რა
რა – (ძვ,ბერძ. Ῥα; ლათ. Ra), გაღმერთებული ციური მნათობი, ეგვიპტის ყველაზე დიდი ღვთაება.
რას კულტის ცენტრი იყო ქალაქი იუნუ ჩრდილოეთ ეგვიპტეში, რომელსაც ბერძნებმა ჰელიოპოლისი დაარქვეს. ჰელიოპოლისის კოსმოგონიური სისტემის (ენეადის) უძველესი დემიურგი ხტონიური ატუმი იყო, მაგრამ თანდათან აქ რას კულტის აღზევება დაიწყო. ეს პროცესი ეგვიპტური რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და (არქეოლოგიური და ლინგვისტური მასალის სიმცირის გამო) ერთ-ერთი ბუნდოვანი საკითხია.
„რა“ ეგვიპტურად ნიშნავს „მზეს“. თავისი შინაარსით სიტყვა ეგვიპტური ენის ერთ-ერთი უძველესი სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ მისი ფუძის იდენტიფიცირება რომელიმე ეგვიპტურ სიტყვასთან ვერ ხერხდება. მზის რელიგია V დინასტიიდან ეგვიპტის ოფიციალური რელიგია ხდება, მაგრამ მზის ბარკები I დინასტიის სამარხებში მიუთითებს სოლარული კულტის არსებობაზე უკვე ამ დროს. I დინასტიით თარიღდება ასევე მზის ფრთოსანი დისკოს უძველესი გამოსახულება სპილოს ძვლის სავარცხელზე (Petrie, 1925, p.XII.5; II.6; Bissing, 1929, 112). მზის დისკო ნომის ერთ-ერთი უძველესი ემბლემაა (ნაპოვნია გერზეულ ფენაში, რის გამოც ითვლება, რომ მზის დისკოს შემოქმედებითი ძალით დაჯილდოება ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეპოქაში მოხდა). ფარაონის სახელში კომპონენტი „რა“ პირველად II დინასტიაში ჩნდება (ნებრა, ეგვ. Nb-R შეიძლება ითარგმნოს, როგორც „რას ბატონი“, ან „რა ბატონია“). IV დინასტიას მოაქვს უდიდესი ცვლილება, როცა ფარაონის ტიტულატურაში ჩნდება ელემენტი „რას ვაჟიშვილი“, რომელიც V დინასტიიდან უკვე ტიტულატურის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ფარაონი, რომელიც აქამდე ქვეყნის უზენაეს ღვთაებად იყო აღიარებული, სხვა ღვთაების შვილად ცხადდება.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ პირამიდების ზომის საოცარი ზრდა III-IV დინასტიების დროს მიუთითებს ბრძოლაზე ფარაონსა და რას შორის ქვეყნის უზენაესი ღვთაების ტახტისათვის, რომელიც რას გამარჯვებით დასრულდა. V დინასტიის დროს, როცა მზის რელიგია უკვე სახელმწიფო რელიგია ხდება (მან ეს მდგომარეობა პრაქტიკულად ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებამდე შეინარჩუნა), პირამიდები ერთბაშად იკლებს ზომაში და იწყება ახალი ტიპის ტაძრების – მზის ტაძრების შენება. ეს ტრადიცია მხოლოდ V დინასტიის დროს გვხვდება და შემდეგ აღარ მეორდება.
რას სიდიადე მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისი მრავალსახოვნება იყო. ჰელიოპოლისის კოსმოგონიის უძველესი დემიურგი იყო ატუმი – უძველესი ტრადიციების მქონე ხტონიური ღვთაება. რას აღზევების შემდეგ მას ბუნებრივად უნდა დაეკავებინა ატუმის ადგილი, მაგრამ ეგვიპტეში ეს შეუძლებელი იყო. რამ მხოლოდ „შეავიწროვა“ ატუმი, მოხდა ორი ღვთაების შერწყმა რა-ატუმის სახით და რა ჰელიოპოლისის კოსმოგონიაში მკვიდრდება, როგორც სამყარის შემოქმედი. ამ პროცესმა ხტონიური ატუმის სოლარიზაცია გამოიწვია და ეს უძველესი დემიურგი რას ერთ-ერთი სახე გახდა, რამ კი შეიძინა ატუმისათვის დამახასიათებელი მდედრობითი და მამრობითი თვისებები: „N რას ჩასახულია, როცა ის ამოდის და მიემართება ზეცისაკენ, N რას შობილია, როცა ის ამოდის და მიემართება ზეცისაკენ“ (PT 539, 1316c).
ერთ-ერთი უძველესი ციური და სოლარული კულტი დაკავშირებული იყო ხორთან, ურთულეს სინკრეტულ ღვთაებასთან, რომელმაც უკვე უძველეს დროში მრავალი ლოკალური შევარდნის კულტი „შთანთქა“. დღეს ძნელია იმის თქმა, თუ როდის მოხდა სამეფო ძალაუფლების დაკავშირება ხორთან, მაგრამ უკვე პირველი დინასტიის ფარაონები ითვლებოდნენ ხორის განსახიერებად დედამიწაზე. ჰელიოპოლისის ქურუმებმა ხორის ერთ-ერთი ფორმა (ხორახტი, „ჰორიზონტის ხორი“) ასევე რას დაუკავშირეს: „შენ გაიარე შენი გზა დილის ცაში რა-ხორახტის კვალზე“ (PT 1049a).
ძველი სამეფოს დროს რამ შეისისხლხორცა კიდევ ერთი უძველესი ღვთაება სკარაბეოსის სახის ხეპრი, რომელიც „რამედ გახდომასთან“, „წარმოშობასთან“ (becoming) იყო დაკავშირებული. ხეპრი გახდა რას სახე. რა ევლინებოდა სამყაროს ხეპრის სახით ყოველ გარიჟრაჟზე, როცა ღამის საათებში მიწისქვეშეთის ურჩხულებთან ბრძოლის შემდეგ განახლებული მოევლინებოდა სამყაროს. ეს მომენტი უმნიშვნელოვანესი იყო ეგვიპტელისათვის, რადგან სამყაროს შექმნის ყოველდღიურ გამეორებად იყო მიჩნეული. თანდათან ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ რა დილით ამოდის ცაზე ხეპრის სახით, დღის განმავლობაში ბრწყინავს რას (ან რა-ხორახტის) სახით და საღამოს ჩაესვენება ჰორიზონტზე ხანდაზმული მამაკაცის სახით, როგორც ატუმი. ამგვარად, უკვე ძველი სამეფოს პერიოდში ჰელიოპოლისში ჩამოყალიბდა რთული, მრავალი სახის მქონე სოლარული ღვთაება, და მის ნამდვილ არსებას მხოლოდ ამ სიმრავლის ერთობა წარმოადგენდა. შედეგად, ერთ ღვთაებაში რამდენიმე განსხვავებული ღვთაების თვისება შეირწყა – უძველესი ხტონიური დემიურგის, ატუმის, რომელსაც პირველყოფილ ბორცვთანაც კი აიგივებდნენ; ხეპრის, რომელსაც წარმოქმნის, გაახალგაზრდავების უდიდესი პოტენცია ჰქონდა; კოსმიური რას და ხორის, რომელთანაც ქვეყნის უმაღლესი ძალაუფლება ასოცირდებოდა. ასეთი ერთობით ეგვიპტეში შეიქმნა უნივერსალური ღმერთის იდეა, რომელიც ერთდროულად იყო სამყაროს და წესრიგის შემოქმედი და პოლიტიკური ძალაუფლების წყარო.
უმნიშვნელო ადგილი ეკავა რას საიქიო სამყაროსთან მიმართებაში. პირამიდების ტექსტებიდან გამომდინარე, ფარაონი იყო ხორი, რას შვილი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ზეცაში, მამასთან უნდა აღზევებულიყო. V-VI დინასტიებიდან თანდათან ძალას იკრებს ოსირისის კულტიც, რომელმაც მალე მოიხვეჭა საიქიო სამყაროს ბატონის მდგომარეობა. ადრე ეგონათ, რომ რას და ოსირისის უკან იდგა საიქიო სამყაროს ორი განსხვავებული ხედვა, რომლებიც პირამიდების ტექსტებში გადაიჯაჭვა, მაგრამ უახლესმა კვლევებმა გამოაჩინა, რომ ორივე გარდაცვალების შემდეგ მარადიული არსებობის ერთსა და იმავე წარმოდგენას ეკუთვნის. მარადიულობის მისაღწევად გარდაცვლილის სული ახად (ეგვ. 3h) უნდა გარდასახულიყო. პირამიდების ტექსტების, ისევე, როგორც მომდევნო პერიოდების მიცვალებულთა ტექსტების ძირითად დანიშნულებას სწორედ ამ გარდასახვის პროცესში მიცვალებულის „დახმარება“ წარმოადგენდა (მათ ეგვიპტურ ენაში „shw,“, „ახად გარდამსახველები“ ერქვათ). ამ გარდასახვის წყარო, ეგვიპტელთა წარმოდგენით, ორ ღვთაებაში – რასა და ოსირისში იყო ინკორპორირებული. რა სიცოცხლის პირველადი (სამყაროს შექმნისას) და ყოველდღიური წყარო იყო. ყოველ დილას ის თავიდან იბადებოდა, როგორც ხეპრი, და შესაძლებელს ხდიდა სიცოცხლეს მიწაზე. მისი ყოველდღიური მოგზაურობა ზეცაში აღიქმებოდა, როგორც მოგზაურობა დაბადებიდან სიკვდილისაკენ, და მისი ხელახალი დაბადება მხოლოდ ოსირისის საშუალებით იყო შესაძლებელი, რომელიც წარმოიდგინებოდა, როგორც ახალი სიცოცხლის ძალა. გარდაცვლილთა ლიტერატურის ნაწარმოებთა კულმინაციას წარმოადგენდა მომენტი, როცა შუაგულ ღამეში რას სხეული ოსირისის სხეულს უერთდებოდა. ამ ერთობის წყალობით რა ახალ სასიცოცხლო ძალას იძენდა, ოსირისი კი მზის სხეულში თავიდან იბადებოდა.
პირველი გარდამავალი პერიოდიდან, როცა ეგვიპტის ახალ გამაერთიანებლებთან თებეს ნომარქებთან ერთად აღზევდა იქამდე უცნობი თებე, და მათი ღმერთი – ამონი, იდუმალი ჰაერის ღმერთი, უკვე ამონის აპოლოგეტების წყალობით მოხდა ამონის შერწყმა რასთან, რის შედეგად სოლარული ღვთაება კვლავ ახალი ძალებით შეივსო და კიდევ უფრო გაძლიერდა. ომის მოყვარული ამონ-რას კურთხევით იბრძოდნენ ახალი სამეფოს ფარაონები თავიანთი იმპერიის შესაქმნელად. რა გამოისახებოდა უფრო ხშირად შევარდნის თავით და თავზე მზის დისკოთი. ღამის მოგზაურობების დროს მას ხშირად ვერძის თავით გამოსახავდნენ. რასთან ასოცირდებოდა ასევე ჰელიოპოლისის საკრალური მნევისის ხარი, რომელიც შავი ფერის უნდა ყოფილიყო და გამოისახებოდა მზის დისკოთი რქებს შორის.