნული და ლათინური ტექსტები სტუდენტთა პრაქტიკული ვარჯიშობისათვის
  • ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე-სოკრატეს აპოლოგია / ძვ. ბერძნ. თარგმნა, შესავ. წერილი, შენიშვნები და სახელთა საძიებელი დაურთო ა. ურუშაძემ

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები