პეპი II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არასრულწლოვანი პეპი II

პეპი II – ეგვიპტის VI დინასტიის ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2246-2152 წწ.) ტახტზე დაახლ. ექვსი ან რვა წლის ასაკში ავიდა და თითქმის ას წლამდე იცოცხლა, ასე რომ მისი მეფობა ყველაზე ხანგრძლივია არა მარტო ეგვიპტის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერები მას 64 წლის მეფობას „მაინც“ მიაწერენ (Verner, 2001, 341).

პეპის მეფობის დასაწყისში მისი დედა, ანხესენმერირა II რეგენტის მოვალეობას ასრულებდა, მისი ძმა და პეპის ბიძა, დაუ კი ვეზირის. პეპის მეფობის მეორე წლით დათარიღებული წერილში, რომელიც მან მისწერა თავის მოხელეს, ხარხუფს (მან პეპის ნუბიიდან (იამიდან) მოცეკვავე პიგმეი ჩამოუყვანა), ფარაონის ჯერ კიდევ ბავშვური ბუნება ჩანს. ხარხუფმა, რომელიც წინა ორი ფარაონის დროსაც მსახურობდა, პეპის მეფობის დროს ნუბიაში თავისი მეოთხე ექსპედიცია ჩაატარა. მისი წარწერები შემონახულია სინაის მაღაროებთან. კიდევ ერთი მოხელის, პეპინახტის (მეტსახელად ხეკაიბის) ავტობიოგრაფიაში მოთხრობილია მის მიერ ნუბიაში ჩატარებული ორი ექსპედიციის და აზიაში (სავარაუდოდ ბიბლოსის მიდამოებში) სამხედრო რეიდის შესახებ. აზიიდან მას უნდა ჩამოეტანა ქარავნის უფროსის სხეული, რომელიც ხელმძღვანელობდა გემების აგებას პუნტში გასამგზავრებლად, მაგრამ მოკლული იქნა. ნუბიაში ექსპედიციების შესახებ მოთხრობილია კიდევ ერთი მოხელის, სებნის ავტობიოგრაფიაში.

მიუხედავად ასეთი აქტიურობისა მეფობის დასაწყისში, მეფობის ოცდამეცამეტე წლის შემდეგ ცნობები პეპის მეფობაზე წყდება, რაც ალბათ შემთხვევითი არ არის, რადგან მისი მეფობის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნათლად შეიმჩნევა დეცენტრალიზაციის ტენდენციები. ნომარქები უკვე გამიყურებიან, როგორც პატარა სუვერენები თავიანთ ნომებში, რომლებსაც ფარაონისაგან დამოუკიდებლად მართავენ და ხშირად თავიანთი ლოკალური ღვთაებების უმაღლესი ქურუმების თანამდებობებიც უკავიათ. ბედის ირონიით, დეცენტრალიზაციის პროცესი სამხრეთ ეგვიპტიდან დაიწყო, რომლის მეფეებმაც, უკვე მრავალი საუკუნით ადრე, ერთიანი ეგვიპტური სახელმწიფო შექმნეს. ერთ-ერთი დიდგვაროვანის წარწერაში აღწერილია მდგომარეობა ქვეყანაში: თავის ნომებში ნომარქები ბატონობენ, მიწები მიიტაცეს გლეხებმაც, ხშირია შეტაკებები გლეხებს და დიდებულებს და თვითონ ნომარქებს შორის. ფარაონის მიწებზე მომუშავე გლეხებმაც დაიტაცეს ეს მიწები და თავიანთ საკუთრებად გადააქციეს. ქვეყანაში მძვინვარებს შიმშილი, რადგან ერთიანი საირიგაციო სისტემა, რომელსაც ცენტრალიზებული მოვლა სჭირდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა.

პეპი II-ის გარდაცვალების შემდეგ მოხსენიებულია ვინმე ნეფერკარას მეფობა (ტურინის პაპირუსის მიხ. მისმა მეფობამ ერთ წელს და ერთ თვეს გასტანა), რომელიც მოკლული იქნა. მის შემდეგ ტახტზე ადის დედოფალი ნიტოკრისი (რამდენიმე თვის მეფობით). მისი ბედი უცნობია. ქვეყანაში დაიწყო ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც პირველი გარდამავალი პერიოდის სახელით არის ცნობილი (Helck, 1968, 77-78). პეპის პირამიდა, რომელიც მან სამხრეთ საქქარაში აიგო, მისი მეფობის მეთერთმეტე წელს დასრულდა. ის მნიშვნელოვანია ეგვიპტის არქიტექტურის ისტორიისათვის, რამდენადაც წარმოადგენს უკანასკნელ პირამიდას, რომელიც ძველი სამეფოს კანონების მიხედვით არის აგებული. ფარაონის პირამიდის სიახლოვეს მისი დედოფლების – ნეიტის, იპუტ II-ის და უჯებტენის პირამიდები მდებარეობს. ყველა მათგანის კედლებზე პირამიდების ტექსტებია მოთავსებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები