ფსუსენეს I
ფსუსენეს I – (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1040-992 წწ.), ეგვიპტის XXI (ტანისური) დინასტიის მესამე ფარაონი, სავარაუდოდ იყო თებეს მთავარი ქურუმის, პაინოჯემ I-ის შვილი, რომელმაც რამდენიმე ხნით ადრე თავი მეფედ და სამეფო დინასტიის თანამმართველად გამოაცხადა.
დინასტიის დამაარსებლის, სმენდესის შვილის და მემკვიდრის, ამონემნესუს გარდაცვალების შემდეგ დინასტიური ვაკუუმი შეიქმნა. ამ ვითარებით ისარგებლა პაინოჯემმა და თავისი ვაჟიშვილი ფსუსენესი დაცარიელებულ ტახტზე აიყვანა. სიახლეს ფსუსენეს I-ის მეფობაში წარმოადგენს ის, რომ მან თავი არა მარტო ფარაონად, არამედ ჩრდილოეთში ამონის მთავარ ქურუმადაც გამოაცხადა. მისი მთავარი დედოფალი იყო მისი და, „მეფის ქალიშვილი, მეფის და, მეფის ცოლი და მისი უდიდებულესობის მთავარი დედოფალი მუტნოჯმეტი. მას, თავისი ქმრის მსგავსად, ჰქონდა ქურუმის სტატუსი. რადგან ფსუსენესი ამონის მთავარი ქურუმი იყო, მუტნოჯმეტი, თებეში ამონის მთავარი ქურუმის ცოლის მსგავსად, გახდა „ამონის ცოლების სახლის უფროსი“, ხონსუს და მუტის მისანი, და მუტის ტაძრის მნე. ეს წოდებები, რასაკვირველია, წარმოადგენდა დინასტიის ისეთივე რეალური შემოსავლის წყაროს ამონის, მუტის და ხონსუს ტაძრებიდან ტანისში, როგორსაც იგივე წოდებები ამონის მთავარი ქურუმის და მისი ოჯახის წევრებისათვის თებეში.
ფსუსენესმა ტანისში უზარმაზარი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. მან ააგო ამონის, მუტის და ხონსუს ტაძრები, რომლებსაც გრანდიოზული (18 მ. სისქის) აგურის გალავანი შემოავლო. სამწუხაროდ, ტაძრებიდან პრაქტიკულად არაფერია შემორჩენილი. გალავნის შიგნით, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მან ააგო სამარხი, გრანიტით და კირქვით. ფსუსენესის და მისი დედოფლის ერთნაირი ოთახების გარდა, სამარხი მოიცავდა წინა დარბაზს და გვერდითა ოთახებს, სადაც შემდგომ სამეფო ოჯახის სხვა წევრები და ტანისის დიდებულები დაიკრძალნენ. ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი არც ერთი ფსუსენესის წარწერა მემფისის სამხრეთით, სადაც, სავარაუდოდ, უკვე თებეს ძალაუფლება ვრცელდებოდა. ფსუსენესის უფროსი ვაჟიშვილი რამსეს-ანხეფენმუტი მის სიცოცხლეში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მისი მემკვიდრე ამონემოპე ასევე მისი ვაჟი იყო. ფსუსენესის მიერ აგებული სამარხი, უზარმაზარი ნაგვის გროვის ქვეშ, აღმოაჩინა ფრანგმა არქეოლოგმა პ. მონტემ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. თვითონ ფსუსენესის დასაკრძალი ოთახი სრულიად ხელშეუხებელი იყო. მის გარდა, აქვე იყო მისი მხედართმთავრის, XXII დინასტიის ფარაონის შეშონკის და სხვა პირების ვერცხლის სარკოფაგები. სამარხში აღმოჩენილი ოქროს ნიღბები, ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი და უამრავი ძვირფასეულობა ტუტანხამონის განძზე არანაკლებ სენსაციური იყო, მაგრამ ეს ცნობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ გადაფარა.