სიმბოლიზმი
სიმბოლიზმი – ინტერნაციონალური მიმდინარეობა იყო, რომელიც იმ ხელოვანებს აერთიანებდა, ვინც შემოქმედების საგნად ირაციონალური შიშები, სურვილები და ადამიანის გონების იმპულსები გაიხადა. ფსიქიკის შავბნელი სიღრმეებისადმი ინტერესი XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში ბუნების ფოტოგრაფიული და მეცნიერული კვლევის, მედიუმების სპირიტუალური სამყაროთი საყოველთაო გატაცების ფონზე აღმოცენდა. ზოგი სიმბოლისტი თანამედროვე ცხოვრებისგან თავშესაფარს მოუთოკავი ემოციების ირაციონალურ სამყაროში ეძებდა, როგორც ამას ედგარ ალან პოს (1809-1849) მსგავსი ავტორები აღწერდნენ, რომელთა შემაძრწუნებელი მოთხრობები ზებუნებრივის შესახებ მთელ ევროპაში პოპულარობით სარგებლობდა. შემთხვევითი არც ის იყო, რომ ზიგმუნდ ფროიდი (1856- 1939), რომელიც შემოქმედების პროცესს სიზმარს ადარებდა, სწორედ ამ პერიოდში წერს თავის საეტაპო ტექსტს სიზმრების ინტერპრეტაცია (1900). სიმბოლისტებმა უარყვეს თანამედროვე დასავლური კულტურის რაციონალიზმსა და მატერიალურ პროგრესზე დამყარებული ღირებულებები. სანაცვლოდ, მათ ემოციების, წარმოსახვისა და სულიერების ირაციონალური სამყარო აირჩიეს. ყოველდღიური ცხოვრების მიღმა ისინი უფრო ღრმა და იდუმალ რეალობას ეძებდნენ, რომლის მოუხელთებელ და ფარულ მნიშვნელობას უცნაური და ამბიციური თემებით, სტილიზებული ფორმებით ასახავდნენ. თავიანთ ნამუშევრებს ისინი ხშირად სიზმრებს ადარებდნენ. სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიმბოლიზმთან პოეზიასა და ლიტერატურაში. მაგალითად, ჟორის კარლ ჰუისმანსის, 1884 წელს გამოცემულ რომანს ბუნების საწინააღმდეგოდ (À Rebours) სულ ერთი გმირი ჰყავს - არისტოკრატი, სახელად დეზ ისანტი, რომელიც მის მიერ შექმნილ ხელოვნურ სამყაროშია ჩაკეტილი, რადგან "წარმოსახვა იოლად ჩაენაცვლება ვულგარულ ყოველდღიურობას." დეზ ისანტის აზრით, სამყარო არარელევანტური და შეუსაბამოა. იგი ფიქრობდა, რომ "ბუნების დრო ამოიწურა" და "დაქანცულმა ესთეტებმა" ხელოვნებას უნდა შეაფარონ თავი, "ძველთაძველ ოცნებებსა თუ გარყვნილებაში ჩაიძირონ და თანამედროვე ცხოვრებას გაეცალონ".
გუსტავ მორო
აკადემისტ მხატვარს გუსტავ მოროს (Gustave Moreau, 1826-1898) სიმბოლისტები თავიანთ წინამორბედად მიიჩნევდნენ. მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები მჭვრეტელობით-წინასწარმეტყველური ხასიათისაა. სიმბოლისტები განსაკუთრებით იყვნენ აღფრთოვანებულები იუდეველთა მეფის ასულის - ბიბლიური სალომეს სახის მოროსეული იტერპრეტაციით, როდესაც სალომე, დედის - ჰეროდეას წაქეზებით, მამის - ჰეროდეს წინაშე ეროტიკულ ცეკვას შეასრულებს და სანაცვლოდ, იოანე ნათლისმცემლის თავს მოითხოვს. მოროს მიერ 1876 წლის სალონზე წარდგენილ სურათზე გამოცხადება მაცდური სალომეს წინაშე ხილვის სახითაა წარმოდგენილი ჰაერში მოლივლივე, თვალგახელილი და სისხლმდინარე, ღვთიური ნათლით გარემოცული წმინდანის მოკვეთილი თავი. მორო ამ პირქუში მგრძნობელობით აღსავსე სცენასა და ეგზოტიკურ გარემოცვას დეტალიზებულად გადმოსცემს; ძვირფასი თვლებივით მოელვარე საღებავის მონასმებით იგი მგრძნობელობით-დეკადანსურ ატმოსფეროს ქმნის, რაც სალომეს - ფატალური ქალის მხატვრულ სახეს რელიეფურად წარმოაჩენს; ესაა ქალი, რომელიც თავის მგრძნობელობით აღსავსე მომხიბვლელობას მსხვეპლის დასაღუპად იყენებს. სიმბოლისტები, ისევე როგორც ხელოვანთა სხვა მცირე ჯგუფები, ცალკე, დამოუკიდებელ გამოფენებს აწყობდნენ, მაგრამ, იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ქირაობდნენ დარბაზს, ბეჭდავდნენ პროგრამებს და გამოფენაზე შესასვლელად მცირეოდენ გადასახადსაც აწესებდნენ, სიმბოლისტები უფრო მოკრძალებულ გამოფენებს მართავდნენ და არც საზოგადოებისაგან ელოდნენ განსაკუთრებულ ინტერესს.