პიანხი (ქურუმი)
პიანხი – ამონის მთავარი ქურუმი თებეში და სამხრეთის მთავარსარდალი ხერიხორის შემდეგ, სავარაუდოდ მისი ვაჟიშვილი ან სიძე. თანამდებობას იღებს რამსეს XI-ის მეფობის ოცდამეხუთე წელს (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 1074 წ.) მის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, მაგრამ მან ამონის ორაკულის მეშვეობით, ამონის მეორე მისნის თანდასწრებით, დანიშნა ვინმე ნესამონი ამონის ტაძრის საკუჭნაოების გადამწერად, ხოლო თავისი უფროსი შვილი პაინოჯემი (პაინოჯემ I) – თავის მემკვიდრედ. აქ საქმე გვაქვს ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან: ამონის ორაკულის საშუალებით შემდეგში თებეს მთავარი ქურუმი ხშირად მეფეებსაც ხელმძღვანელობდა. იმავდროულად, საქმე გვაქვს თებეს მთავარი ქურუმების და მთავარსარდლების დინასტიის ჩამოყალიბებასთან. მაგრამ პიანხის მმართველობის დროს აღდგა წლების დათარიღება რამსეს XI-ის მეფობის წლებით, და არა ხერიხორის მიერ დაწყებული ე.წ. „რენესანსით“ (whm mś w.t, „დაბადების გამეორება“), როცა რამსესის გამეფებიდან მეცხრამეტე წელს ხერიხორმა თავიდან დაიწყო წლების ათვლა. პიანხის ქურუმობის პერიოდით დათარიღებულ აბიდოსის სტელაზე, რამსეს XI-ის ოცდამეშვიდე, და არა რენესანსის მეცხრე წელია მოხსენიებული.