გომბორის ქედი
გომბორის ქედი − ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში.
გომბორის ქედი სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით ვრცელდება სიღნაღის მიდამოებამდე, შემდეგ თანდათან დაბლდება და ბორცვიან სერად იქცევა. რომელიც გადადის ივრის ზეგანში. გომბორის ქედი ცივ-გომბორის ქედის სახელითაც იწოდება, რადგან ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა ცივი (1991 მ). ქედი წარმოადგენს, აგრეთვე, ივრისა და ალაზნის წყალგამყოფს. ეს ქედი ს. ჭერემის მიდამოებში 1200-1300 მ-მდე, ხოლო ჩალაუბნის უღელტეხილთან 750 მ-მდე დაბლდება.
ქედის სამხრეთ-დასავლეთი მხარე ინტენსიურად ირეცხება ატმოსფერული წყლებით და წარმოიქმნება ბედლენდური რელიეფი, რაც ღვარცოფული აქტივობის კერებს ქმნიან. გარდა ამისა, დამახასიათებელია მეწყრები, რაც, აგრეთვე, ღვარცოფების წარმოქმნას უწყობენნ ხელს. გავრცელებულია ტალახიანი ვულკანები. მდ. კისისხევის, თურდოს, ვანისხევის და სხვა ხეობებში ცნობილია შუა საუკუნეების ხელოვნური გამოქვაბულები, რომლებიც ფლატეებში რამდენიმე სართულად არის განლაგებული.
გომბორის ქედზე კუნძულების სახით გვხვდება იურული ნალექები. ეს ქედი ძირითადად აგებულია ცარცული ასაკის ქანებით – თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, ტუფოგენებით. იგი მოთავსებულია უზარმაზარი დამრეცი ანტიკლინის გულში. ეს ანტიკლინი აგებულია უფრო ახალგაზრდა კომპლექსით – ნეოგენური უხეშნგრეული ილი მოლასური წყებით. ამ კონგლომერატულ-ქვიშაქვურ ნალექებს, რომლის ჯამური სიმძლავრე 2000 მ-მდეა, ცივის ანუ ალაზნის წყებას უწოდებენ.