პაინოჯემ I
პაინოჯემ I - ამონის მთავარი ქურუმი თებეში XXI (ტანისის) დინასტიის დროს.
პაინოჯემ I-მა თანამდებობა ჩვ.წ.-მდე 1070 წ. თავისი მამის, ასევე მთავარი ქურუმის, პიანხის შემდეგ მიიღო. ამ დროისათვის წონასწორობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის უკვე დამყარებული იყო. თებეს ქურუმები აღიარებდნენ ჩრდილოეთის ფარაონებს, თუ, თავის მხრივ, ისინიც აღიარებდნენ ხერიხორის მიერ დაარსებულ თებეს მთავარი ქურუმის ინსტიტუტს (რომელიც, იმავდროულად, სამხრეთ ეგვიპტის მთავარსარდალიც უნდა ყოფილიყო). ამ თავისებური ალიანსის გამყარება ქორწინებების საშუალებითაც დაიწყო. პაინოჯემ I-მა ცოლად შეირთო სმენდესის და ტენტამუნის ქალიშვილი ხენტტაუი. იმავდროულად, ის შესაძლოა სმენდესის ნათესავიც იყო.
ამ პერიოდისათვის ფარაონების სამარხების ძარცვა იმდენად ჩვეული გახდა, რომ პაინოჯემს წილად ერგო თოტმეს II-ის, ამონხეტეპ I-ის და რამსეს I-ის, II-ის და III-ის გადასვენება დეირ ელ-ბაჰარის სამალავში. ელ ჰიბესთან, რომელიც ამ დროისათვის ფარაონის და თებეს სამფლობელოების საზღვარს წარმოადგენდა, მან დაიწყო საფორტიფიკაციო კედლის შენება, რომელიც ჩვენ დრომდეა შემორჩენილი.
თავის ქალიშვილს, მაატკარას, პაინოჯემმა ამონის ცოლის თანამდებობა მიანიჭა. მისი სამი ძმა ასრულებდა ამონის მეორე მისნის, ამონის ტაძრის მნეს და მედინეტ ჰაბუს მნეს მოვალეობებს. ამ დროისათვის მისი ამბიციები თანდათან იზრდება. მართალია, მან ჩაატარა მცირედი სამუშაოები კარნაკში და მედინეტ ჰაბუში, მაგრამ „მიითვისა“ რამსეს II-ის მიერ დაგებული სფინქსების ალეა (გადააწერა ზემოდან თავისი სახელი) და ამაყად განაცხადა, რომ გააკეთა „ის, რაც არც ერთ მეფეს არ ჩაუდენია“.
სმენდესის მეფობის მეთხუტმეტე წლისათვის პაინოჯემი უკვე ღიად აცხადებს პრეტენზიას მეფობაზე და იწყებს სამეფო რეგალიების მითვისებას. ხონსუს ტაძარში, სადაც მან დაასრულა პილონის მორთვა, პაინიჯემს მიღებული აქვს ხორის სახელი და თავს „ზემო და ქვემო ეგვიპტის“ მეფედ აცხადებს. მისი „მეფობა“ დადასტურებულია ბევრ წარწერაში კარნაკში, აბიდოსში, კოპტოსში, ელ ჰიბეში და ტანისშიც კი, ე.ი. მისი „მეფობა“ აღიარა ტანისმაც. რატომ „გაბედა“ პაინოჯემმა თავისი თავის მეფედ გამოცხადება მაინცდამაინც სმენდესის მეფობის მეთხუტმეტე წელს, და რატომ იქნა მისი გამეფება ასე ადვილად მიღებული, ნათელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ასეთმა „თანამმართველობამ“ თავისი შედეგი გამოიღო. „გამეფების“ შემდეგ სმენდესმა ამონის მთავარ ქურუმად დანიშნა თავისი შვილი მასაჰარტა, მისი გარდაცვალების მერე – შემდეგი შვილი, ჯედხონსეფანხი, მაგრამ, სავარაუდოდ ისიც მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ამონის მთავარი ქურუმის მოვალეობის შესასრულებლად თებეში ჩადის პაინოჯემის უმცროსი შვილი მენხეპერრა, რომელიც თავად ამონის ორაკულმა „გამოიძახა“. მენხეპერრა, უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, სამხრეთ ეგვიპტის მთავარსარდალიც ხდება. 1043 წ., სმენდესის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ადის მისი შვილი ამენემისუ, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე ხანდაზმული კაცი იყო და მალე გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მას მემკვიდრე არ დარჩენია, რადგან შემდეგი ფარაონი ტანისში ხდება ფსუსენეს I, პაინოჯემის კიდევ ერთი ვაჟიშვილი. ითვლება, რომ მის გამეფებას პაინოჯემის „მეფობამ“ და ჩრდილოეთთან „თანამმართველის“ სტატუსმა შეუწყო ხელი. ფსუსენეს I-ის გამეფების შემდეგ პაინოჯემი მალე გარდაიცვალა. ის მეფისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალეს თებეში, თოტმეს I-ის სარკოფაგში.