მერენრა
მერენრა – (ეგვ. „ვინც უყვარს რას“, დაახლ. ჩვ.წ. მდე 2287-2278 წწ.), VI დინასტიის ფარაონი, პეპი I-ის უფროსი ვაჟიშვილი და მემკვიდრე.
ტურინის მეფეთა სიაში მისი მეფობის წლების მოხსენიების ადგილას ლაკუნაა და შემორჩენილია მხოლოდ ცნობები მოსავლის მეხუთე და მეექვსე გადათვლის შესახებ, რაც დაახლოებით ემთხვევა მანეთონის მიერ დასახელებულ მეფობის შვიდ წელს. სავარაუდოდ, მერენრა ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბავშვის ასაკში გარდაიცვალა და მისმა მეფობამ ექვს წელს, ან დაახლოებით ათ წლამდე გასტანა, რასაც მისი პირამიდის დაუსრულებელი მდგომარეობაც ადასტურებს, რომელიც მან სამხრეთ საქქარაში, მამის პირამიდის სიახლოვეს ააგო.
ექსპედიციებზე ნუბიაში გვამცნობენ მერენრას დროის წარწერები და მოხელეების, უნის და ხარხუფის ბიოგრაფიები. უნი, რომელიც ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამსახურის შემდეგ (მერენრა მისთვის მესამე ფარაონი იყო, რომლის დროსაც ის გარდაიცვალა) სამხრეთ ეგვიპტის მმართველად იქნა დანიშნული, თავად ხელმძღვანელობდა ხუთი არხის გათხრას ნილოსის პირველ ჭორომთან. არხებს უნდა გაეადვილებინა გემების მიმოსვლა ნილოსის ამ ნავიგაციისათვის რთულ მონაკვეთში. ხარხუფი თავის ავტობიოგრაფიაში გვამცნობს ნუბიაში სამი ექსპედიციის შესახებ, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ამ დროისათვის ნუბიაში უკვე ჩამოყალიბებული იყო სამთავროები: ვავატი, (ეგვ. W3w3t), თანამედროვე კოროსკოს მიდამოებში; ირეჩეტი (ეგვ. Irt.tj) თომასთან; საჩუ (ეგვ. S3w) ფარასთან და იამი (ეგვ. 3m) ნილოსის პირველ და მეორე ჭორომებს შორის. ამ რაიონებში ეგვიპტის საქარავნო გზები გადიოდა. ნუბია, როგორც ჩანს, უკვე ეწინააღმდეგებოდა ეგვიპტურ კოლონიზაციას, რაზეც მეტყველებს ეგვიპტელი ნაცვალების წერილები, რომლებიც ეგვიპტეს სამხედრო დახმარებას სთხოვდნენ. ხარხუფის ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ მისი მესამე ექსპედიციის დროს ერთი ნუბიური სამთავრო (იამი) მეორესთან საბრძოლველად ემზადებოდა, რასაც შეიძლებოდა ამ პოლიტიკური წარმონაქმნების გაერთიანება მოჰყოლოდა, რაც არ აწყობდა ეგვიპტეს. ხარხუფმა, რომელიც კარგად ერკვეოდა ეგვიპტის პოლიტიკურ ინტერესებში, სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება და დიპლომატიური ხრიკებით ეს ბრძოლა ჩაშალა. სავარაუდოდ, მერენრას დროს არა მარტო მოხდა ნუბიის დაწყნარება, მისი ნაცვალები ნილოსის მესამე ჭორომის სამხრეთითაც იყვნენ.