ფარაონის გვირგვინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინი

ფარაონის გვირგვინი – ეგვიპტის ფარაონს რამდენიმე გვირგვინი ჰქონდა, რომლებშიც ეგვიპტის ხანგრძლივი და რთული ისტორიაა ასახული.

მაღალი ქუდის მსგავსი თეთრი გვირგვინი წინადინასტიური ზემოეგვიპტური სამეფოს მეფეების გვირგვინი იყო. მას წინადინასტიური, ნულოვანი დინასტიის სამხრეთელი მეფეები ატარებდნენ. მისი სახელები იყო hd.t „თეთრი“ და wrr.t, რაც ითარგმნება, როგორც „ვინც სულ უფრო დიადი ხდება“. თეთრ გვირგვინთან იდენტიფიცირებული იყო ზემო ეგვიპტის მფარველი ქალღმერთი ელ-ქაბიდან, სვავის სახის მქონე ნეხბეტი, რომელსაც ეძახდნენ „თეთრს ელ-ქაბიდან“. სამხრეთის პოლიტიკური გამარჯვება ჩრდილოეთ ეგვიპტეზე ასახულია თეთრი გვირგვინის ეპითეტში „ძლევამოსილი თეთრი“. ფარაონის გარდა, თეთრ გვირგინს ატარებდნენ ღვთაებები ხორი და მინ-ამონი.

ჩრდილოეთ ეგვიპტის წითელი გვირგვინი

ჩრდილოეთ ეგვიპტის წინადინასტიურ მეფეებს ასევე ქუდის მსგავსი, დაბალი წითელი გვირგვინი ჰქონდათ, ძალიან აწეული უკანა ნაწილით, რომელზეც წინ წამოშვერილი, დახვეული მავთულის მსგავსი ელემენტი იყო მიმაგრებული. მისი სახელები იყო dšr.t „წითელი“ და n.t. მეორე სახელი ქალღმერთ ნეიტთან იყო დაკავშირებული. ქვემო ეგვიპტის გვირგვინთან იდენტიფიცირებული იყო ჩრდილოეთ ეგვიპტის მფარველი, კობრას სახის ქალღმერთი უაჯეტი, და ამიტომ ამ გვირგვინს, წითელი ფერის მიუხედავად, ხან „მწვანესაც“ ეძახდნენ. უწოდებდნენ ასევე „დიადს“. ღვთაებებიდან წითელ გვირგვინს ვხვდებით საისის ქალღმერთ ნეიტზე და სეტხზე. სამხრეთის მიერ ჩრდილოეთის დაპყრობის და ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ სამხრეთის და ჩრდილოეთის გვირგვინებიც გაერთიანდა და ერთიანი ეგვიპტის მეფეების გვირგვინი ორივე გვირგვინის კომბინაციას წარმოადგენდა. ამ ორმაგი გვირგვინის სახელები იყო „ორივე ქალღმერთი“, რადგან მასში ნეხბეტი და უაჯეტი იყვნენ შერწყმული, და „დიადი მაგიით“. ღვთაებებიდან ორმაგი გვირგვინით გამოისახებოდნენ ატუმი, რა და ხორი.

გაერთიანებული ეგვიპტის გვირგვინი

ქვემო ეგვიპტეში წინადინასტიურ დროს იყო კიდევ ორი გვირგვინი, რომლებიც ერკემალის და/ან ძროხის რქების და ბუმბულების კომბინაციას წარმოადგენდა. მათი საერთო სახელია შუტ-გვირგვინი (ეგვ.šw.t), რაც ეხმიანება იგივე ჟღერადობის სიტყვას „ბუმბული“. განსხვავება მათ შორის ბუმბულებშია. ერთ მათგანს „ანცტის გვირგვინსაც“ ეძახიან, რადგან ამ გვირგვინის უძველესი გამოსახულება მეცხრე ქვემოეგვიპტური ნომის მფარველი ღმერთის, ანცტის თავზეა დაფიქსირებული. ერკემლის და ძროხის რქების კომბინაციას აქ სირაქლემას ორი ბუმბული ამშვენებს.

მეორე შუტ-გვირგვინს წინადინასტიურ ჰელიოპოლისს უკავშირებენ. აქ რქებზე შევარდნის კუდის ბუმბულებია მოთავსებული. დინასტიურ ეგვიპტეში ეს გვირგვინები ყველაზე ადრე მეოთხე დინასტიის ფარაონის, სნოფრუს მეფობის დროს არის დაფიქსირებული. განსაკუთრებით ხშირია შუტ-გვირგვინი პტოლემაიოსების დროს, როცა მან ძალიან რთული სახე მიიღო: ის ჩვეულებრივ მზის დისკოებით და რამდენიმე ურეუსით არის დამშვენებული. ღვთაებებიდან ეს გვირგვინი გვხვდება პტახზე, ონურისზე, ამონ-რაზე, ხორზე და სობეკზე.

შუტ-გვირგვინი

ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ზემო და ქვემო ეგვიპტის სამეფო ინსიგნიების კიდევ ერთი კომბინაცია შედგა – შეიქმნა ე.წ. ატეფ-გვირგვინი, რომელიც შუტ-გვირგვინის და თეთრი გვირგვინის მსგავსი ზემო ეგვიპტის გვირგვინის (ე.წ. „ლერწმის გვირგვინის“) კომბინაციას წარმოადგენს. ატეფ გვირგვინში ლერწმის გვირგვინი შუტ-გვირგვინის რქებზეა მოთავსებული და მას ორი მხრიდან ბუმბულებიც ამშვენბს. მისი უძველესი გამოსახულება მეოთხე დინასტიით არის დათარიღებული. შუა სამეფოდან ატეფ-გვირგვინის ფორმა თანდათან იცვლება – რქებზე და/ან მწვერვალზე მზის დისკოს გამოსახულება ჩნდება, „ლერწმის გვირგვინის“ ადგილს კი თეთრი გვირგვინი იკავებს. ატეფ-გვირგვინი ღმერთების გვირგვინი იყო. განსაკუთრებით ხშირად ატეფ-გვირგვინით ოსირისი გამოისახებოდა. მას ასევე ატარებდნენ ხორი, რა, ამონი, სობეკი, პტახი, ხორსაფესი, მინი, ხატხორი, ისიდა. მეფეებიდან პირველად ატეფ გვირგვინი დაიდგა ხატშეპსუტმა (XVIII დინასტია), რის შემდეგ მისი გამოსახულებები ფარაონებზე ჩვეული გახდა. XVIII დინასტიიდან სიტყვა „ატეფი“ იძენს „გვირგვინის დასხმის“ მნიშვნელობას, თუმცა თვითონ სიტყვა „ატეფის“ მნიშნელობა ბუნდოვანია.

ლურჯი გვირგვინი

ლურჯი ხეპერეშ-გვირგვინი პირველად ახალი სამეფოს დროს გამოჩნდა, მაგრამ შემდეგ თითქმის ყველა გვირგვინზე უფრო ხშირად გვხვდება. ლურჯ გვირგვინს ხშირად ატარებდა ახალგაზრდა ფარაონი, განსაკუთრებით როცა ქალღმერთებთან ერთად იყო გამოსახული, ამიტომ ითვლება, რომ მასთან განახლება და ნაყოფიერება იყო დაკავშირებული. თუმცა, თითოეული გვირგვინის კონკრეტული დანიშნულება ბუნდოვანია, რადგან ერთი და იმავე საქმიანობისას (მაგ. მტრების დამარცხების სცენებში) სხვადასხვა ფარაონი შეიძლება სხვა- გასხვავებული გვირგვინით იყოს გამოსახული.

ახალი სამეფოდან (პირველად დაფიქსირებულია თოტმეს III-ს ხეპერეშ-გვირგვინზე ჩნდება უკან მიბმული ორი ლენტი. თანდათან მათი ხეპერეშ-გვირგვინთან ხმარება ხშირდება. ეხნატონთან ისინი წითელ გვირგვინზეც ჩნდება, ხორემხებთან თეთრ გვირგვინზეც. ბოლო გვრგვინი, რომელზეც ეს ატრიბუტი თავს იმკვიდრებს, ორმაგი გვირგვინია (სეტი I). მათი დანიშნულება ბუნდოვანია.

ჰემჰემ-გვირგვინი
ბერძნული პერიოდიდან ჩნდება ე.წ. ჰემჰემ-გვირგვინი. ის წარმოადგენს სამი ატეფ-გვირგვინის კომბინაციას. სამივე წვერზე ზის ხორი, რომელსაც თავის მხრივ მზის დისკოები ადგას თავზე.

დედოფლის გვირგვინი წარმოადგენდა ნეხბეტის ფრინველის სახის ქუდს, რომლის ფრთები ყურებზე იყო ჩამოშვებული. გვირგვინს მაღალი რქები და სირაქლემას ბუმბულები ამშვენებდა. ერთ-ერთი ტექსტის თანახმად, გარკვეულ ქურუმს ევალებოდა გვირგვინის (ამ შემთხვევაში თეთრი გვირგვინის) ყოველდღე დამზადება. ამის საფუძველზე არსებობს ვარაუდი, რომ სამეფო გვირგვინები ტილოს, ტყავის ან თექის მსგავსი ქსოვილებისაგან მზადდებოდა. როგორც ჩანს ეგვიპტელები, რომლებიც თითქმის ყველაფერში მარადიულობასთან აპელირებდნენ, არ განიხილავდნენ სამეფო გვირგვინებს ასეთი კუთხით და ისინი წარმავალი მასალისაგან მზადდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის არქეოლოგიურად არ არის მოძიებული (პრაქტიკულად ხელუხლებელ ტუტანხამონის სამარხშიც კი) არც ერთი სამეფო გვირგვინი. მიუხედავად იმისა, რომ გვირგვინები წარმავალი მასალისაგან მზადდებოდა, ეგვიპტელებს სწამდათ, რომ მათში ღვთაებები (ნეხბეტი და ეჯო) იყვნენ ინკორპორირებული და სამეფო დიადემებს ჰიმნებს უწერდნენ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები