მანეთონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანეთონი – ძველეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი (IV-III სს.ჩვ.წ.-მდე). დაწერა ეგვიპტის ისტორია ბერძნულ ენაზე, რომელიც სრული სახით ფასდაუდებელი შენაძენი იქნებოდა ეგვიპტოლოგიისათვის, მაგრამ დღეს ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ნაწყვეტები იოსების და ქრისტიანი ისტორიკოსების, აფრიკანუსის და ეუსებიუსის შრომებში. ამას გარდა, მანეთონის ცალკეული გამონათქვამები გაბნეულია პლუტარქეს, თეოფილოსის, ელიანეს, პორფიროსის, დიოგენე ლაერტელის, თეოდორეტოსის, ლიდოსის, მალალას შრომებში, პლატონის სქოლიოებში და Etymologycum Magnum-ში. მას სხვა ნაშრომებიც მიეწერება, მაგრამ ისინი არ შემონახულა. მანეთონის რელიგიური ნაწარმოებები მხოლოდ პლუტარქეს „ისიდასა და ოსირისში“ მოყვანილი ამონარიდებით არის ცნობილი.

ცნობები მანეთონის შესახებ ძალიან მწირია. სახელი „მანეთონი“ შესაძლოა ნიშნავს „თოტის სიმართლეს“. სავარაუდოდ, ის დაიბადა სებენიტოსში, ნილოსის დელტის დამიეტის დასავლეთ ნაპირზე და გახდა უმაღლესი ქურუმი ჰელიოპოლისში. მანეთონი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სერაპისის კულტის შექმნაში და ბერძენ ტიმოთეოსთან ერთად ამ საკითხში პტოლემაიოს სოტერის მრჩეველი იყო. მანეთონის კალამს ძველი ავტორები რვა ნაშრომს მიაწერდნენ: Aigyptiaca (ეგვიპტის ისტორია), სოთისის წიგნი, წმინდა წიგნი, ეპიტომე ფიზიკურ დოქტრინებზე დღესასწაულებზე, კიფის დამზადების შესახებ (kyphi, საკმეველის ნაირსახეობა) და ჰეროდოტეს კრიტიკა. ამ ნაშრომებიდან დღეს სოთისის წიგნი არ არის მიჩნეული მის ნაწარმოებად, და საეჭვოდ ითვლება მას დაეწეროს ცალკე ნაშრომი ჰეროდოტეს შესახებ, თუმცა იოსებიდან ცნობილია (Contra Apionem, I. 73) რომ მანეთონი ჰეროდოტეს უზუსტობაში ადანაშაულებდა. დღეისათვის მიჩნეულია, რომ ექვსი დარჩენილი სათაურიდან მანეთონს ნამდვილად შექმნილი აქვს ეგვიპტის ისტორია, ეპიტომე ფიზიკურ დოქტრინებზე და წმინდა წიგნი, ხოლო დანარჩენი სამი წმინდა წიგნის ცალკეული ნაწილების დასახელებაა.

მანეთონის ეგვიპტის ისტორია ორი სახის ნაწყვეტებით არის შემონახული. პირველია ნაწყვეტები მანეთონის ორიგინალური ნაწარმოებიდან იოსებთან, თუმცა აქაც არის ფსევდო-მანეთონური პასაჟები. ებრაელები მანეთონის შემდეგ ძალიან დაინტერესებული იყვნენ მისი ეგვიპტის ისტორიით მათ წინაპრების ეგვიპტესთან კავშირის გამო. ისინი ცდილობდნენ, თეორიები ებრაელთა წარმოშობის და სიძველის შესახებ ორიგინალურ ეგვიპტურ წყაროებთან დაეკავშირებინათ. მართალია, მანეთონთან იყო მათთვის არასახარბიელო ცნობები ებრაელების კეთროვანებიდან წარმოშობის შესახებ, მაგრამ სამაგიეროდ მათ თავიანთი წინაპრები ჰიკსოსებს დაუკავშირეს მათი განდევნა ეგვიპტიდან კი ებრაელთა გამოსვლას, რამაც ხშირად მანეთონის ტექსტის გადაკეთებაც კი გამოიწვია (მაგ. იოსების Contra Apionem I).

მეორე სახის ნაწყვეტები მანეთონის ისტორიის შეკვეცილი ვერსიიდან (ე.წ. Epitome) არის შემონახული. ეს ვერსია არ არის შექმნილი თვითონ მანეთონის მიერ და წარმოადგენს დინასტიების ჩამონათვალს მოკლე კომენტარებით განსაკუთრებით გამორჩეულ მეფეებზე ან მოვლენებზე. ეპიტომეში მანეთონის 30 დინასტიას დამატებული აქვს 31-ე სპარსული დინასტია არტაქსერქსედან დარიუს III-მდე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა ეგვიპტის დაპყრობის დროს. ეპიტომეს ნაწყვეტები შემოგვინახეს ქრისტიანმა ავტორებმა აფრიკანუსმა (დაახლ. ჩვ.წ. 160-240) და ეუსებიუსმა (დაახლ. ჩვ.წ. 260-340), რომლებიც მიზნად ისახავდნენ შეედარებინათ აღმოსავლეთის ავტორების ქრონოლოგია ბიბლიასთან. ამ ორი ვერსიიდან, აფრიკანუსის ვერსია უფრო ზუსტია. თავის „Ekloge Khronographias“-ში, ისტორიის აღწერაში ადამიდან დიოკლეტიანამდე, მანეთონი გამოყენებული აქვს ასევე გიორგი ბერს (Syncellus), რომელიც მსახურობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, ტარასესთან დაახლ. ჩვ.წ.-ით 800 წელს. ამდენად, მანეთონის ტექსტის შესწავლა დღეს ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ იოსებამდე მისი ნაშრომი გამოყენებული იყო პოლემიკაში ეგვიპტელებს და ებრაელებს შორის, რომლის დროსაც მოხდა ნაშრომში დამატებების ჩართვა. მათგან ზოგიერთი ებრაელებისთვის არასასურველი იყო. ამდენად, იოსებმა სასტიკად გააკრიტიკა მანეთონი და შეეცადა, შეელახა მისი ავტორიტეტი, რისთვისაც მანეთონის ტექსტი ხშირად თავის სასარგებლოდ აქვს შეცვლილი. თავის მხრივ, „ეპიტომეც“ შეცვლილია ელინისტური პერიოდის უცნობი ებრაელის მიერ ებრაული ქრონოლოგიის მანეთონისეულთან დამთხვევის მიზნით. ეპიტომეს ორიგინალური ვერსია გამოყენებული აქვს აფრიკანუსს, გადაკეთებული – ეუსებიუსს. აფრიკანუსის „ქრონიკა“ (ხუთ წიგნად) დაკარგულია და შემონახულია სინკელის მიერ გამოყენებული ნაწყვეტების სახით. ეუსებიუსის ბერძნული ტექსტის ნაწყვეტები ასევე სინკელთან არის ციტირებული, მაგრამ ნაშრომი სრულად არის შემონახული ორიგინალური ბერძნული ტექსტიდან შესრულებულ სომხურ თარგმანში (ჩვ.წ. V ს.) და იერომის (Jerome) მიერ შესრულებულ ლათინურ ვერსიაში (ჩვ.წ.-ის IV ს. დასასრული).

მანეთონი იყო უმაღლესი რანგის ქურუმი. დღეს ქურუმების ეს კატეგორია ეგვიპტის ინტელექტუალურ კლასად არის მიჩნეული უკვე შუა სამეფოს პერიოდში. ამას გარდა, იმ პერიოდის გათვალისწინებით, რომელშიც მას ცხოვრება მოუწია, მას შესანიშნავი ბერძნული განათლებაც ჰქონდა მიღებული. სწორედ ამიტომ დაავალა მას პტოლემაიოს II-მ ეგვიპტის ისტორიის დაწერა ბერძნულ ენაზე. ნაშრომის მიზანს ქვეყნის ისტორიის იმდროინდელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის გაცნობა წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტელებმა უძველესი დროიდან დაიწყეს თავისი ისტორიის დაფიქსირება, მანეთონის განკარგულებაში იყო უამრავი პაპირუსი სატაძრო არქივებიდან (ჰეროდოტე გვიყვება პაპირუსზე, რომელზეც 331 მეფის ჩამონათვალი იყო მოთავსებული. დიოდორე გვამცნობს ჩანაწერებზე „წმინდა წიგნებში“, სადაც მოთხრობილი იყო ყველა მეფეზე, მის ხასიათზე, საქმეებზე და მეფობის ხანგრძლივობაზე. რამდენიმე მეფეთა სია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არ წარმოადგენს იმ მასალის მწირ ნაწილსაც რომელიც ხელეწიფებოდა მანეთონს. მიუხედავად ამისა, დღეისათვის ითვლება, რომ მანეთონის ნაშრომს თავიდანვე გააჩნდ ნაკლოვანებები და ჩვენამდე სრულად მოღწევის შემთხვევაში კი ის არ იქნებოდა უფრო ფასეული, ვიდრე მისი წყაროები. ითვლება, რომ მისი მეფეთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი ბუნდოვანია, რადგან ხან ერთ დინასტიაში გაერთიანებული მეფეები ნამდვილად მიეკუთვნებ ერთ ოჯახს, ხან კი არა. მიუხედავად ამისა, მანეთონმა უდიდეს გავლენა მოახდინა ეგვიპტოლოგიაზე და მეცნიერები დღესაც ეგვიპტის ისტორიას მისი დინასტიური ჩონჩხის ფარგლებში მოიაზრებენ. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თუმცა მანეთონმა თავისი ისტორია ბერძნულად დაწერა, ის ეგვიპტელი იყო და მისი ნაშრომი უფრო ეგვიპტურ ტრადიციას ასახავს რაც დღეს ასევე ფასეულია.

მანეთონის რელიგიური ნაწარმოებების ციტირება კლასიკურ ავტორებთან იმდენად ხშირია, რომ ისინი სავარაუდოდ „ეგვიპტის ისტორიაზე“ უფრო პოპულარული იყო, მაგრამ ეს ამონარიდები არ იძლევა საშუალებას, წარმოდგენა ვიქონიოთ ამ შრომებზე „წმინდა წიგნი“ უდავოდ წარმოადგენდა უაღრესად საინტერესო მასალას ეგვიპტის რელიგიაზე და ეგვიპტური თეოლოგიის მითოლოგიურ ელემენტებზე. იგრძნობა ასევე პტოლემაიოს სოტერის რელიგიური სინკრეტიზმის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერა მანეთონის მიერ.

მისი „ეპიტომე ფიზიკურ დოქტრინებზე“ ეგვიპტური მეცნიერების აღწერას წარმოადგენდა და დღეს ძნელია იმის თქმა, მანეთონს ამ ნაშრომით სურდა ბერძნებისათვის გაეცნო ეგვიპტური მეცნიერება თუ ის მან თავისი მოწაფეებისათვის დაწერა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები