მედინეტ-ჰაბუ
მედინეტ-ჰაბუ – დღეს იმ თანამედროვე ქალაქის სახელია, რომელიც რამსეს III-ის მოსახსენიებელი ტაძრის გალავნის ირგვლივ გაშენდა. მდებარეობს ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ძველი თებეს (თანამედრ. ლუქსორის) პირდაპირ ქალაქის სახელში, შესაძლოა, აირეკლა გაღმერთებული ბრძენის, ამონხეტეპის, ჰაპუს შვილის სახელი, რადგან მისდამი მიძღვნილი ტაძარიც აქ მდებარეობდა.
ამონხეტეპი ჩვ.წ.-მდე XIV საუკუნეში ცხოვრობდა, მაგრამ მისი კულტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბერძნულ-რომაულ პერიოდში გახდა. ძველი ნაგებობებიდან შემორჩენილია XVIII დინასტიის დროინდელი პატარა ტაძარი, რამსეს III-ის მოსახსენიებელი ტაძარი და მასთან ასოცირებული კაპელები და ქალაქი ჯემე. XVIII დინასტიის დროს ხატშეპსუტმა და თოტმეს III-მ ერთობლივად ააგეს პატარა ტაძარი, სახელად „ადგილით წმინდა“, უფრო ძველი ტაძრის ფუნდამენტზე. ეს სახელი ამ ადგილის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. მას მოიხსენიებდნენ ასევე, როგორც „პირველი ჯერის (ე.ი. სამყაროს შექმნის) წმინდა ადგილს“. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი კიდევ ერთი სახელი ßt T3m, რომელშიც ეგვიპტელებისათვის „Bw“, „მამაკაცები“ და „mw.t“, „დედები“ იყო გაერთიანებული, და სახელი „მამაკაცების და დედების ბორცვს“ ნიშნავდა, რადგან ეგვიპტელთა წარმოდგენით, ჰერმოპოლისის ოგდოადის რვა პირველქმნილი ღვთაება (ოთხი მამრი და ოთხი მდედრი), სამყაროს შექმნის შემდეგ სწორედ ამ ბორცვზე მოვიდა, აქ გარდაიცვალა და დაიკრძალა. მათი წარმოდგენით, აქვე იყო დაკრძალული დიდი პირველქმნილი გველის სახის ღვთაება კემატეფი. „TB.t“ შემდეგში „ჯემედ გადაიქცა, და სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდნენ მედინეტ ჰაბუს გვიან და ბერძნულ პერიოდებში. ათ დღეში ერთხელ აქ მოაბრძანებდნენ ლუქსორის ამონს (ამონემოპეტს), რომ მას აქ დაკრძალული ღმერთებისათვის პატივი მიეგო და, იმავდროულად, გარკვეული რიტუალების წყალობით კვლავ გაახალგაზრდავებულიყო. ამ ტაძრის სიახლოვეს, რამსეს III-მ ააგო თავისი მოსახსენიებელი ტაძარი, და მთელ ტერიტორიას გალავანი შემოავლო. კედლის შიგნით მოექცა არა მარტო ტაძრები, არამედ სატაძრო სახელოსნოები, საკუჭნაოები, ადმინისტრაციული დაწესებულებები და ქურუმების და მოხელეების სახლები. აქვეა ხორემხების მოსახსენიებელი ტაძარი, რომელიც მან აისაგან მიითვისა. რამსეს III-ის ტაძარი, სახელად „მილიონი წლის სახლი“, მოიცავს ფართობს 3000მ.x2100მ. მისი კედლების მოხატულობის საერთო ფართობი 2225 კვ. მეტრია. ტაძარი ახლომდებარე რამესეუმის, რამსეს II-ის ტაძრის ოდნავ მცირე ასლს წარმოადგენს. ტაძრის პილონები ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია ეგვიპტეში. პილონებზე გამოსახულია რამსეს III-ის ბრძოლა ზღვის ხალხების და ლიბიელების წინააღმდეგ. ტაძრის პირველ ეზოში მოთავსებული იყო ოსირისის სახით წარმოდგენილი ფარაონის ქანდაკებები. ქანდაკებები მეორე ეზოში განადგურდა ადრე ქრისტიანულ პერიოდში, როცა ეს ადგილი ეკლესიად გადაკეთდა, თუმცა რელიეფები კარგად არის შემონახული. ისინი გადმოსცემენ მინთან დაკავშირებულ რიტუალებს, აქვეა გამოსახული ფარაონის მრავალი შვილი. ძალიან დაზიანებულია ჰიპოსტილური დარბაზები. მეორე დარბაზის მარცხენა მხარეს მდებარეობდა რამსეს III-ის განსასვენებელი ოთახი. ტაძრის ღერძი ფოკუსირებულია ამონის სამლოცველოზე. ეს ოთახი მოპირკეთებული იყო ელექტრუმით, კარის ჩარჩო ჰქონდა ოქროსი, თვითონ კარი კი სპილენძის, ძვირფასი თვლებით. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობდა მეფის სასახლე, რომელიც მის მთავარ სასახლეზე ბევრად მცირე ზომის იყო. გალავნის შიგნით, აღმოსავლეთი ჭიშკრის მარცხნივ, XXIII-XXVI დინასტიების „ამონის ცოლების“ განსასვენებელი კაპელებია განლაგებული.
თავისი ძლიერი ფორტიფიკაციების გამო, მედინეტ ჰაბუს ხშირად თავშესაფრად იყენებდნენ. აქ გადმოსახლდნენ დეირ ელ-მედინეს მცხოვრებლები, და ერთ-ერთი მათგანის სახლი დღემდეა შემორჩენილი. ადრექრისტიანულ პერიოდში, მედინეტ ჰაბუ გადაიქცა კოპტურ ქალაქ ჯემედ. ხალხი ცხოვრობდა მთავარი ტაძრის შიგნითაც კი, და მისი მეორე ეზო ეკლესიად იყო გამოყენებული, რამაც, რასაკვირველია, ტაძარი ძალიან დააზიანა. ტაძრის ბლოკებით, მის სიახლოვეს კოპტური ტაძარი ააგეს. ჩვ.წ.-ით მეცხრე საუკუნეში, გაურკვეველი მიზეზების გამო, ქალაქი მიტოვებული იქნა.