ალთაი
ალთაი – მთათა სისტემა აზიაში. ალთაის მთებს უკავია სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის დასავლეთი, ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი, რომელიც უმეტესად რუსეთის ფარგლებშია, დასავლეთი პერიფერია ყაზახისტანს ეკუთვნის. მთების მნიშენელოვასი ნაწილი ცენტრალურ აზიაში ხვდება (ძირითადად მონღოლეთის ტერიტორიაზე, მცირე ნაწილი – ჩინეთის ფარგლებში), მონღოლეთის ალთაისა და გობის ალთაის ქედების სახით.
ალთაის მთიანი ოლქი იყოფა სამ ნაწილად: საკუთრივ ალთაის მთები, მონღოლეთის ალთაი და გობის ალთაი. ალთაი წარმოქმნის მრავალრიცხოვან ქედთა რთულ სისტემას, რომლებიც ქმნიან ირტიშის, ობის და ენისეის ზემო აუზების წყალგამყოფებს ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი შედეგია აქტიური ნეოტექტონიკური მოძრაობის და ინტენსიური ეგზოგენური პროცესების, განსაკუთრებით ეროზიული. ცენტრალური ალთაის მაღალმთიანი კვანძიდან თითქმის ყველა მიმართულებით მარაოსებურად იშლებიან და თანდათან დაბლდებიან მრავალრიცხოვანი ქედები. ცენტრალური ალთაის ფარგლებში მთელი რიგი მწვერვალების სიმაღლე 4000 მ აღემატება. ისინი დაფარულია მუდმივი თოვლითა და ყინულებით, რისთვისაც ბელკებს უწოდებენ. მათ შორის ყეელაზე მაღალი კატუნის ბელკების ქედზე აღიმართება ალთაისა და მთელი ციმბირის უმაღლესი მწვერვალი – ორთავა ბელუსა (4506 მ). სიმაღლით მეორეა მთა ტაბინ-ბოგდა-ოლას (თურქულად – ხუთი წმინდა მთა) მთიანი კვანძი საკუთრივ ალთაის და მონღოლეთის ალთაის მიჯნაზე (მწვერვალი ნაირამდალი - 4356 მ).
ალთაის ჩრდილოეთ განაპირას მნიშვნელოვანი მორფოსტრუქტურული და ოროგრაფიული ერთეულებია სალაირის ჭიუხი, კუზნეცკის ალთაუ და მათი გამყოფი კუზნეცკის ქვაბული. სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან ალთაის მთიანი ოლქი შემოფარგლულია ზაისანის ქვაბულით, რომლის ძირიც უკავია მისივე სახელწოდები ტბას ხოლო დასავლეთ საიანების მთებიდან გამოყოფილია მდ. ბიას ხეობით რეგიონის ტერიტორია დანაწევრებულია ირტიშისა და ობის სათავეთა ხშირი და ღრმა ეროზიული და ტექტონიკურ-ეროზიული ხეობებით.