დღესასწაულები ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დღესასწაულები ძველ ეგვიპტეში − ეგვიპტელებს ძალიან ბევრი დღესასწაული ჰქონდათ. ისინი იყო რელიგიური ან საერო, საერთო მთელი ქვეყნისათვის ან მხოლოდ გარკვეულ ტაძართან ან ადგილთან დაკავშირებული. შესაბამისად, ყოველი ტაძრის სადღესასწაულო კალენდარი განსხვავებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგვიპტეში დღესასწაულები, რომლებიც ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან იყო გადაჯაჭვული, როგორიცაა ნილოსის ადიდება, მოსავლის აღება, ცაში სირიუსის გამოჩენა. ზეიმობდნენ ასევე წლის, სეზონის, თვის და დეკადის დასაწყისს. მთვარესთან დაკავშირებული იყო ახალი, მეოთხედი, სავსე და ბოლო მეოთხედი მთვარის და ახალი სინათლის დღესასწაულები. ზეიმობდნენ ასევე წლის დამასრულებელ დღეს. მას ჩვეულებრივ ხუთი დიდი ღვთაების დაბადების დღეებად მიჩნეული ეპაგომენალური დღეების დღესასწაულები მოყვებოდა. მენესის მიერ დაარსებული „კედლის შემოვლის“ დღესასწაული, რომელიც მის მიერ დაფუძნებული მემფისის გარშემო საზეიმო მსვლელობას წარმოადგენდა და ქვეყნის გაერთიანების აღსანიშნავად იყო ჩაფიქრებული, გვიანდელ პერიოდამდე შემორჩა. ყოველწლიურად აღინიშნებოდა ფარაონის მეფედ კურთხევის თარიღი. „სამეფო“ დღესასწაული იყო ასევე ხებსედი. ღმერთებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები მათ კულტებთან და მითებთან იყო დაკავშურებული. ახალ წელს ტაძრებს ჩვეულებრივ თავიდან აკურთხებდნენ. ამ დროს ღმერთის „ტანსაცმლის გამოცვლა“ და მისი „გასეირნება“ ხდებოდა. „ნეკროპოლისის დღესასწაული“ გარდაცვლილებისადმი იყო მიძღვნილი. ამ დღეს მათთან განსაკუთრებული შესაწირი მიჰქონდათ. დღესასწაულებთან (განსაკუთრებით ღმერთების დღესასწაულებთან) დაკავშირებული იყო პროცესიები, ილუმინაციები და სადღესასწაულო ქმედებები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ღვინის როლი. ამ დროს ეწყობოდა ადგილები, სადაც ღვინის დალევა იყო შესაძლებელი. ღვინო, როგორც ჩანს, იმდენად იყო ასოცირებული დღესასწაულებთან, რომ ბევრ მათგანს „დალევის დღეს“ ეძახდნენ.

დღესასწაული ჩვეულებრივ რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და მისი ხანგრძლივობა ფიქსირებული არ იყო. მაგრამ მიუხედავად მათი სიმრავლისა და ხშირი მოხსენიებისა, ზუსტი ცნობები დღესასწაულებზე მაინც არ გაგვაჩნია. შედარებით კარგად არის შემორჩენილი ინფორმაცია პტოლემაიოსების პერიოდის ტაძრებიდან, როგორიცაა დენდერა, ედფუ, ესნა, ფილე, რომლებიც უფრო კარგად არის შემონახული, რადგან ეგვიპტური ტაძრები ჩვეულებრივ სადღესასწაულო კალენდარს თავიანთ კედლებზე ათავსებდნენ.

ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული იყო „ვაგი“, რომელიც უკვე მეოთხე დინასტიიდან არის დაფიქსირებული. ის მიცვალებულებთან არის დაკავშირებული. ახალი სამეფოს „ველის ლამაზი დღესასწაულის“ დროს კარნაკის ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ ღვთაებრივი ოჯახის – ამონის, მუტის და ხონსუს ქანდაკებებს და მათ დეირ ელ-ბაჰარიში გადააბრძანებდნენ, რომელიც ზუსტად კარნაკის ტაძრის პირდაპირ, ნილოსის მეორე, დასავლეთ ნაპირზე მდებარეობდა. ამ დღეს კერძო პირებიც გადადიოდნენ ნილოსის მეორე ნაპირზე და თავიანთი წინაპრების სამარხებთან სადღესასწაულო სუფრას მართავდნენ. ყოველ მეათე დღეს (ეგვიპტე- ში თვე სამი ათდღიანი „კვირისაგან“ შედგებოდა და ყოველი მეათე დღე დასვენების დღე იყო) ოპეტის ამონს (ლუქსორიდან საზეიმოდ მიაბრძანებდნენ მედინეტ ჰაბუში, რომელიც პირველყოფილი ბორცვის განსახიერებას წარმოადგენდა. XVIII დინასტიიდან არის დაფიქსირებული მრავალდღიანი ოპეტის დღესასწაული, რომელიც ფარაონის გაღმერთებასთან იყო დაკავშირებული. დღესასწაულის კულმინაციას ამონის მიერ ფარაონისათვის თავისი ძალის გადაცემა წარმოადგენდა. წინადინასტიურ ეგვიპტეში მთვარის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც 12 თვის და 354 დღისაგან შედგებოდა. დინასტიურ პერიოდში მთვარის კალენდარს ყოველ სამ წელიწადში კორექციისათვის მეცამეტე თვე ემატებოდა. რელიგიური დღესასწაულები მთვარის კალენდრის მიხედვით თარიღდებოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები