ბათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:21, 19 ივლისი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათა(ეგვიპტ.) უძველესი ღმერთი, რომელიც ხარის სახით იყო წარმოდგენილი.

მითოლოგიურ ზღაპარში ბათა უმცროსი ძმაა, რომელიც ერთგულად ემსახურება უფროს ძმას, ანუფუს, მწყემსავს მის ძროხებს. რძლის მიერ ცილდაწამებულ ბათას, ძმა ჩაუსაფრდება მოსაკლავად. ძროხა, რომელიც ადამიანურ ენაზე ალაპარაკდება, აფრთხილებს მას. ბათა გარბის და შორიდან იმართლებს თავს ძმის წინაშე, რაე-ჰორის სახელით იფიცება, მერე ნიშანს უტოვებს და გადაიხვეწება. ანუფუ კლავს მუხანათ ცოლს, ნანობს მალემრწმენობას და სწუხს უსამართლოდ განდევნილ ძმაზე. ქალღმერთი ხნუმი ბათას შეუქმნის ცოლს, შეფსეთს, რომელიც გასცემს მის საიდუმლოს და ბათა კვდება. შეფსეთი ფარაონის ცოლი ხდება. ანუფუ დანატოვარ ნიშანზე (ლუდი აქაფდება და ღვინო აიმღვრევა თასში) იგებს ბათას სიკვდილის ამბავს, სამი წელიწადი ეძებს მის გულს, მეოთხე წელს პოულობს მას – მუხუდოს მარცვალში განსახიერებულს. ანუფუ გადააყლაპებს მუხუდოს მარცვალს ბათას, რომელიც წამსვე გაცოცხლდება. ბათა „დიდ ხარად“ გადაიქცევა, რომელსაც ანუფუ ფარაონის კარზე წაიყვანს, რისთვისაც მას ოქროვერცხლით, სოფლითა და ხალხით დააჯილდოვებენ.

ბათას მოღალატე ცოლი, რომელიც თავს მოიავადმყოფებს, ფარაონს ხარის ღვიძლს მოსთხოვს. მიწაზე დაწვეთებული ხარის ორი წვეთიდან ფარაონის სასახლის კარიბჭესთან ორი ხე ამოვა. ხე თავს უმჟღავნებს ფარაონს: „მე ბათა ვარ! მე ცოცხალი ვარ!“ ახლა ბათას ცოლი, შეფსეთი, ხის მოჭრას სთხოვს ფარაონს და მისგან ავეჯის დამზადებას. ხის მოჭრისას შეფსეთს პირში ნაფოტი ჩაუვარდება და დაორსულდება, შობს ძეს და გაზრდის. ეს არის ბათა, რომელიც მეორედ იშვა. ფარაონის სიკვდილის შემდეგ ფარაონი ბათა გახდება. იგი შურს იძიებს შეფსეთზე. ბათას შემდეგ მისი ძმა ანუფუ გამეფდება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები