ხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრთოსანი ხორი ამარცხებს სეთს

ხორი(ეგვიპტ.) (ეგვ. Hr), ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი შევარდნის სახის ღვთაება. შევარდნის ეგვიპტური სახელები იყო „ბიკ“ (bjk), „შენებტი“ (šnb.tj), „ჩენეხერი“ (tnhr), „ჯერტი“ და სხვ. უკვე სახელების ასეთი სიმრავლე მეტყველებს ამ ფრინველის პოპულარობაზე ეგვიპტეში. იგივეზე მეტყველებს შევარდნის უამრავი გამოსახულება, მოძიებული წინა და ადრედინასტიურ ფენებში ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე. ითვლება, რომ მაღალი და მოქნილი ფრენის გამო შევარდენი ეგვიპტელის ცნობიერებაში ცასთან იყო ასოცირებული.

სავარაუდოდ, უძველეს დროში უამრავი შევარდნის ლოკალური კულტი არსებობდა, რომლებიც თანდათან „შთანთქა“ ხორმა. უკვე პირამიდების ტექსტებში ამ კულტების გამოძახილს ვხვდებით იმ მრავალ ფორმაში, რომლებიც ხორს მიეწერება, ამგვარად, ხორი უკვე წინადინასტიურ დროში შეერწყა მრავალ შევარდნის სახის ლოკალურ ღვთაებას და ჯერ კიდევ ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებამდე სრულიად ეგვიპტური ღვთაება გახდა.

თვითონ ღმერთის სახელი დაკავშირებულია ეგვიპტურ თანდებულთან „hr“, -„ზე“, „ზემოთ“ და ზედსართავთან „მაღლა“, „მაღალი“ და ითარგმნება, როგორც „შორეული“ ან „ის, ვინც ზევითაა“. ხორის ლოკალური სახეები გვხვდება ეგვიპტის გარეთაც, ადგილებში, სადაც ეგვიპტური გავლენა არსებობდა. შესაძლოა, მისი ასეთი პოპულარობის მიზეზს ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ის არის ერთადერთი ღვთაება, რომელიც გამოკვეთილად არის დაკავშირებული მეფეებთან უკვე წინადინასტიურ პეროდში.

ჰიერაკონპოლისში ნაპოვნ ნარმერის პალეტზე ნარმერის თავზე ხორია გამოსახული. „მებრძოლი ხორი“ ერქვა მის შემდგომ (ან წინა) ფარაონს. სხვადასხვა მოსაზრებით, ორივე ფარაონი ან ნულოვანი დინასტიის ბოლო, ან პირველ დინასტიურ მეფეებად არის მიჩნეული. ითვლებოდა, რომ ეგვიპტის ფარაონი ხორის ტახტზე იჯდა და ხორის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, როგორც „ცოცხალი ხორი“. ფარაონის „ხორის სახელი“ ფარაონის რთული ტიტულატურის უძველესი კომპონენტია. ადრედინასტიურ პერიოდში ხორი ხშირად გამოისახებოდა ე.წ. „სერეხის“ თავზე, რომელიც სამეფო სასახლის არქიტექტონულ გამოსახულებას წარმოადგენდა. ცარიელ კვადრატში სასახლის გამოსახულებას და ხორს შორის ჩვეულებრივ ფარაონის სახელი იყო ჩაწერილი. ეს მოტივი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე, აერთიანებდა ხორს, ფარაონს და სასახლეს. ფარაონის ქანდაკების უკან ხშირად გამოისახებოდა ხორი, რომელიც შემოხვეული ფრთებით თითქოს მას იცავდა.

რამესიდების პერიოდიდან ხორის გამოსახულება სამეფო გვირგვინის აუცილებელი ელემენტიც გახდა. ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ ეგვიპტელი ფარაონს წარმოიდგენდა, როგორც ხორს საკუთარ სასახლეში. ამგვარად, ხორის დაკავშირება სამეფო ძალაუფლებასთან ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში მოხდა და ეს კავშირი ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებამდე არ დარღვეულა.

დაახლოებით მეოთხე დინასტიიდან ჰიერაკონპოლისმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, როგორც მსხვილმა ქალაქმა, რადგან მისგან თხუთმეტი კმ. დაშორებით სწრაფად დაიწყო ზრდა ახალმა ურბანულმა ცენტრმა ედფუმ. თუმცა ჰიერაკონპოლისის ხორის ტაძარმა ბოლომდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და მისი რესტავრირება შუა და ახალი სამეფოების დროსაც მოხდა, უფრო დიდი ქალაქის, ედფუს (ბეხდეტის) ხორის კულტმა თანდათან დაჩრდილა ჰიერაკონპოლისის (ნეხენის) ხორი. სავარუდოდ, ბეხდეტშიც უძველეს დროში არსებობდა შევარდნის სახის ღვთაების კულტი, რომელიც ადრე შეერწყა ხორს. ბეხდეტელი ხორი ხორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკალური ფორმა გახდა, ის გამარჯვებული გმირის და მეფის დამცველის სიმბოლო და ცის ბატონი იყო. ბეხდეტელი ხორის მეუღლე იყო ხატხორი (დენდერადან), მათი შვილი კი ასევე ხორის ერთ-ერთი გამოვლინება მატაუი – „ხორი, ორი ქვეყნის გამაერთიანებელი“. ედფუს ხორის სიმბოლოს ფრთოსანი დისკო ან სკარაბეოსი წარმოადგენდა. ედფუს ტაძრის კედლებზე მოთავსებულია მითი ბეხდეტელი ხორის შესახებ, რომელსაც რელიგიური დრამის სახე აქვს და რომელიც თავისი მოცულობით და მნიშვნელობით აღემატება ამ ჟანრის ყველა ეგვიპტურ ნაწარმოებს. დრამა თამაშდებოდა ყოველ წელს ზამთრის მეორე თვის მეხირის ოცდამეერთე დღეს. მითის თანახმად, ბეხდეტელი ხორი თან ახლავს რა-ხორახტის და მის ურიცხვ ჯარს ნუბიაში, ანადგურებს მტერს, რომელსაც სეტხი მოუძღვის. მას უერთდება ხორი-ისიდას შვილი და ისინი ერთად სდევნიან მტერს. ბეხდეტელი ხორი მიწაზე მოქმედი ფარაონის ზეციურ არქეტიპად წარმოიდგინებოდა და ითვლებოდა, რომ ის ეგვიპტეს ყველა გარეშე მტრისაგან იცავდა. მტრების განსახიერებას ედფუში სეტხი წარმოადგენდა. ტაძრის კედლებზე მოთავსებულ მრავალ გამოსახულებაზე ხორი ამარცხებს სეტხს, რომელსაც აქ ვირის, ბეჰემოტის ან ნიანგის სახე აქვს.

გვიანდელ პერიოდში ბეხდეტელი ხორი ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვთაება გახდა. მისი სიმბოლო – ფრთოსანი დისკო, რომლის უძველესი გამოსახულება წარწერით „მშვენიერი ღმერთი, ორივე მიწის მფლობელი“ V დინასტიით თარიღდება, გადაიქცა ღვთაებრიობის საყოველთაო სიმბოლოდ, რომელსაც ყველა ტაძრის შესასვლელის თავზე ათავსებდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ნეხენის ხორისაგან, ბეხდეტელი ხორი არ არის მოხსენიებული პირამიდების ტექსტებში. როცა VI დინასტიიდან ოსირისის კულტის აღზევება დაიწყო, ხორი გახდა ისიდას შვილი, რომელმაც სეტხთან ორთაბრძოლაში მამაზე შური იძია.

ხარსიესესს (ეგვ. Hr-s-Ś.t, „ხორი, ისიდას შვილი“) ოსირისის მითში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ხარსიესესი, რომელსაც ისიდა უკვე გარდაცვლილი ოსირისისაგან ჩაისახავს, იზრდება, ამარცხებს სეტხს, შურს იძიებს მამაზე და ეგვიპტის მეფე ხდება. ხარსიესესთან დაკავშირებული იყო ხარპოკრატოსიც (ეგვ. Hr-p3-hrd, ხორი-ბავშვი). ახალი სამეფოდან მისი კულტი ძალიან პოპულარული ხდება, ბერძნულ-რომაულ დროში კი ის ყველაზე პოპულარული ხალხური ღვთაებაა. მის უამრავ გამოსახულებაში არის ისეთებიც, სადაც სამეფო გვირგვინებით და ურეუსით არის შემკული. ასეთ შემთხვევებში ხარსიესესთან არის გაიგივებული. ამგვარად, თანდათან ხდება მრავალი ხორის კულტის ურთიერთგადაჯაჭვა და შერწყმა, ხორის, როგორც სრულიად ეგვიპტური ღვთაების მდგომარეობა კი უფრო ძლიერდება. მართალია, ოსირისის მითში შეღწევამ გენეალოგიური არეულობა გამოიწვია, რადგან ხორი, როგორც ეგვიპტის ხელმწიფე, რას (და არა ისიდას და ოსირისის) ვაჟი იყო და ამდენად ხორის, ისიდას და ოსირისის ვაჟისაგან (ხარსიესესი) განსხვავებისათვის მას ხაროერისს (ეგვ. Hr-wr, „უფროსი ხორი“) ეძახდნენ, რაც აბსოლუტურად მისაღები იყო ეგვიპტელისათვის, რომელსაც ბევრი მრავალსახიანი ღვთაება ჰყავდა. ხაროერისი XVIII დინასტიიდან არის დაფიქსირებული და ერთგვარად ავლებს ზღვარს ძველ ხორსა და ხარსიესესს შორის. ხაროერისი, სამეფო ტიტულატურის თანახმად, რას შვილი იყო. ტურინის სამეფო პაპირუსში ეგვიპტის უძველეს, ღმერთების დინასტიაში ორივე ხორის მეფობაა დაფიქსირებული, ჯერ „უფროსის“, შემდეგ კი „უმცროსის“. ხორი, როგორც ეგვიპტის ხელმწიფე, ბუნებრივად უნდა ყოფილიყო ორივე ეგვიპტის გამაერთიანებელი. მისი, როგორც ორივე მიწის გამაერთიანებლის სახე, ხარსომტუსი (ეგვ. Hr-sm3-t3wj), ძველი სამეფოდან გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ის XVIII დინასტიიდან არის მოხსენიებული.

ჰელიოპოლისში ხორი ძველ ტექსტში ატუმის შვილად გვევლინება, მაგრამ ის არ გამხდარა ენეადის წევრი, თუმცა აქაც არსებობდა მისი ლოკალური კულტი ხორახტის (ეგვ. Hr-3htj, „ჰორიზონტის ხორი“) სახით. რას კულტის აღზევების შემდეგ მოხდა მისი გაიგივება დღის მზესთან (რა-ხორახტი), და მან რას გამოვლინების ერთ-ერთი სახე მიიღო (Kees, 1980, 152). ხორი იყო ასევე კოსმიური ღვთაება, თავისი ფრთებით მიწაზე გადაფარებული ზეცის სიმბოლო, ცის და სინათლის ღვთაება, რომლის თვალები მზე და მთვარე იყო, რადგან შევარდნისათვის ზეცა ბუნებრივი სამყოფელია. ამგვარად, ხორი, კოსმიური ღმერთი, გადაჯაჭვული სამეფო ძალაუფლებასთან, იყო ასევე მამაზე შურის მაძიებელი, რომელმაც ბრძოლაში მოიპოვა მამის სამეფო ტახტი. ყველა ამ ფუნქციიდან გამომდინარე ხორი იმდენად მნიშვნელოვან მდგომარეობას იხვეჭს, რომ დამწერლობაში მისი შტანდარტზე მოთავსებული გამოსახულება ზოგადად „ღმერთის“ ნიშანი ხდება.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები