ბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბა – (ჰორაპოლონი თარგმნის, როგორც psyche, ეგვიპტური ენის ლექსიკონი როგორც „სულს“). ითვლება, რომ „ბა“ ახლოს დგას ქრისტიანული „სულის“ ცნებასთან, რომელიც ყველა ადამიანს უნიკალურ პიროვნებად ხდის. მისი იეროგლიფი გვამცნობს, რომ წარმოედგინათ წეროს მაგვარი ფრინველის სახით, უფრო გვიან ბას ადამიანისთავიანი ფრინველის სახე ჰქონდა. ამდენად, ბას და ახის არსება საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან.

მაგრამ უძველესი წარმოდგენით „ბა“ არ იყო დაკავშირებული ადამიანთან, პირიქით, ეს იყო ცნება, რომელზეც გავლებული იყო ზღვარი ადამიანსა და ღვთაებას შორის. ძველი სამეფოს დროს „ბა“ ღმერთების გარდა მხოლოდ ფარაონს გააჩნდა. ბას უკავშირდებოდა წარმოდგენა არსებობაზე და ფუნქციონირებაზე გარდაცვალების შემდეგ, იგი ღვთაებრივი არსების გარკვეულ მხარეს წარმოადგენდა და რადგან ძირეულად იყო დაკავშირებული ღვთაებრიობასთან, ღმერთების გარდა შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ ფარაონს და არა ჩვეულებრივ მოკვდავს. ფარაონს და ღვთაებას არა ერთი ბა შეიძლებოდა ჰქონოდათ. პირამიდების ტექსტებში ზეცის ქალღმერთზე ნათქვამია, რომ „ათასია მისი ბა“. ამ პერიოდის ლიტერატურაში ღვთაებები მოიხსენიებიან, როგორც „ჰიერაკონპოლისის ბაუ (სულები)“, „ნეხენის ბაუ“ და ა.შ. პირველი დინასტიის ფარაონს უდიმუს, ტექსტების თანახმად, 7 ბა და 14 კა ჰყავდა.

ძველი სამეფოს დაშლის შემდეგ, როცა მოხდა საიქიო სამყაროსთან დაკავშირებული წარმოდგენების დემოკრატიზაცია, შეიქმნა ახალი წარმოდგენა, რომლის თანახმად ბა უკვე რიგით მოკვდავებსაც გააჩნდათ. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ეგვიპტური ლიტერატურის შედევრად მიჩნეული, პესიმიზმით განმსჭვალული „თვითმკვლელის საუბარი თავის ბასთან“ სადაც ცხოვრების ამაოებით დაქანცული ადამიანი, რომელსაც თვითმკვლელობა განუზრახავს, ევედრება თავის ბას, არ მიატოვოს სიკვდილის შემდეგ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ მოკვდავის ბა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოიხსენიება. თვით ფარაონის ბაზეც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ არის ლაპარაკი, მისი სხეულის რიტუალური განწმენდის შემდეგ, რადგან ბა ხდება ადამიანის არსების ის ელემენტი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ გარდაცვალების მერე ეკისრება. სწორედ ბას საშუალებით ხდება კავშირის შენარჩუნება ერთი მხრივ ახის (რომელიც გარდაცვალების შემდეგ იმქვეყნიურ სამყაროშია), და მეორე მხრივ სხეულს, სამარხს და მიწაზე დარჩენილებს შორის. ამ წარმოდგენების ჩვეულებრივ მოკვდავებთან დაკავშირება პირველად სარკოფაგების ტექსტებში ჩნდება. ამ დროს ხდება ცვლილებები ბას არსებაში – ის ადამიანთან და მის ბედთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნება ხდება, რომელიც იცავს გარდაცვლილის ძალას, რადგან ეს ძალა გარდაცვალების შემდეგ „ხორცთან ერთად“ ტოვებს. ამგვარად ტრანსფორმირებული ბა ზრუნავს გარდაცვლილზე, და ითვლება, რომ იგი არსებობს, სანამ მას თავისი ბა ახლავს თან. განსხვავებთ სხეულისაგან, რომელსაც სამარხის დატოვება არ შეუძლია, ადამიანის ბას გადანაცვლება არ არის შეზღუდული. ეგვიპტელისათვის ეს ნიშნავდა „მარად ცოცხალ სულს“, რომელსაც – ფარაონთან მიმართებაში – უკვე პირამიდების ტექსტებში ვხვდებით.

ბას ადამიანისთავიანი ჩიტის სახით, რომელიც „საკუთარი“ გარდაცვლილის სხეულის თავზე დაფრინავს, ხშირად ათავსებდნენ სამარხების კედლებზე. იმისათვის, რომ ბად ტრანსფორმირება შესაძლებელი გახდეს, მკვდართა წიგნში სათანადო გამონათქვამი არსებობდა (85 თავი), რომელსაც „მარად ცოცხალ სულად გადაქცევა“ ერქვა. სხეულისა და სულის ცნებების ასეთმა გაყოფამ თავისებური გამოძახილი ღმერთებისადმი მიძღვნილ ტექსტებშიც პოვა. ახალი სამეფოს ამონისადმი მიძღვნილ ჰიმნში ნათქვამია: მისი სული ზეცაშია, მისი სხეული – დასავლეთში“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები