თიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიხა

თიხა – წვრილმარცვლოვანი დანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი მთის ქანი, რომელიც ძირითადად შედგება კაოლინიტის, მონტმორილონიტის ჯგუფის მინერალებისაგან ან სხვა ფენოვანი ალუმინსილიკატებისაგან.

თიხის გრანულომეტრიული (მარცვლოვანი) შედგენილობა ასეთია: 5-0,16 მმ ქვიშოვანი ფრაქცია, 0,16-0,005 მმ მტვროვანი ფრაქცია, 0,005 მმ-ზე ნაკლები – თიხოვანი ფრაქცია. რაც მეტია თიხოვანი ფრაქცია, მით უფრო პლასტიკურია თიხა. თიხებში რელიქტური და ტერიგენული მინერალების (კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი) ჯამური რაოდენობა არ აღემატება 30-40%. თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა, წყლიანი სუსპენზიების ტიქსოტროპიულობა, პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვ.) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკულ მრეწველობაში, სამსხმელო, ნავთობის, ცემენტის, დუღაბის წარმოებაში, აგრეთვე ქანდაკების ორიგინალის შესაქმნელად და სხვ. მეტამორფიზმის შედეგად თიხა გარდაიქმნება არგილიტად, თიხაფიქლად, ფილიტად. თიხაში შეიძლება შედიოდეს ისეთი მინერალები, როგორებიცაა: კაოლინიტი, ანდალუზიტი, დისტენი, სილიმანიტი, გალუაზიტი, ჰიდრალჰილიტი, დიასპორი, კორუნდი, მონოთერმიტი, მონტმორილონიტი, მუსკოვიტი, ნაკრიტი, პიროფილიტი, აგრეთვე დამანაგვიანებელი მინერალები: კვარცი, თაბაშირი, დოლომიტი, კალციტი, გლაუკონიტი, ლიმონითი, მაგნეტიტი, მარკაზიტი, პირიტი, რუტილი, სერპენტინი, სიდერიტი და სხვ.

თიხის საბადოები ცნობილია საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, მექსიკაში, იტალიაში, აშშ-ში, რუმინეთსა და სხვ. მისი ძირითადი ქანწარმომქმნელი მინერალია მინდვრის შპატი. თიხა ადვილად იჟღინთება წყლით და პლასტიკური ხდება. საქართველოში თიხით მდიდარი რეგიონებია: ზემო იმერეთი, გურია, აჭარა, კახეთი. ცნობილია თიხის მრავალი სახეობა: აბისალური წითელი, აფუებადი, ბენტონიტური, ბლანტი, გამომწვარი, განლექილი, ზელილი, თეთრი, თხევადი, ილიტური, კაოლინური, კერამიკული, კირიანი, მაგნეზიური, მათეთრებელი, მიკროშრეული, მონატანი, მონომინერალური, მონტმორილონიტური, მწვარი, მჭლე, ნედლი, ორგანოგენური, პლასტიკური, ოლიმიქტური, პოხიერი, რკინოვანი, სააგურე, საადსორბციო, სამეთუნეო, საყალიბო, საძერწი, სუსტდნობადი, ტერიგენული, ფაიფურის, ქვიშოვანი, ქსენოგენური, შაბიანი, შთანთქმელი, ცეცხლგამძლე, წითელი ოკეანური, ჰალუაზიტური და სხვ. თიხის გამოყენების სფეროებია: მშენებლობა, მეთუნეობა; აგურის, კრამიტის, კერამიკის, ფაიფურის, ჭურჭლის, ცემენტის წარმოება; მედიცინა, კოსმეტოლოგია, მეღვინეობა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები