ხორემხები
ხორემხები – (ეგვ. „ხორი ზეიმობს“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1319-130 წწ.), ეგვიპტის XVIII დინასტიის ბოლო ფარაონი.
ხორემხების წარმომავლობა უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ უბრალო წარმოშობის იყო. მიაღწია უმაღლესი რანგის სამხედროს მდგომარეობას და ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა ეხნატონის და ტუტანხამონის კარზე. აის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ფარაონი ხდება. ტექსტში, სადაც მისი კორონაციაა აღწერილი, იგი თავად აღნიშნავს, რომ „მოღვაწეობდა, როგორც ეგვიპტის ვიცე-რეგენტი მრავალი წლის მანძილზე“.
მართლაც, ხორემხები საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი ამარნაში, ეხნატონის კარზე გაატარა (, ტახტზე ასვლის შემდეგ კი გასაოცარი ენერგიით შეუდგა ეხნატონის რეფორმის შედეგების საბოლოო ლიკვიდაციას. ამიტომ ზოგი მეცნიერი მას XVIII დინასტიის ბოლო ფარაონად თვლის (O’Connor and Silverman, 1995, 3), ზოგი კი XIX დინასტიის დამწყებად. იგი ასევე ერთადერთია ამარნასთან ასოცირებული ფარაონებიდან, რომელიც შთამომავლობამ ლეგიტიმურად აღიარა და შეიტანა მეფეთა სიებში, სადაც ის ამონხეტეპ III-ის შემდეგ არის მოხსენიებული. XIX დინასტიის ტექსტები ხორემხების გამეფების წლებს ეხნატონის გამეფებიდან ითვლიდნენ. ითვლება, რომ მან ეს აღიარება ფარაონის ძალაუფლების დიდი ნაწილის ქურუმების და სამოქალაქო სასამართლოებისათვის გადაცემის ფასად მიიღო. ამ მხრივ აღსანიშნავია ხორემხების დეკრეტის ტექსტი, რომელიც მან კარნაკში აღმართულ დიდ სტელაზე მოათავსა. დეკრეტის მიზანი ქვეყანაში კორუფციის მოსპობა და წესრიგის აღდგენა იყო. ტექსტიდან ვგებულობთ, რომ წლების განმავლობაში ჯარისკაცები და მოხელეები უკანონოდ იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას „ღარიბების“ და „რიგითი მოქალაქეების“ წინააღმდეგ და რომ წესრიგის დამყარება სასამართლოებს დაეკისრა, სადაც ხორემხებმა გულდასმით შერჩეული ხალხი დანიშნა. მან გაათავისუფლა სასამართლოები გადასახადებისაგან.
ხორემხებმა საბოლოოდ დაანგრია ამარნა, სადაც შესაძლოა, ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობდა, და გამოიყენა ატონის დიდი ტაძრის ბლოკები იმ ახალი პილონების მშენებლობაში, რომლებიც კარნაკის ტაძარში ააგო. იგი იმდენად იყო დაკავებული საშინაო საქმეებით, რომ არ ჩაუტარებია არც ერთი სამხედრო კამპანია აზიაში. რადგან რამსეს II-ის ხელშეკრულებაში ხეთებთან მოხსენიებულია ძველი ხელშეკრულებები, არსებობს ვარაუდი, რომ ხორემხებს ჰქონდა რაღაც სახის მოლაპარაკება ხეთებთან, სადაც მის დროს მურსილი III მეფობდა, რადგან მას სჭირდებოდა დრო ქვეყანაში წესრიგის დამყარებისათვის, ხეთებმა კი, რომლებსაც უნდოდათ, გაემყარებინათ თავიანთი გამარჯვება სირიაში, ყურადღება ჩრდილოეთ მესოპოტამიას მიაპყრეს და რაღაც დროის მონაკვეთის განმავლობაში ამ ორ იმპერიების მშენებელ სახელმწიფოს შორის მშვიდობა სუფევდა. ხორემხებს არ ჰყოლია შვილები, და თავის მემკვიდრედ მან შეარჩია ასევე სამხედრო, პა-რამსესი, წარმოშობით ტანისიდან, რომელიც ტახტზე ავიდა ხორემხების გარდაცვალების შემდეგ, როგორც რამსეს I. ნებსით თუ უნებლიეთ, ამ არჩევანით მან ბიძგი მისცა ეგვიპტის ახალი დაპყრობითი ომების სერიას, რომლებიც რამსეს I-ის შვილის, სეტი I-ის მეფობით დაიწყო.