ხნუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხნუმი ძერწავს ადამიანს

ხნუმი(ეგვ.) უმნიშვნელოვანესი ვერძის სახის მქონე ღვთაება. ადრეული ძველი სამეფოს პერიოდამდე ამ ცხოველის სახით ეთაყვანებოდნენ, შემდეგ ძირითადად გამოისახებოდა, როგორც ადამიანი ვერძის თავით. ხნუმის ცხოველი – აფრიკული ნაირსახეობა ovis longipes paleoaegyptiacus, რომელიც ჰორიზონტალურად გაშლილი რქებით გამოიცნობა, უკვე შუა სამეფოს დროისათვის გადაშენებული იყო.

ხნუმის სახელის მნიშვნელობა და წარმოშობის ადგილი ბუნდოვანია, რადგან ხნუმს ეთაყვანებოდნენ მთელ ეგვიპტეში, მაგრამ საკულტო ადგილებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ელეფანტინა, ესნა, ჰიპსელისი, და ხერური (ეგვ. Hr wr), რომლის ადგილზე მოგვიანებით ანტინოე გაშენდა. სავარაუდოდ, ამ ადგილებში უძველესი დროიდან ვერძის სახის ღმერთების სხვადასხვა კულტი იყო, რომლებიც ხნუმმა ძალიან ადრე შთანთქა. ხნუმს ორი ძირითადი ფუნქცია ჰქონდა: ის იყო ნილოსის წყლების ბატონი და იმავდროულად შემოქმედი ღვთაება. როგორც ეგვიპტისათვის სიცოცხლის მომცემი ნილოსის წყლების ბატონს, მას ელეფანტინაზე ეთაყვანებოდნენ, სადაც პირველ ჭორომთან დიდი მდინარის წყლები დიდ მორევს ქმნის. ეგვიპტელების წარმოდგენით, ეს იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც ნილოსი მიწიდან მოჩქეფდა. ელეფანტინაზე ხნუმს „ჭორომის ბატონს“ ეძახდნენ, რომელსაც ნილოსის ადიდება მოჰქონდა.

ე.წ. „შიმშილის სტელაზე“, რომელიც პტოლემაიოსების დროით არის დათარიღებული, მოთხრობილია თითქოსდა ფარაონ ჯოსერის (III დინასტია) დროინდელი ამბავი, როცა ნილოსი შვიდი წლის განმავლობაში არ ადიდდა. ქურუმებმა მოახსენეს ფარაონს, რომ ნილოსი მოედინება ორი გამოქვაბულიდან კუნძულ ელეფანტინას ძირში, და მხოლოდ ხნუმს შეუძლია გახსნას მათი ჭიშკრები. ფარაონმა დიდძალი მსხვერპლი შესწირა ღმერთს, რის შემდეგაც ხნუმი სიზმარში მოევლინა მას და აღუთქვა, რომ გამოქვაბულების ჭიშკრებს გახსნიდა. ამ რეგიონში ეთაყვანებოდნენ ტრიადას, რომელიც შედგებოდა ხნუმის და ასევე ნილოსის წყლებთან დაკავშირებული ორი ქალღმერთისაგან – სატეტი მის მეუღლედ, ანუკეტი კი მათ ქალიშვილად იყო მიჩნეული.

1906 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა ელეფანტინაზე აღმოაჩინეს ბერძნულ-რომაული პერიოდის სასაფლაო, სადაც ვერძის მუმიები ქვის სარკოფაგებში იყო დაკრძალული. როგორც შემოქმედ ღვთაებას, ხნუმს ძირითადად ესნაში, ასევე ხერურში ეთაყვანებოდნენ. აქ მას სხვა მეუღლე – ბაყაყის სახის მქონე დაბადების ქალღმერთი, ხეკეტი ჰყავდა, მოგვიანებით კი ხეკეტის ადგილს დიდი ქალღმერთი ნეიტი იკავებს. ხნუმს მოიხსენიებდნენ, როგორც „ფორმის მიმცემს, რომელიც სიციცხლეს იძლევა“, და „დიდ მეთუნეს“. ითვლებოდა, რომ ხნუმი ძერწავდა ბავშვს, რომელიც მეფე უნდა გამხდარიყო. უკვე პირამიდების ტექსტებში ფარაონი „ხნუმის ვაჟიშვილად“ არის მოხსენიებული. ხატშეპსუტის ცნობილ დეირ ელ-ბაჰარის ტაძარში ხნუმი ქმნის არა მარტო ხატშეპსუტს, არამედ მის კასაც.

ხნუმი ძერწავდა ასევე ჩვეულებრივ ადამიანებს, ღმერთებს, ცხოველებს და მწერებსაც კი, თვითონ კი „თავისი თავის ხნუმი“ იყო. ის იყო ასევე „მამების მამა, დედების დედა, ძიძების ძიძა“. ის ბედის ღმერთის თვისებებსაც იძენს, რომელიც მშობიარობის ბედს წყვეტს. ესნაში ხნუმისადმი მიძღვნილი ტაძრის კედლებზე, რომელიც ბერძნულ-რომაულ დროში აიგო, ვკითხულობთ, რომ „ხნუმმა შექმნა ქალაქები, მინდვრები, შექმნა ორივე მიწა (ე.ი. ეგვიპტე), და მეთუნის ბორბალზე შექმნა ხალხი“, რომ მიწა დაესახლებინა. დაახლოებით გვიანი შუა სამეფოს დროს ხდება ხნუმის და რას შერწყმა ხნუმ-რას სახით. ეს ვერძის სახის ღმერთის კოსმიურ ღმერთთან პირველი დაახლოება იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ „b“ ეგვიპტურად „ვერძსაც“ და „ბასაც“ ნიშნავდა, გვიანი ახალი სამეფოდან ელეფანტინას ხნუმი რას ბა ხდება, ჰიპსელისის ხნუმი – ოსირისის, ესნას ხნუმი – შუს, ხერურის (ანტინოეს) – გების. ამიტომ ხანდახან ხნუმი ოთხი თავით გამოისახებოდა და ის ზეცას (რა), მიწას (გები), ჰაერს (შუ) და ქვესკნელს (ოსირისი) მოიცავდა. ღამის მგზავრობის დროს რა ჩვეულებრივ ვერძის თავით გამოისახებოდა, რადგან ეგვიპტელის წარმოდგენით მიწისქვეშეთში რას სული ეშვებოდა.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები