პირამიდების ტექსტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირამიდების ტექსტები – ეგვიპტიდან შემონახული უძველესი რელიგიური ტექსტების კრებული. აღმოაჩინა 1880 წ. ფრანგმა ეგვიპტოლოგმა გ. მასპერომ პეპი I-ის (VI დინასტია) პირამიდის სარკოფაგის კამერაში, და ცოტა მოგვიანებით უნისის (V დინასტია), ტეტის, მერენრას და პეპი II-ის (VI დინასტია) პირამიდებში. 1920-1936 წწ. მათ დაემატა შვეიცარიელი მეცნიერის, გ. ჟეკიეს მიერ პეპი II-ის დედოფლების უჯებტენის, ნეიტისა და იპუტ II-ის, ასევე VIII დინასტიის ფარაონის, იბის პირამიდებში აღმოჩენილი კორპუსები. 2000 წ. ეგვიპტოლოგიის VIII საერთაშორისო კონგრესზე კაიროში გაცხადდა ახალი (პეპი I-ის დედოფლის, ანხესენპეპი II-ის) პირამიდის აღმოჩენის შესახებ, რომელშიც ასევე ნაპოვნია ტექსტები. შესაბამისად, დღეისათვის ცნობილი პირამიდების ტექსტები ქრონოლოგიურად მოიცავს დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2353-2107 წწ. ისინი ჯერ ფარაონების, ცოტა მოგვიანებით კი დედოფლების პირამიდებში ჩნდება.

შუა სამეფოს ფარაონების პირამიდებში ტექსტები აღარ თავსდებოდა, მაგრამ ძველი სამეფოს დასასრულიდან ისინი გვხვდება არასამეფო წარმოშობის ეგვიპტელების სამრხებში კედლებზე, სარკოფაგებზე, კანოპეზე, პაპირუსებზე, სტელებზე. ამ დროიდან ხმარებაში შემოდის ასევე ტექსტების რედაქტირებული ვარიანტი, რომელიც დღეს „სარკოფაგების ტექსტების“ სახელით არის ცნობილი, მაგრამ თვითონ პირამიდების ტექსტები ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებამდე გამოიყენებოდა.

1932 წელს ლიშტის ნეკროპოლისში, XII დინასიტიის ფარაონის, სენუსერტ I-ის პირამიდის სიახლოვეს, ერთ-ერთი დიდებულის (სენუსერტ-ანხის) სამარხის კედლებზე უნისის პირამიდ ის ტექსტების თითქმის უცვლელი ვარიანტი იქნა მოძიებულ. ხშირია ისინი ახალი სამეფოს დიდებულების სარკოფაგებზეც. პირამიდების ტექსტების კორპუსი, რომელიც განსხვავებული სიგრძის, შინაარსის და დანიშნულების გამონათქვამებისაგან შედგება, ამოკვეთილი იყო პირამიდის მიწისქვეშა კამერების და დერეფნების კედლებზე ვერტიკალურ სვეტებად. უნისის პირამიდაში მათ მხოლოდ სარკოფაგის კამერაში ვხვდებით (დასავლეთი კედლის გარდა, მაგრამ თანდათან ისინი ვრცელდება ფარაონის სარკოფაგზე, სარკოფაგის კამერის მიმდებარე ოთახის და შესასვლელი კორიდორის კედლებზე. იეროგლიფები მწვანედ იყო შეფერილი, ამ ფერს ეგვიპტელი აღდგომას და განახლებას უკავშირებდა. 355-ე გამონათქვამის გარდა („ზეცის ორმაგი კარიბჭის გახსნა“), გამონათქვამები არ არის დასათაურებული, მაგრამ თითოეულ მათგანს წინ უძღვის ფრაზა „სიტყვები წარმოსათქმელად“ (უნისის პირამიდაში ეს ფრაზა ერთხელ არის მოთავსებული მთელი კორპუსის წინ) და ასრულებს „სახლის“ ნიშანი, რომელიც ეგვიპტურად ჩვენი „თავის“ ან „ნაკვეთის“ შესაბამისიც არის.

გამონათქვამების თანმიმდევრობა დღემდე არ არის დადგენილი. კამათი მიმდინარეობს იმაზეც, ისინი ფარაონის დაკრძალვის დროს გამოიყენებოდა თუ გარკვეული რიტუალის დროს პირამიდის შიგნით. ქრონოლოგიურად ცალკეული გამონათქვამები ასევე არ არის ერთგვაროვანი. ზოგიერთ გამონათქვამებში მოხსენიებულია ქვიშაში დამარხვის ტრადიცია (PT 662), რასაც წინადინასტიურ პერიოდამდე მივყავართ, არის გამონათქვამები აგურის სამარხზე (PT 355), რაც I-II დინასტიებზე მიუთითებს. გამონათქვამები პირამიდის დასაცავად (PT 600-601) უდავოდ პირამიდების ეპოქაშია შექმნილი. ტექსტების ენა ზოგადად არქაულია, თითქოს „დაძველებულიც“ თანადროულ ტექსტებთან შედარებით. თუმცა ყოველ შემდეგ პირამიდაში ზოგიერთი გამონათქვამი დამატებული ან შეცვლილია, ეს არის ერთი კორპუსი, რომელიც თითქოს კიდევ უფრო დიდი კორპუსის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც გარკვეული გამონათქვამები გარკვეული მიზნით იყო შერჩეული.

რიტუალური გამოათქვამები, რომლებიც ჩვეულებრივ გარდაცვლილისადმია მიმართული და ამდენად, მეორე პირშია შედგენილი, შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს: მსხვერპლშესაწირის და ინსიგნიების, აღდგომის და დილის რიტუალები.

მსხვერპლშესაწირის და ინსიგნიების რიტუალების ტექსტები, რომლებიც პირამიდებში ჩვეულებრივ ერთ რიტუალად არის გაერთიანებული, სარკოფაგის კამერის ჩრდილოეთ კედელზე თავსდებოდა. ის წარმოადგენდა დიდი ტრაპეზისათვის სამზადისს, რომელიც ლიბაციით იწყებოდა და პირის გაღების რიტუალსაც მოიცავდა. ამას მოჰყვებოდა გარდაცვლილისათვის სამეფო ტანისამოსის და რეგალიების გადაცემა, რის შემდეგაც ის ღმერთების წინაშე უნდა წარმდგარიყო. აღდგომის რიტუალის დახმარებით, რომელიც სარკოფაგის კამერის სამხრეთ კედელზე თავსდებოდა, გარდაცვლილის სული უნდა განთავისუფლებულიყო სხეულთან და მიწასთან კავშირისაგან, რომ შეძლებოდა გამგზავრება ღმერთებთან შესაერთებლად. დილის რიტუალში ასახულია ის ცერემონიები, რომლებიც თან ახლდა ფარაონის გაღვიძებას, ჩაცმას და დანაყრებას სიცოცხლის დროს. პირამიდებში ის სხვადასხვა კამერაში, მაგრამ ყოველთვის აღმოსავლეთ კედელზეა მოთავსებული.

გამონათქვამები, რომლებიც პირველ პირშია შედგენილი, ნაკლებად რიტუალური ხასიათისაა. ისინი წარმოადგენს გარდაცვლილის მიმართვას ღმერთებისადმი. მათი დახმარებით გარდაცვლილის სული ყოველ დილას უნდა გამოსულიყო სამარხიდან, რომ დღე ღმერთებს შორის გაეტარებინა. თუმცა პირამიდების ტექსტებში სხვა კოსმოგონიებიც მოიხსენიება, ძირითადად ისინი ჰელიოპოლისის კოსმოგონიური სისტემით არის გაჟღენთილი და მათ ძირითად თემას გარდაცვლილის ორ ღმერთთან – ოსირისთან და მზესთან კავშირი წარმოადგენს. მზე ეგვიპტელისათვის სიცოცხლის ყოველდღიური წყარო იყო. მზის ყოველდღიურ გადანაცვლებას ზეცაში ეგვიპტელები წარმოიდგენდნენ, როგორც მგზავრობას დაბადებიდან სიკვდილისაკენ, და მისი ხელახალი დაბადება ყოველ დილას შესაძლებელი იყო მხოლოდ ოსირისის წყალობით, რომელიც ეგვიპტელისათვის ახალი სასიცოცხლო ძალის მომცემი იყო, თუმცა თვითონ მას მუმიის სახე ჰქონდა და იმქვეყნიურ სამყაროზე ბატონობდა. თავისი ღამის მოგზაურობის დროს, მზე რაღაც მომენტში ერწყმოდა ოსირისს და მისგან ახალ სასიცოცხლო ძალას იღებდა, რის შემდეგ, ყოველ დილას, თავიდან იბადებოდა. ეგვიპტელის წარმოდგენით, მარადიული არსებობა იმქვეყნიურ სამყაროში მხოლოდ ასეთი ციკლიური განახლების გზით იყო შესაძლებელი. რას მსგავსად, გარდაცვლილის სული (მისი ბა) ყოველ ღამით უნდა შეერთებოდა თავის მუმიას, რომ მისგან ახალი სასიცოცხლო ძალა მიეღო, და რადგან გარდაცვლილის სული გადანაცვლება მზის ციკლთან იყო დაკავშირებული, ის რა თანამგზავრად იყო წარმოდგენილი.

პირამიდების ტექსტების ძირითად დოქტრინას გარდაცვლილის სულის სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ ყოველდღიური სწრაფვა წარმოადგენდა, თვითონ ტექსტების დანიშნულება კი იყო დახმარება ამ სწრაფვის განხორციელებაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც პირამიდების ტექსტების შემქმნელებს ფარაონი იმქვეყნიურ სამყაროში რას თანამგზავრად ჰყავდათ წარმოდგენილი, მათ ასტრალური, სელესტიალური საიქიოს რწმენა ჰქონდათ, რაც შემდგომში იცვლება, როცა ოსირისი მიწისქვეშეთის მეფე ხდება.

პირამიდების ტექსტებში მოხსენიებულია მრავალი ღმერთი და სხვადასხვა კოსმოგონიური სისტემა, ასევე ოსირისის მითის ყველაზე ძველი ვარიანტი, და ამდენად, ისინი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს ძველი სამეფოს ეგვიპტის რელიგიური აზროვნების შესასწავლად. იმავდროულად, დახვეწილი ენის და ლიტერატურული ფორმის გამო ისინი ეგვიპტური ლიტერატურის უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული. ორიგინალური ეგვიპტური ტექსტების საუკეთესო გამოცემად დღემდე მიჩნეულია კ.ზეტეს გამოცემა, რომელიც უნისის, ტეტის, პეპი I-ის, მერენრას და პეპი II-ის პირამიდების ტექსტებს ეყრდნობა და 714 გამონათქვამს მოიცავს (Die altägyptischen Pyramidentexte, nach den Papierabdrücken und Photographien des Berliner Museums, neu herausgegeben und erläutert von Kurt Sethe, Bds. I-III, Hildesheim, 1960).


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები