ოსირისის მისტერიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისტერიები – ასე მოიხსენიებენ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულების დროს ღმერთებთან დაკავშირებული მითოლოგიური სიუჟეტების დრამატული სახით გათამაშებას.

მისტერიები ეგვიპტეში ძირითადად ოსირისთან იყო დაკავშირებული, რადგან პრაქტიკულად ყველა ჩვენამდე მოღწეულ ტექსტში ოსირისი ფიგურირებს. მონაწილეები ჩვეულებრივ ქურუმები იყვნენ. ოსირისის მისტერიების აღწერა სენუსერტ III-ის მეფობის მეცხრამეტე წლით დათარიღებულ ტექსტში (ე.წ. იხერნოფრეტის სტელა, დღეს დაცულია ბერლინის მუზეუმში) მისტერიების დროს მოვლენათა თანმიმდევრობის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

იხერნოფრეტი იყო სენუსერტის მეჭურჭლეთუხუცესი, რომელიც ფარაონმა აბიდოსში გააგზავნა. მას უნდა დაედგა ოსირისის ქანდაკებები და მოერთო ოქროთი ოსირისის ტაძრის წმინდათა წმინდა ოთახი, რომელშიც ღმერთის ქანდაკება იყო დაბრძანებული. თავისი საქმიანობის აღწერა იხერნოფრეტმა დაგვიტოვა სტელაზე, რომელიც აბიდოსში აღმართა. ოსირისის ქანდაკების ძვირფასეულობით მორთვის გარდა, მან მონაწილეობა მიიღო ოსირისისადმი მიძღვნილ დრამატულ ცერემონიებში.

მისტერია იწყებოდა უპუატის „გამოსვლით“. ეს ნიშნავს, რომ „გზების გამხსნელი“ ღმერთის ქანდაკება ტაძრიდან გამოჰქონდათ. ის გზას უჩვენებდა ოსირისს (რომელიც აქ მის მამად არის მოხსენიებული) და მისი პირველი მეომარიც იყო. შემდეგი იყო ოსირისის „გამოსვლა“. ოსირისს გამოაბრძანებდნენ ტაძრიდან თავისი ბარკით (ნეშმეტით). მას თავს ესხმოდნენ მტრები, მათ იგერიებდნენ (ამ როლებს ქურუმები ასრულებდნენ), მაგრამ ოსირისს მაინც კლავდნენ. ღმერთის მოკვლას მისი დატირების ცერემონია მოჰყვებოდა, შემდეგ მოკლული ოსირისი თოტს თავისი ბარკით სამარხში გადაჰყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის აბიდოსში ოსირისის სამარხადგ მიჩნეული იყო I დინასტიის ფარაონის, ჯერის სამარხი, და სავარაუდოდ სწორედ აქ მიასვენებდნენ ხოლმე ღმერთის ქანდაკებას მისტერიების დროს. ამის შემდეგ ხდებოდა ოსირისის მტრების დახოცვა ადგილზე, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „ნედიტი“. მისტერიებს ასრულებდა ღმერთის მკვდრეთით აღდგომა, საყოველთაო სიხარული და ღმერთის ქანდაკების ტაძარში დაბრუნება. მისტერიებს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ იხერნოფრეტი, რომელსაც ძალიან მაღალი საერო თანამდებობა ეკავა, მაგრამ აბიდოსში მისიის დროს მოქმედებდა, როგორც სემ-ქურუმი, თავად იყო მათი მონაწილე. ის გვამცნობს, თუ როგორ მიჰყავდა მას თოტის გემი და იგერიებდა ოსირისის მტრებს მისტერიების დროს.

შემორჩენილია ასევე XIII დინასტიის დროინდელი ტექსტი, სადაც ამ დინასტიის ფარაონი, ნეფერხოტეპი, ასევე თავად ღებულობს მონაწილეობას ოსირისის მისტერიებში. უაღრესად საინტერესოა მისტერიის ტექსტი, შემონახული პაპირუსზე, რომელიც სესუსერტ I-ის კორონაციას აღწერს. ტექსტი ილუსტრირებულია ნახატებით, სადაც მისტერიის უმნიშვნელოვანესი მომენტებია გადმოცემული. ტექსტი ასევე მოიცავს მოქმედ პირთა გამონათქვამებს, მითითებებს, რომლებიც დღევანდელ სასცენო რემარკებს მოგვაგონებს, და ძირითადი რეკვიზიტის ჩამონათვალს. ამ მისტერიის მთავარი მოქმედი გმირია ახალგაზრდა ფარაონი-ხორი, რომელსაც მეფედ აკურთხებენ. ოსირისი არ წარმოთქვამს არც ერთ სიტყვას, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ მის „როლში“ გარდაცვლილი ფარაონის მუმია ფიგურირებდა. მისტერიის კულმინაცია ფარაონის კორონაცია იყო, და ის ფარაონის დაკრძალვით სრულებოდა.

ძველი სამეფოს დროით არის დათარიღებული მისტერია, რომელიც ასევე მოიცავს მთავარი მოქმედი პირების გამონათქვამებს და „სცენიურ მითითებებს“. ეს არის მემფისის ტრაქტატის ტექსტის ე.წ. „პოლიტიკური ნაწილი“. გები იბარებს ენეადის ღმერთებს, რომ დაასრულოს დავა მემკვიდრეობაზე (ე.ი. ეგვიპტის ტახტზე ხორსა და სეტხს შორის. ის აძლევს ხორს ჩრდილოეთ ეგვიპტის, სეტხს კი სამხრეთ ეგვიპტის გვირგვინს. მაგრამ შემდეგ გები დაფიქრდება, და ამბობს, რომ მთელი მემკვიდრეობა თავისი პირველი შვილის (ოსირისის) ერთადერთ შვილს (ხორს) უნდა გადასცეს. ამის შემდეგ მოთხრობილია ოსირისის დახრჩობის შესახებ, რასაც ისიდას და ნეფტიდას დატირება მოჰყვება. ითვლება, რომ ეგვიპტური მისტერიები თავისი სტრუქტურით სცილდება რელიგიური მისტერიის ფორმას და ისინი უნდა აღვიქვათ, როგორც უძველესი დრამატული ნაწარმოებები.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები