სინაი (ნახევარკუნძული)
სინაი – (ეგვ. Htjw). როგორც ძვირფასი ნედლეულის წყარო, სინაის ნახევარკუნძული ყოველთვის ეგვიპტის ინტერესების სფეროში იყო მოქცეული. ჯერჯერობით მოძიებული უძველესი წარწერები სინაიზე ეკუთვნის III დინასტიის ნაკლებად ცნობილ ფარაონს სანახტს და მის შემდეგ, მცირე შესვენებებით შიდააშლილობის პერიოდებში, სინაის აღმოსავლეთი ნაწილი ეგვიპტის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მრავალი წარწერა ვადი მაგარას მიდამოებში გვამცნობს, რომ აქაურ მაღაროებში ინტენსიურად ხდებოდა სპილენძის მოპოვება ძველი სამეფოს დროიდან. სერაბიტ-ელ-ქარგადან მოჰქონდათ ფირუზი და მალაქიტი. აქ განსაკუთრებით გავრცელებული იყო ხატხორის კულტი, რომელიც აქაურ ტაძარში „ფირუზის ქალბატონად“ არის მოხსენიებული. სინაის ნახევარკუნძული მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული, რომლებსაც ეგვიპტე მუდმივად ებრძოდა, მაგრამ ეს მცირე მასშტაბის სამხედრო კამპანიები არ უშლიდა ხელს ეგვიპტელების მიერ მაღაროების აქტიურად დამუშავებას. უკანასკნელი ეგვიპტელი ფარაონის წარწერა სინაიზე რამსეს VI-ს ეკუთვნის.