რამსეს XI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამსეს XI

რამსეს XI – (ჩვ.წ.-მდე 1100-1070 წწ.) უკანასკნელი რამესიდი და XX დინასტიის უკანასკნელი ფარაონი.

მისი მეფობის დროს კულმინაციას მიაღწია კრიზისმა, რომელიც თანდათან იკრებდა ძალას წინა რამესიდების დროს. ეგვიპტის გეოგრაფიული დაყოფა ორ ნაწილად (გაშლილი დელტა ჩრდილოეთში და ნაყოფიერი მიწის ვიწრო დაბლობი სამხრეთში), რომელიც ძლიერი ფარაონების ხელში ქვეყნის უკეთესად ადმინისტრირებას უწყობდა ხელს (მაგ. ქვეყანას ჰყავდა ორი ვეზირი, ჩრდილოეთში და სამხრეთში), ასეთ პერიოდებში, პირიქით, ქვეყნის დაშლას აადვილებდა. ამას ემატებოდა ნუბია, რომელსაც ასევე საკუთარი მეფისნაცვალი ჰყავდა.

რამსესის XI-ის მეფობის პირველ წლებში ამონის მთავარი ქურუმი თებეში, ამონემხატი, ფაქტიბრივად აღარ ემორჩილებოდა ფარაონს, და რამსესმა მისი გადასახლებაც კი ბრძანა. ამ საქმეში დასახმარებლად მან მიმართა ნუბიის ნაცვალს, პანეხსის. რამსესმა პანეხსის სთხოვა ასევე, დაემყარებინა წესრიგი თებეს რაიონში და უფრო ჩრდილოეთით, კინოპოლისამდე. ყველაფერმა ამან მომავალში საკმაოდ გაართულა საქმე. ამონემხატი გარკვეული დროის შემდეგ კვლავ იბრუნებს თანამდებობას, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამონის მთავარი ქურუმი ხდება რამსეს-ნახტი, სავარაუდოდ ამონემხატის შვილი.

რამსესის მეფობის მეცხრამეტე წელს თებეში ჩნდება სრულიად ახალი მთავარი ქურუმი, ხერიხორი. მისი წარმომავლობა უცნობია, მაგრამ ეს ადამიანი იქამდე უპრეცედენტო ძალაუფლებას იხვეჭს. ამონის მთავარი ქურუმის გარდა, ის თავს სამხრეთ ეგვიპტის ვეზირად, ნუბიის ნაცვალად და მთავარსარდლად აცხადებს, და თავიდან იწყებს წლების ათვლას, რის უფლებასაც ადრე მხოლოდ ფარაონები აძლევდნენ თავს. ხერიხორს ებრძვის პანეხსი, რომელსაც თავი ასევე სამხრეთ ეგვიპტის თავისებურ ბატონად მიაჩნია, და ეს ყველაფერი უფრო ამძიმებს სიტუაციას ქვეყანაში, რომელსაც აღარ ჰყავს რეალური მმართველი. სიტუაციას ამძაფრებს ლიბიელების თარეშიც დასავლეთ რეგიონებში.

ასეთ ვითარებაში ჩრდილოეთში რეალურ ძალაუფლებას ხელში იგდებს ვინმე სმენდესი (ნესიბანებჯები), რომლის წარმომავლობა ასევე ბუნდოვანია. ჩვენამდე მოაღწია ამ დროის პაპირუსმა, სადაც აღწერილია ვინმე უნამუნის მოგზაურობა ბიბილოსში ამონის ახალი საზეიმო ბარკისათვის კედარის ჩამოსატანად. მას თებედან ისტუმრებს ხერიხორი, ჩრდილოეთში კი ხვდება არა ფარაონი, არამედ სმენდესი, რომელიც მას ტანისიდან ამგზავრებს. ამდენად, უკვე რამსესის სიცოცხლეში ქვეყანა რეალურად ორმა ძლიერმა ადამიანმა გაიყო.

რამსესის გარდაცვალების შემდეგ სმენდესმა თავი ფარაონად გამოაცხადა, მაგრამ მისი უფლებამოსილება არ სცილდებოდა ჩრდილოეთ ეგვიპტეს. სამხრეთის მბრძანებლები ამონის ქურუმები იყვნენ, რომლებმაც ეს თანამდებობა მემკვიდრეობითად გამოაცხადეს. რამსესმა დაიწყო თავისი სამარხის აგება თებეში (KV 4), მაგრამ ის არ არის დასრულებული და ფარაონი იქ არ დაუკრძალავთ. მისი სამარხი დღემდე არ არის ნაპოვნი.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები