სამდინარო ფლოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამდინარო ფლოტი – იმ გემების და მცურავი საშუალებების კრებსითი სახელწოდება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის და მგზავრების ტრანსპორტირებისათვის ძირითადად შიდა წყალსანაოსნო გზებზე (მდინარეები, ტბები, არხები, წყალსაცავები და სხვა), აგრეთვე პირდაპირი სამდინარო-საზღვაო გადაზიდვებისათვის („მდინარე-ზღვა“ კლასის გემები).
სამდინარო ფლოტი შეიცავს თვითმავალ და არათვითმავალ გემებს:
- სატრანსპორტო გემებს (სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო, სატვირთო, მშრალტვირთიანი, ჩასასხმელი, მიმწოლი, ბუქსირი);
- ტექნიკურ გემებს (მიწახაპია აგრეგატები, გრუნტგადამტანი შალანდები და სხვა);
- დამხმარე გემებს (მცურავი სახელოსნოები და დოკები, სანიტარული, საწმენდი და სათბობ-გასამართი სადგურები, დებარკადერები, მცურავი ამწეები და სხვა);
- სპეციალური დანიშნულების გემებს (ყინულმჭრელები, ბორნები, სახანძრო, სარეიდო გემები და სხვა).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017