ქურუმები ძველ ეგვიპტეში
ქურუმები – ეგვიპტეში საერო და სასულიერო ხელისუფლება ფარაონის პიროვნებაში იყო გაერთიანებული. დიდი ტაძრების კედლებზე ერთადერთ ქურუმად, რომელიც რელიგიურ რიტუალებს ატარებს, თავად ფარაონი გვევლინება.
თეორიულად, მეფე ერთადერთი ქურუმი იყო და ყველა ქურუმის მოვალეობა მას უნდა შეესრულებინა. რეალობაში, მისი სასულიერო ძალაუფლების გამტარებლად ქურუმების დიდი არმია არსებობდა. მეფე „გადასცემდა“ თავის მოვალეობებს სხვადასხვა საერო თანამდებობებზე მყოფ მაღალი რანგის მოხელეებს, რომლებიც თავის მხრივ ცდილობდნენ, თავიანთი ქურუმის თანამდებობა შვილებისათვის გადაეცათ.
გვიანდელი პერიოდის ქურუმები ხშირად თავიანთ წინაპრებს მეჩვიდმეტე და მეოცე თაობამდე ასახელებდნენ. ეს ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის, რადგან უკვე ძველი სამეფოს დროს უსერკაფის მიერ ხატხორის ქურუმად დანიშნული კაცი გვამცნობს, რომ რომ ახლა მისი შვილები მსახურობენ მის ადგილას. ჰეროდოტეს თანახმად, მამის გარდაცვალების შემდეგ მის სამსახურს შვილი აგრძელებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქურუმები ეგვიპტეში ყოველთვის არ წარმოადგენდნენ ცალკე ფენას. ძველი და შუა სამეფოების პერიოდებში თითქმის ყველა მაღალი მოხელე მსახურობდა ქურუმად წელიწადში რამდენიმე თვეს და დანარჩენ დროს თავის მოვალეობას მაღალ საერო თანამდებობაზე იხდიდა. მხოლოდ ახალი სამეფოდან ჩნდებიან ქურუმები, რომლებიც მთელ დროს ტაძარში მსახურობენ, მაგრამ შეთავსების ძველი წესი მაინც გავრცელებული რჩება. მაგ. ამონის მთავარი ქურუმი თებეში სამხრეთ ეგვიპტის მთავარსარდლის თანამდებობასაც ითავსებდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ქურუმს შეეძლო, საერო სამსახურიც ჰქონოდა, ეგვიპტელი ქურუმის ცხოვრება სხვებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. ქურუმს სხვა მოხელეებისაგან მხოლოდ მისი ტაძარში მოღვაწეობა გამოარჩევდა. ტაძარი ეგვიპტელის წარმოდგენით ღვთაების სახლი იყო, და ამდენად, იქ შესვლის და ღვთაების მსახურების უფლება მხოლოდ ქურუმებს ჰქონდათ. რიგით საერო ადამიანებს ღვთაებაზე შეეძლოთ ელოცათ, როცა მას სადღესასწაულო დღეებში ქურუმები ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ. მაგრამ რელიგიური მოვალეობის შესრულების დროს ქურუმებისაგან სიწმინდე და სისუფთავე მოითხოვებოდა, რაც გულისხმობდა სხეულის დღეში რამდენიმეჯერ განბანვას და არომატული ზეთით დაზელას. გვიანდელ პერიოდში ამას დაემატა თავის და სხეულის გაპარსვა, წინადაცვეთა, მცენარეული ტანსაცმლის ტარება (მაგ. შალი, როგორც ცხოველური წარმოშობის ქსოვილი, ბინძურად ითვლებოდა) და გარკვეული (ასევე „უწმინდური“) საკვების აკრძალვა (მაგ. თევზის, თუმცა ჩამონათვალი სხვადასხვა ტაძარში იცვლებოდა).
თითოეული ტაძრის ქურუმები დამოუკიდებელ ერთობას წარმოადგენდა, რომელიც საკუთარი მთავარი ქურუმის მიერ იმართებოდა და სრულიად დამოუკიდებელი იყო სხვა, თუნდაც უფრო დიდი ღმერთის ტაძრის ქურუმებისაგან. იმავდროულად, ქურუმს შეეძლო, ყოფილიყო რამდენიმე ღმერთის მსახური, ემსახურა რამდენიმე ტაძარში და რამდენიმე ერთობის წევრი ყოფილიყო. ასეთი ვითარება ეგვიპტის ისტორიული განვითარების თავისებურების შედეგს წარმოადგენდა. აქ თითოეულ ქალაქს თავისი ადგილობრივი ღმერთები ჰყავდა, რომელთა ისტორიას ხშირად წინადინასტიურ დრომდე მივყავართ. ეგვიპტისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობის გამო მისი ისტორიის არც ერთ მომენტში არც ერთი, თუნდაც უმნიშვნელო ლოკალური ღვთაების ქურუმები არასოდეს ყოფილან დაქვემდებარებული ან დამოკიდებული რომელიმე დიდი ღვთაების ქურუმებზე. ერთადერთი, ვინც იდგა ყველაზე მაღლა, როგორც ყველა ღმერთის ქურუმი და შესაბამისად ერთადერთი, რომლის ძალაუფლება ქვეყნის ყველა ტაძარზე ვრცელდებოდა, იყო ფარაონი, რომელიც თავად ითვლებოდა ღვთაებად და ქვეყნის პირველ ქურუმად. ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს გარდა, ის ქვეყანაში არსებული მრავალი კულტის თავისებური ერთობის სიმბოლოც იყო. ამიტომ სწორედ მეფე ახდენდა უმაღლესი ქურუმების დანიშვნას და მას ქურუმების დინასტიის შეწყვეტაც შეეძლო.
ქურუმები იერარქიულად ორ, უფრო მაღალ და დაბალ ფენად იყო დაყოფილი. მაღალი, ე.წ. „ღვთის მსახურების“ ფენა და უფრო დაბალი, რომლის წარმომადგენლებიც მოიხსენიებოდნენ, როგორც „სუფთა“. ამ ორ ფენას შორის იყვნენ ე.წ. „ღმერთის მამები“. ტაძრის იერარქიის სათავეში იდგნენ „ღმერთის მსახურები“. ეს წოდება უკვე I დინასტიის დასასრულისათვის ჩნდება. ღმერთის მსახურები ამზადებდნენ შესაწირს, ატარებდნენ რიტუალებს, აკონტროლებდნენ ტაძარში შესასვლელს და, რაც მთავარია, მათ ჰქონდათ უფლება, შესულიყვნენ ტაძრის „წმინდათა წმინდა“ ოთახში, სადაც ღვთაების ქანდაკება იყო დაბრძანებული. განსაკუთრებით ძველი სამეფოს დროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ინიშნებოდნენ ამ თანამდებობებზე. ღმერთის მსახურებს ხელმძღვანელობდა უმაღლესი ქურუმი (ეგვ. „ღმერთების მსახურების ზედამხედველი“, ეს წოდება ტრადიციულად ითარგმნება, როგორც „მისანი“ ბერძნულის გავლენით (prophétés). უმნიშვნელოვანესი ტაძრების უმაღლესი ქურუმები ხშირად მეფის ვაჟიშვილები ან სიძეები იყვნენ. განსაკუთრებით დიდ საკულტო კომპლექსებში, სადაც ძალიან ბევრი ღმერთის მსახური იყო, შეიძლებოდა ყოფილიყო „პირველი მისანი“ (ეგვ. hm-ntr tpj), მას მოსდევდა მეორე მისანი, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ მისანს ენაცვლებოდა მოვალეობის შესრულებაში. ტაძრის სიდიდის მიხედვით, მას კიდევ მესამე და მეოთხე მისანი ჰყავდა. პატარა ტაძარში ჩვეულებრივ ერთი მისანი იყო. ახალი სამეფოდან უმაღლესი ქურუმის, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე მისნის თანამდებობებზე უკვე მსახურობდნენ ქურუმები, რომლებისთვისაც ეს ერთადერთი სამსახური იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრების მთავარ ქურუმებს გამოკვეთილი წოდებაც ჰქონდათ. ჰელიოპოლისში ეს იყო „მხედველთა შორის უდიდესი“, ჰერმოპოლისში „ხუთის დიდი“, რაც დაკავშირებული იყო აქაურ მთავარ ღვთაებასთან, თოტთან და მასზე დაქვემდებარებული პირველქმნილი ღმერთების ოთხ წყვილთან;
მემფისის მთავარი ქურუმი ატარებდა წოდებას „ხელოსანთა შორის პირველი“, რადგან მემფისის მფარველის, პტახის ერთ-ერთი ფუნქცია ხელოსნების მფარველობაც იყო. ბუბასტისში, რომელიც ცნობილი სამედიცინო ცენტრი იყო, მთავარ ქურუმს მოიხსენიებდნენ, როგორც უდიდესს მკურნალებს შორის“. თუმცა თითოეული ტაძარი დამოუკიდებელ ერთობას წარმოადგენდა, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა მათ შორის გარკვეულ თანამშრომლობას და ასევე არსებობს მინიშნებები რაღაც სახელმწიფო სტრუქტურაზე, რომელიც მათი ქმედებების კოორდინირებას ახდენდა, რაზეც „ზემო ეგვიპტის ყველა ღმერთის მისნების უფროსის“ და „ქვემო ეგვიპტის ყველა ღმერთის მისნების უფროსის“ თანამდებობების არსებობა მიუთითებს.
მთავარ ქურუმზე დაქვემდებარებული ღმერთის მსახურები ხუთ ჯგუფად იყვნენ დაჯგუფებული (ეგვ. „s3“, „ფხიზლები“), რომლებსაც დღეს ფილეებს უწოდებენ (ბერძნული სიტყვიდან phylãi). ყოველ ფილეს ჰყავდა თავისი წინამძღოლი (ფილარხი) და ორი ქვეჯგუფისაგან შედგებოდა. ქურუმების ეს ათი ჯგუფი ტაძარში როტაციის პრინციპით მსახურობდა (თითო ჯგუფი ერთი თვის ვადით). დანარჩენ დროს ქურუმები საერო სამსახურში ან იგივე ტაძრის სამეურნეო ადმინისტრაციაში მსახურობდნენ. ღმერთების მსახურების ფენის ქვევით იდგნენ ე.წ. „ღმერთის მამები“. მათი ფუნქცია ბუნდოვანია, მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რომ ეს წოდება საკმაოდ მაღალი რანგის პირებს ჰქონდათ, ისინიც, სავარაუდოდ ქურუმების მაღალ ფენას განეკუთვნებოდნენ. როცა ღვთაების ქანდაკებას გამოაბრძანებდნენ ტაძრიდან, პროცესიას წინ ღმერთის მამები მიუძღოდნენ, რომლებიც ღვთაების წინ გზას წმინდა წყლით აპკურებდნენ. მათ შემდეგ იდგნენ უაბ-ქურუმები, რომლებიც მოიხსენიებოდნენ საერთო სახელით „წმინდა, სუფთა“, რაც მათ რიტუალურ სისუფთავესთან იყო დაკავშირებული. ისინი უკვე ქურუმების დაბალ ფენას განეკუთვნებოდნენ. უაბ-ქურუმები ასევე ოთხ ფილედ იყვნენ დაყოფილი და სავარაუდოდ მათ შორისაც რაღაც იერარქია არსებობდა. ისინი პირდაპირ არ იყვნენ დაკავშირებული კულტმსახურებასთან და არ ჰქონდათ წმინდათა წმინდა ოთახში შესვლის უფლება, მაგრამ ეხებოდათ საკულტო და რიტუალური ინვენტარის მოვლა და ასევე გააჩნდათ გარკვეული ფუნქციები სხვადასხვა ცერემონიაში (მაგ. ღვთაების ბარკის გამოსვენება ტაძრიდან სადღესასწაულო პროცესიების დროს).
ბევრი ქურუმის წოდება შემონახულია პტოლემაიოსების დროინდელი ბერძნული ტექსტებიდან და მათი მისადაგება იეროგლიფურ ტექსტებში მოხსენიებულ გრძელ სახელებთან ხშირად ვერ ხერხდება, მაგრამ ჰიეროსტოლისტები (hierostolistés) აშკარად განეკუთვნებოდნენ მაღალი რანგის ქურუმებს („ღმერთის მსახურებს“), რომლებიც დაიშვებოდნენ ტაძრის წმინდათა წმინდა ოთახში, აცმევდნენ ღმერთის ქანდაკებას და ემსახურებოდნენ მისნებს. ჰიეროსტოლისტები ატარებდნენ წყლიან ჭურჭელს, რადგან მათი სამსახური ხშირ რიტუალურ განბანვას მოითხოვდა, და მაატის ნიშანს. ჰიეროგრამატებს (hierogrammateus, ეგვ. sš md3ntr; ღმერთის წიგნის გადამწერი“, ან sš n pr-nh „სიცოცხლის სახლის გადამწერი“) განსაკუთრებული ადგილი ეკავათ თავისი გამორჩეული განათლების გამო. ისინი ასევე „ღმერთის მსახურების“ ფენას განეკუთვნებოდნენ, ევალებოდათ წიგნების შედგენა და გადაწერა, თვალის მიდევნება, რომ ტრადიციები დაცული ყოფილიყო ისე, როგორც ეს „წიგნებში ეწერა“. მათვე ევალებოდათ ქურუმობის კანდიდატების გამოცდა და სატაძრო ქონების წარმართვა. მათი საქმიანობა არა მარტო რელიგიურ, ასევე საერო დარგების ცოდნასაც მოითხოვდა. ჰიეროგრამატები ცნობილი იყვნენ მათემატიკის, ასტრონომიის, გეოგრაფიის და ისტორიის ცოდნით და ამიტომ ბერძნებისათვის ეგვიპტური სიბრძნის მატარებლები იყვნენ. პტეროფორასი (pterophórās, ეგვ. hrj-hb, „დეკლამატორი“) კითხულობდა ხმით სათანადო ტექსტებს სხვადასხვა რელიგიური ცერემონიის დროს. ჰოროლოგები (hōrológos), რომლებიც სავარაუდოდ უაბ-ქურუმების ფენას განეკუთვნებოდნენ, იყვნენ ასტრონომები, რომლებიც ვარსკვლავებზე დაკვირვებით რელიგიური დღესასწაულების თარიღებს ადგენდნენ. პასტოფორები (pastophoros) განეკუთვნებოდნენ უაბ-ქურუმებს, რომლებიც პროცესიების დროს სხვადასხვა ნივთებს ატარებდნენ. საათის ქურუმებს, როგორც ჩანს, ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად, რიტუალების დაწყების საათები უნდა დაედგინათ, ონიროკრიტები (onirokritai) სიზმრებს ხსნიდნენ, ჰოროსკოპებს (horoskōpoi) უნდა დაედგინათ, რომელი დღე იყო ბოროტი და რომელი – კეთილი. სფრაგისტებს (sphragistai) ევალებოდათ შესაწირი ცხოველების სისუფთავეზე ზრუნვა. ქურუმის წოდება ლესონისი (ეგვ. mršn) ეგვ. ტექსტებში XXII დინასტიიდან არის დაფიქსირებული. მას ტაძრის ზედამხედველობა ევალებოდა. საათის ქურუმები (ეგვ. wnw.t n pr ntr), რომლებიც ტაძრის მსახურებს შორის მოიხსენიებიან, მონაწილეობას იღებდნენ ოსირისის მისტერიებში და სხვა, საათებთან დაკავშირებულ რიტუალებში.
ცალკე უნდა აღინიშნოს ქურუმების ფენა, რომლებიც გარდაცვლილებს ემსახურებოდნენ. ისინი ქურუმების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენდა და მათ კას ქურუმებს (ეგვ. hm k3) ეძახდნენ. ძველი სამეფოს დროს ისინი იერარქიულად ოთხ რანგად იყვნენ დაყოფილი, სადაც უმაღლესი ზედამხედველის როლს გარდაცვლილის უფროსი ვაჟი ასრულებდა. ამას გარდა, ისინი ოთხ ჯგუფად იყვნენ განაწილებული და თითოეული ჯგუფი სამი თვის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას. ძველი სამეფოს დროს მათი რიცხვი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო, რადგან ერთ-ერთი სამარხის მომსახურე პერსონალი 47 ქურუმისაგან შედგებოდა. შუა სამეფოს დროიდან ეს ტრადიცია შეიცვალა და ერთ სამარხს ერთი კას ქურუმი ემსახურებოდა, რომელსაც ჩვეულებრივ ნათესავების წრიდან არჩევდნენ. როგორც ჩანს, ეს წესი ძველი სამეფოს დაშლის შემდეგ, ანარქიის პერიოდში სამარხების მასობრივი ძარცვით იყო ნაკარნახები. იგივე ტრადიცია შენარჩუნდა ახალი სამეფოს დროსაც, რადგან ახალი სამეფოს წარწერებშიც ჩვეულებრივ ერთი კას ქურუმია მოხსენიებული. ახალი სამეფოს დასასრულიდან მიცვალებულთა მსახურება თანდათან ხოიახიტების (khoiakhitai) ხელში გადადის, რომლებმაც საბოლოოდ მიცვალებულთა ქურუმების ახალი ერთობა შექმნეს. „ხოიახიტი“, რაც „წყლის დამსხმელს“ ნიშნავს, შეესაბამება ეგვიპტურ წოდებას „წყლის შემწირავი“ (w3h mw), რომელიც ახალი სამეფოდან თანდათან „კას ქურუმების“ ნაცვლად გვხვდება. არსებობდნენ ხოიახიტი ქალებიც. ხოიახიტები დაბალი რანგის მიცვალებულთა ქურუმები იყვნენ, მათი მოვალეობა ლიბაციის შესრულება და მუმიების და სამარხების მოვლა იყო. ხოიახიტები ასევე ჩართული იყვნენ ოფიციალურ ღვთისმსახურებაში. თებეში ისინი ღმერთების (განსაკუთრებით ამონის) პროცესიებში იღებდნენ მონაწილეობას. პტოლემაიოსების დროს ხოიახიტის წოდებაც ქრება და მათ ადგილს ტარიხევტი იკავებს. ადრე რომაული პერიოდით დათარიღებულ ბრემნერ-რინდის პაპირუსში ხოიახიტები აღარ გვხვდებიან. გარდაცვლილთა კულტთან იყო დაკავშირებული ასევე სემ-ქურუმი (ეგვ. śm), რომელიც ტინისური პერიოდიდან არის დაფიქსირებული და თავიდან მემფისის უმაღლესი ქურუმის სახელი იყო, შემდეგ კი სხვაგანაც გავრცელდა. მას სხვა ქურუმებისაგან ჩაცმულობით ლეოპარდის ტყავის მოსასხამი გამოარჩევდა. ეს იყო უმაღლესი რანგის ქურუმი, რომელიც მეფის სახელით მსახურებდა.
დღესასწაულებში, სადაც მეფე თავად იღებდა მონაწილეობას, სემ-ქურუმი მის გვერდით იდგა, პირადად მას ემსახურებოდა ან მის მაგივრად მოქმედებდა. განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა მას პირის გაღების რიტუალის დროს. სემ-ქურუმი ჩვეულებრივ მაღალი წარმოშობის ან თანამდებობის პირი იყო. ეგვიპტურ ტაძრებში საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ცოდნის აკუმულირება და ეგვიპტელი ქურუმები ამ ცოდნის მატარებლები იყვნენ, ამიტომ ჰქონდათ მათ განსწავლული ადამიანების სახელი, რაც მრავალჯერ არის აღნიშნული კლასიკური ავტორების მიერ.
ქურუმი ქალები
ქურუმი ქალები ეგვიპტეში უძველესი დროიდან არიან დაფიქსირებული, მაგრამ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათი გავლენა და ძალაუფლება მამაკაც ქურუმებზე გაცილებით ნაკლები იყო და ნაკლები ფუნქციები ჰქონდათ. ასევე გაცილებით მწირია ინფორმაცია მათ შესახებ. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ მათი მატერიალური ანაზღაურება ერთნაირი მოვალეობის შესრულებისათვის ისეთივე იყო, როგორც მამაკაცი ქურუმების. ქურუმი ქალის ინსტიტუტმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ეგვიპტის პოლიტიკაში ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდში (XXIII-XXVI დინასტიები). ძველი სამეფოს დროს მაღალი წრის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ჰქონდათ წოდება „ღმერთის მსახური“ (hm.t ntr), რომელიც ქურუმი მამაკაცების მაღალ ფენას უტოლდება (hm-ntr). მათი უმეტესობა ემსახურებოდა ქალღმერთებს ხატხორს და ნეიტს. იშვიათ შემთხვევაში ისინი ღმერთებსაც (მაგ. თოტს) ემსახურებოდნენ, და დედოფლებს და მეფის ასულებს უფლება ჰქონდათ ყოფილიყვნენ გარდაცვლილთა ქურუმები თავიანთი გარდაცვლილი მამების და ქმრების კულტებში.
ღმერთის მსახური ქალების ფუნქციების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, და შესაძლოა ისინი შეესატყვისებოდა „ღმერთის მსახური“ მამაკაცების ფუნქციებს, მაგრამ ხატხორის ტაძარშიც კი ისინი მამაკაცების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ. „ღმერთის მსახურ“ ქალებს მოიხსენიებდნენ ასევე, როგორც „ღვთაების მხევლებს“. მათ უფროსს ტაძარში საკმაოდ მაღალი მდგომარეობა ეკავა და ხშირად უმაღლესი ქურუმის მეუღლე იყო. ღვთაების მხევლების ძირითად მოვალეობას ღვთაების მუსიკით და ცეკვით გართობა წარმოადგენდა. ქურუმი, რომელიც ატარებდა რიტუალს ღვთაების ქანდაკების წინ, იყო მამაკაცი, მაგრამ რიტუალის მუსიკალური თანხლება ქალების მიერ ხორციელდებოდა. შესაძლოა, მამაკაცი მუსიკოსებიც ქალების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ახალი სამეფოს დროს ღვთის მსახური ქალები აღარ ჩანან, ცნობილია ორი გამონაკლისი, და ორივეს ჰქონდა მაღალი მეორე მისნის წოდება, ერთს მუტის, მეორეს კი (დედოფალ იახმეს ნეფერტარის) ამონის კულტში, მაგრამ ქალი-ქურუმები ტაძრებში ყოველთვის მოღვაწეობდნენ, და ყველა უაბ-ქურუმის მეუღლე ტაძარში გარკვეულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ინფორმაცია მათი მოღვაწეობის შესახებ ბუნდოვანია.
X დინასტიის დროს ჩნდება „ღმერთის ცოლის“ წოდება. X და XII დინასტიების დროს დაფიქსირებულია სამი (არასამეფო წარმოშობის) ქურუმი ქალი ამ წოდებით, რომლებიც მინის, ამონის და პტახის სამსახურში იყვნენ. მათ შემდეგ ღმერთის ცოლის წოდება ჰქონდა იახმეს-ნეფერტარის (იახმეს I-ის ქალიშვილი და ამონხეტეპ I-ის დედა). დღეისათვის ცნობილი წყაროების თანახმად, ის არის ამ წოდების მქონე პირველი სამეფო წარმოშობის ქალი. იახმეს ნეფერტარის შემდეგ ეს წოდება უკვე მხოლოდ ამონთან იყო დაკავშირებული. შემდეგი „ამონის ცოლი“ იყო ხატშეპსუტი, და ხატშეპსუტის გამეფების შემდეგ, მისი ქალიშვილი ნეფრურა. თოტმეს III-ის და IV-ის დროს ღმერთის ცოლები სამეფო სახლთან ქორწინებით დაკავშირებული ქალები იყვნენ, ამონხეტეპ III-ის მეფობიდან XVIII დინასტიის დასასრულამდე კი უკვე არასამეფო წარმოშობის ქალები. შემდეგ, რამსეს VI-ის ქალიშვილით, ასეთით დაწყებული, „ღმერთის ცოლის“ წოდება ენიჭებოდა მეფის ან კარნაკის ტაძრის მთავარი ქურუმის გაუთხოვარ ქალიშვილს.
XXI დინასტიის დროს სამხრეთ ეგვიპტეს ფაქტობრივად ამონის ქურუმი მართავდა თებედან, სამეფო ძალაუფლება კი მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთზე ვრცელდებოდა. ამ დროს, პაინოჯემის ქალიშვილიდან, მაატკარადან დაწყებული, ამონის ცოლის ინსტიტუტმა ძირეული ცვლილება განიცადა. მას ენიჭებოდა სახელი, დაფუძნებული ამონის ცოლის, მუტის სახელზე, რომელიც ჩვეულებრივ კარტუშში თავსდებოდა. ამონის ცოლი ამიერიდან გაუთხოვარი რჩებოდა.
XXII დინასტიის ფარაონები შეეცადნენ თავიანთი გავლენის თებეზე გავრცელებას ამონის მთავარი ქურუმის თანამდებობაზე საკუთარი ვაჟიშვილების დანიშვნით, მაგრამ ამ ნაბიჯმა ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, რადგან მეფის ქურუმი ვაჟიშვილების მხრიდან იყო მცდელობა, მოეხდინათ აჯანყებები მამების წინააღმდეგ, ან დაეარსებინათ პარალელური დინასტიები. ამიტომ XXIII დინასტიის მეფეებმა საერთოდ გააუქმეს ამონის მთავარი ქურუმის თანამდებობა და მის ადგილზე ამონის ცოლი დასვეს. ამ ღმერთის მეუღლის გაუთხოვრობა, რომელიც უკვე ან მეფის ქალიშვილი, ან მისი ახლო ნათესავი იყო, იყო ერთგვარი გარანტია, რომ სამხრეთში პარალელური დინასტიის შექმნის მცდელობა აღარ მოხდებოდა. ამის შემდეგ ამონის მეუღლის ინსტიტუტი უდიდეს პოლიტიკურ როლს თამაშობდა. პირველი ასეთი ამონის მეუღლე იყო XXIII დინასტიის ფარაონის, ოსორკონ III-ის ქალიშვილი შეპენოპეტი და აქედან მოყოლებული, თებეს (და პრაქტიკულად მთელ სამხრეთს) ორასზე მეტი წლის განმავლობაში ხუთი ამონის მეუღლე მართავდა. როცა XXVI დინასტიის ფარაონმა ფსამტიხ I-მა მოახერხა ეგვიპტის გაერთიანება, მის დიპლომატიურ ნაბიჯებს შორის ერთ-ერთი თავისი ქალიშვილის, ნიტოკრისის თებეში გაგზავნა იყო, სადაც ის იმდროინდელი ამონის ცოლის მემკვიდრე გახდა. ეგვიპტის სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ ამონის ცოლის წოდება ქრება.