ტანისი
ტანისი – (ეგვ. Dnt, ბერძნ. Tanis, თანამედრ. სან ელ-ჰაგარი, Montet, 1957, 192), ქალაქი აღმოსავლეთ დელტაში, ნილოსის დელტის ტანისური ტოტის აღმოსავლეთით, რომელიც დღეს დამშრალია.
რადგან პირველივე გათხრების დროს ქალაქში უამრავი რამსეს II-ის ძეგლი და წარწერა აღმოაჩინეს, ტანისი დიდი ხნის განმავლობაში პი-რამსესი ეგონათ, მაგრამ გასული საუკუნის II ნახევრის გათხრებმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. ტანისი იყო სამეფო რეზიდენცია მესამე გარდამავალი პერიოდის დროს, გვიანი და პტოლემაიოსების პერიოდებში – მეთექვსმეტე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. ქალაქი პირველად დაფიქსირებულია „უნ-ამონის მოგზაურობაში ბიბლოსში“ და „ამონემოპეს ონომასტიკონში“ (დაახლ XX დინასტიის დასასრული), მაგრამ „ტანისის მინდვრები“ მოხსენიებულია რამსეს II-ის მეფობით დათარიღებულ წარწერაში მემფისის ტაძრის კედელზე.
XX და XXI დინასტიებს შორის, „უმეფობის“ პერიოდში, ტანისი სმენდესის რეზიდენცია იყო. ცოტა მოგვიანებით მან დააარსა XXI დინასტია, რომელსაც მანეთონი ტანისურს ეძახის. უძველესი ნაგებობები ქალაქში სმენდესის შთამომავლის, ფსუსენეს I-ის მეფობით არის დათარიღებული. მან ააგო ამონის ტაძარი, გარშემორტყმული მაღალი აგურის კედლით, და მუტის და ხონსუს ტაძარი. ამონის ტაძრის კედლის შიგნით, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, ფსუსენესმა ააგო სამარხი თავისთვის და თავისი დედოფლისათვის, რომლის გვერდითა ოთახებში დიდგვაროვნებია დაკრძალული. თავისი სამარხით ფსუსენესმა საფუძველი ჩაუყარა მესამე გარდამავალი და გვიანდელი პერიოდების ფარაონთა სამარხების ტაძრის ეზოში აგების ტრადიციას. თუმცა ტანისი XXI და XXII დინასტიების ფარაონების რეზიდენცია იყო, უკიდურესი ჩრდილოეთი მდებარეობის გამო ვერ გახდებოდა სრულფასოვანი ადმინისტრაციული ცენტრი მთელი ეგვიპტისათვის, და ეს ფუნქცია უდავოდ მემფისს ჰქონდა შენარჩუნებული, მაგრამ მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ლევანტთან ურთიერთობისათვის და იყო უაღრესად ხელსაყრელი პორტი აღმოსავლეთთან სავაჭროდ.
ქალაქი მუდმივად შენდებოდა და თავისი მნიშვნელობა პტოლემაიოსების დროსაც შეინარჩუნა, რადგან მათი პერიოდით დათარიღებული ნაგებობების ნანგრევები მრავლად არის შემორჩენილი. არქეოლოგიური გათხრები ტანისში დაიწყო ო. მარიეტმა 1860 წ., შემდეგ აქ მუშაობდა ფ. პიტრი. სისტემატური გათხრები ჩაატარა პ. მონტემ. 1939 წელს, II მსოფლიო ომის დაწყების პირზე, მონტემ აღმოაჩინა სამარხები ამონის ტაძრის ეზოში, მათ შორის ერთი (ფსუსენეს I-ის) სრულიად გაუძარცვავი. დღემდე ეს არის ერთადერთი ხელშეუხებელი ფარაონის სამარხი, ნაპოვნი ეგვიპტეში. უძვირფასესი ქვის სარკოფაგები, ვერცხლის კუბო, ოქროს ნიღბები მუმიებზე, გასაოცარი რაოდენობის ოქროს და ვერცხლის სამკაულები და ჭურჭელი ტუტანხამონის სამარხზე არანაკლებ სენსაციას გამოიწვევდა, მაგრამ ცნობები ამ აღმოჩენის შესახებ II მსოფლიო ომის გაჩაღებამ გადაფარა, ამიტომ ტანისის განძი დღეს ნაკლებად არის ცნობილი.