ჰორაპოლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰორაპოლონი – ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ძველი ნაშრომის („იეროგლიფიკა“) ავტორი, სადაც ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა არის აღწერილი. „იეროგლიფიკა“ ცნიბილი გახდა მას შემდეგ, რაც მისი ბერძნულ ენაზე შესრულებული ხელნაწერი შეიძინა ცნობილმა მოგზაურმა ქრისტეფორე ბუონდელმონტიმ კუნძულ ანდროსზე 1419 წელს.

მანუსკრიპტის პირველი სტრიქონები გვამცნობს, რომ წიგნის ორიგინალური ავტორი არის ჰორაპოლონი ნილოპოლისიდან, ბერძნულ ენაზე თარგმანი კი შესრულებულია ვინმე ფილიპეს მიერ. ჰორაპოლონის, და მით უმეტეს მისი მთარგმნელის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. ნაშრომი დაახლოებით ჩვ.წ.-ის IV საუკუნით არის დათარიღებული. წიგნის პირველი ნაწილი 70 თავისაგან შედგება, მეორე – 120. თითოეული თავი ერთი იეროგლიფის აღწერას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ კავშირი იეროგლიფურ ნიშანს და მის მნიშვნელობას შორის ჰორაპოლონს ყოველთვის ალეგორიულად აქვს ახსნილი, მას უდავოდ ჰქონდა რაღაც კავშირი ცოცხალ იეროგლიფურ ტრადიციასთან, რადგან ხშირ შემთხვევაში თვითონ ნიშნის ახსნა სწორად აქვს მოცემული. ის წერს, რომ სიტყვა „დედას“ ეგვიპტელები აღნიშნავდნენ სვავის ნიშნით იმიტომ, რომ სვავები მხოლოდ დედლები არიან. „შევარდნის“ ნიშნით ეგვიპტელები აღნიშნავდნენ ღმერთს, ან მშვენიერებას, ან გამარჯვებას, ან სისხლს. „ღმერთს“ შევარდნის გამოსახულებით აღნიშნავდნენ იმიტომ, რომ შევარდენი არის ნაყოფიერი ფრინველი და დიდხანს ცოცხლობს. ის არის მზის სიმბოლო თავისი მახვილი მხედველობის და იმ სხივების გამო, რომლებსაც მისი თვალები ასხივებს. „შევარდენი“ ნიშნავს მშვენიერებას, რადგან სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, ის ვერტიკალურად ფრინდება. „გამარჯვებას“ შევარდენი ნიშნავს იმიტომ, რომ ის ჯაბნის ყველა ფრინველს, „სისხლს“ კი იმიტომ, რომ შევარდენი, სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, წყლის მაგივრად სისხლს სვამს.

ჰორაპოლონის მიხედვით, ბატის ნახატით ეგვიპტელები აღნიშნავდნენ „ვაჟიშვილს“, რადგან ბატს ყველა ცოცხალ არსებაზე უფრო უყვარს თავისი შვილები. ყველა ამ ახსნაში არის სიმართლის მარცვალი. შევარდნის აღმნიშვნელი იეროგლიფით აღინიშნებოდა ღვთაება ხორი, სვავის ნიშნით – დედა და ბატის ნიშნით – ვაჟიშვილი, მაგრამ იმიტომ, რომ „ბატის“ და „სვავის“ ჟღერადობა „ვაჟის“ და „დედის“ ჟღერადობას ემთხვეოდა. იგივე ნიშნები გამოიყენებოდა უამრავი, ხშირად ტრივიალური მნიშვნელობის სიტყვების დაწერისას, რომლებშიც იგივე ჟღერადობის მარცვალი იყო. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰორაპოლონს არასოდეს უცდია შეედგინა ფრაზები ან წინადადებები, და მისი ინფორმაციის ძირითადი მასა მცდარია. ის აღწერს, როგორც იეროგლიფურ ნიშნებს, ნახატებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა დამწერლობის ელემენტი, და ასევე აღწერს ისეთ ნიშნებს, რომლებიც არასოდეს არის დაფიქსირებული ეგვიპტურ დამწერლობაში ან მხატვრობაში (მაგ. „ლომი, რომელიც მაიმუნს ჭამს“, „ბრმა ხოჭო“, „ნიანგის სისხლი“ და სხვ.). ასეთი „ნიშნები“, სავარაუდოდ, თვითონ ჰორაპოლონის გამოგონებას წარმოადგენს. მაგრამ რენესანსის ტრადიციაში ჰორაპოლონის „იეროგლიფიკა“ გახდა უმაღლესი, დაკანონებული ავტორიტეტი ეგვიპტურ იეროგლიფებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და ითვლებოდა ერთადერთ წყაროდ იმ სიბრძნის ასახსნელად, რომელიც, როგორც ამ დროს მიაჩნდათ, ეგვიპტურ იეროგლიფებში იყო ჩაქსოვილი. „იეროგლიფიკა“ იყო იმ პირველ წიგნებს შორის, რომლებიც დაიბეჭდა ბეჭდვითი ხელოვნების გამოგონების შემდეგ. ევროპის გამოჩენილი მოაზროვნეები და მხატვრები ქმნიდნენ ახალ იეროგლიფებს ჰორაპოლონის ალეგორიული ახსნების მიხედვით და თანდათან შორდებოდნენ ეგვიპტური დამწერლობის რეალურ არსებას. ეგვიპტოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებისათვის წიგნის ასეთი პოპულარობა ფატალური აღმოჩნდა, რადგან საუკუნეები დასჭირდა მომხიბვლელი ილუზიებისაგან გათავისუფლებას, და იმის გააზრებას, რომ ეგვიპტური იეროგლიფები სინამდვილეში ჩვეულებრივი, და არა ალეგორიული დამწერლობის ნიშნები იყო.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები