პეპი I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეპი I

პეპი I – (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 2289-2255 წწ.) სავარაუდოდ ეგვიპტის VI დინასტიის პირველი ფარაონის, ტეტის და V დინასტიის ბოლო ფარაონის, უნისის ქალიშვილის, იპუტის ვაჟი იყო.

მანეთონი და ტურინის მეფეთა სია პეპის ორმოცდაათი წლის მეფობას მიაწერს, მაგრამ სავარაუდოდ მან დაახლ. 40 წელი იმეფა. თუ უსერკარა, რომელიც ტეტის და პეპის შორის მეფობდა, უზურპატორი იყო (ზოგიერთი მეცნიერი მის მეფობას არც აღიარებს), პეპი I-ის მომხრეებმა შეძლეს მისი მოშორება და პეპის ტახტზე აყვანა. მაგრამ მისი ტახტზე ასვლის შემდეგ ადგილი ჰქონდა შეთქმულებას, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი ცოლი ედგა სათავეში. ამის შესახებ გვატყობინებს თავის ავტობიოგრაფიაში მოხელე უნი, რომელიც სამი მეფის – ტეტის, პეპი I-ის და მერენრას დროს მსახურობდა. ადამიანისთვის ბუნებრივი სისუსტით უნი გვამცნობს, რომ მეფე ენდობოდა მას, როგორც არავის, და ამიტომ მან (ის დანიშნული იყო მოსამართლედ ნეხენში) მარტო ჩაატარა ლეგალური პროცედურა (სავარაუდოდ, დაკითხვა), როცა აღიძრა ეჭვები დედოფალ იმტესის წინააღმდეგ. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პეპის მკვლელობის მცდელობასთან მისი ერთ-ერთი დედოფლის მიერ, რომელსაც, სავარაუდოდ, ტახტზე თავისი შვილის აყვანა უნდოდა.

მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, პეპი, როგორც ჩანს, საკმაოდ ენერგიული ფარაონი იყო, მისი მშენებლობებიდან შემორჩენილია ნაშთები აბიდოსში, ელეფანტინაზე, დენდერაზე, ბუბასტისში და ჰიერაკონპოლისში (ჰიერაკონპოლისში აღმოჩენილია მისი ნატურალურ ზომაში შესრულებული სპილენძის ქანდაკებაც). ის აგზავნიდა ექსპედიციებს სინაის მაღაროებში, პალესტინაში, ნუბიაში, და ებრძოდა ბედუინებს, სავარაუდოდ სინაიზე. მისი წარწერები (მათ შორის მისი ხებსედის აღმნიშვნელი) აღმოჩენილია სინაიზე, ვადი ჰამამატთან და ჰატნუბის სამტეხლოებთან.

მეფობის დაახლოებით ბოლო მესამედში პეპიმ ცოლად შეირთო აბიდოსის დიდგვაროვანის, ხუის ორი ქალიშვილი. როგორც ჩანს, ორივე დას ქორწინების შემდეგ სახელები გადაარქვეს (მათ ორივეს ერქვა ანხენესმერირა, ეგვ. nh-n-s Mrj-R „მერირა ცხოვრობს მისთვის“. მერირა პეპის მეორე, სატახტო სახელი იყო). არჩევანის აბიდოსის ოჯახზე შეჩერება უდავოდ გამოწვეული იყო ფარაონის სურვილით, აღდგენილიყო დასუსტებული კავშირი სამეფო კარს და შუა და სამხრეთ ეგვიპტეს შორის, სადაც ძალიან გავლენიანი არისტოკრატიული ფენა ჩამოყალიბდა. იმავდროულად, ამ ქორწინებაში ჩანს სასახლის შეთქმულების გამოძახილი, რადგან სწორედ აბიდოსელი დედების შვილები გახდნენ შემდეგში პეპის მემკვიდრეები. ანხესენმერირა I იყო მერენრას, ანხესენმერირა II კი პეპი II-ის დედა. პეპი II-ის დედოფალი ნეიტი ასევე ანხესენმერირა I-ის ქალიშვილი იყო. მათი ძმა დიაუ იყო ვეზირი მერენრას და პეპი II-ის დროს. თავისი საკმაოდ მოკრძალებული ზომის პირამიდა (კედლის სიგრძე – 76 მ., სიმაღლის გაგება დღეს შეუძლებელია), რომლის კედლებზე ასევე მოთავსებული იყო პირამიდების ტექსტები, პეპიმ ააგო მემფისის პტახის ტაძრის სიახლოვეს, სამხრეთ საქქარაში. მისი პირამიდის სახელი იყო მენ-ნეფერ-პეპი (ეგვ. Mn nfr Ppj, „პეპის მშვენება ხანგრძლივია“). პეპის და მისი დედოფლების პირამიდ ის კომპლექსის სიახლოვეს (ჯერჯერობით აღმოჩენილია ოთხი დედოფლის პირამიდა) თანდათან დაიწყო ქალაქის ჩამოყალიბება, და იმავდროულად ამ მიმართულებით იზრდებოდა მემფისი, რომელსაც ამ დროს „თეთრი კედელი“ (ეგვ. Inb hd) ერქვა. თანდათან პეპის პირამიდის სახელით დაიწყეს მთელი ქალაქის მოხსენიება, რაც ბერძნულ ენაში „მემფისად“ გადაიქცა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები