თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თებე

თებე – (ძვ. ბერძნ. Θῆβαι; არაბ. طيبة‎), ქალაქი, რომელიც შუა სამეფოს დროიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეგვიპტის დედაქალაქი იყო. მდებარეობდა ზემო ეგვიპტის მეოთხე ნომში, რომელსაც იგივე სახელი („სკიპტრა“) ერქვა, ხმელთაშუა ზღვიდან 800 კმ. სამხრეთით, თანამედროვე ქ. ლუქსორის ადგილზე. როცა ის ეგვიპტის დედაქალაქი გახდა, ძველი, ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქის – მემფისისაგან განსასხვავებლად „სამხრეთის ქალაქს“ (nw.t rśwt), ან უბრალოდ „ქალაქს“ (njwt ან nwt) ეძახდნენ. მოიხსენიებდნენ ასევე, როგორც „უასეტს, ამონის ქალაქს, ყველა ქალაქის ქალბატონს“ (niwt W3śt nt Imn hnwt nt dmi nb Gardiner).

დადგენილი არ არის, თუ რატომ დაარქვეს ბერძნებმა თებეს თავიანთი დიდი ბეოტიური ქალაქის სახელი, რაც პირველად ჰომეროსთან („ილიადა“, წიგნი IX) არის დაფიქსირებული, რომელიც გვიყვება ბრწყინვალე ქალაქზე ასი კარიბჭით. ითვლება, რომ ბერძნებმა ეგვიპტური ქალაქის (ან მისი ნაწილის) სახელის ჟღერადობა მიამსგავსეს საკუთარი ქალაქის სახელს (The bais). შესაძლოა, ეს იყო „T3 ‘Ipt“, ლუქსორის ტაძრის ეგვიპტური სახელი. თებეს აღზევება ქვეყნის პოლიტიკურმა ისტორიამ განაპირობა. მართალია, ადგილი ჯერ კიდევ წინადინასტიურ პერიოდში იყო დასახლებული, მაგრამ ძველი სამეფოს პერიოდში მისი ისტორია ბუნდოვანია, რადგან, თუმცა ის ნომის დედაქალაქი იყო, თავისი მნიშვნელობით მესამეხარისხოვან, პატარა პროვინციულ ქალაქს წარმოადგენდა.

თებეში ძველი სამეფოს პერიოდის მხოლოდ ორი სამარხია ნაპოვნი. სავარაუდოდ, ეს იყო პატარა დასახლება, რომელსაც საკუთარი სახელიც კი არ ჰქონდა, და როცა ზრდა დაიწყო, ნომის სახელი დაარქვეს. მაგრამ ორჯერ ეგვიპტის ისტორიაში სწორედ თებეს ნომარქებმა მოახდინეს დაქუცმაცებული ეგვიპტის თავიდან გაერთიანება. პირველი გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ თავისი წინაპრების საქმე დააგვირგვინა მონტუხეტეპ II-მ (დაახლ. 2040 წ.ჩვ.წ.-მდე, XI დინასტია), რომლის მეფობით იწყება შუა სამეფოს პერიოდი, ახალი სამეფო კი ისევ თებელის, იახმეს I-ის (დაახლ. 1550 ჩვ.წ.-მდე, XVIII დინასტია) მიერ ჰიკსოსების საბოლოოდ განდევნით იწყება.

შუა სამეფოს დროიდან გამარჯვებულმა ფარაონებმა დაიწყეს თებეს აღზევება. მას „გამარჯვებულს, ყველა ქალაქის ქალბატონს“ ეძახდნენ. მოხდა მისი, როგორც მეომარი ქალღმერთის პერსონიფიცირება, და გამოისახებოდა მშვილდით, ისრებით და ხანჯლით ხელში. XII დინასტია ამონემხატ I-ით იწყება. „ამონემხატი“ ეგვიპტურად ნიშნავს „ამონი არის წინ“. ეს აქამდე ბუნდოვანი ღმერთის პირველი თვალსაჩინო გამოჩენაა. ამიერიდან ამონი, როგორც მმართველი ოჯახის ღმერთი, საოცარი სისწრაფით იხვეჭს პოპულარობას და უკანა პლანზე სწევს მინს, უძველეს ლოკალურ ღმერთს. ის შეერწყა რას (ამონ-რა) და არა მარტო თებაიდის, არამედ მთელი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება ხდება, იძენს დემიურგის თვისებებს. იქმნება ახალი კოსმოგონიური სისტემა, რომლის თანახმად სამყაროს შექმნა ამონ-რას მიერ სწორედ თებეში მოხდა.

თებე შუა სამეფოს და XVIII დინასტიის ბრწყინვალე ფარაონების სამშობლო იყო და იმავდროულად ეგვიპტის უზენაესი ღმერთის, ამონის ქალაქად მოიაზრებოდა. აქ მდებარეობდა ამონის გრანდიოზული ტაძრები. აქ, შუა სამეფოდან მოყოლებული, უზარმაზარი სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა. ქალაქში დაგროვილი იყო აურაცხელი სიმდიდრე. მიუხედავად ამისა, თავისი მდებარეობით ქვეყნის ღრმა სამხრეთში თებეს არ ჰქონდა სტრატეგიულად კარგი მდებარეობა ქვეყნის დედაქალაქისათვის, და ამიტომ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ფარაონებს ქვეყნის მართვა სხვა, სტრატეგიულად უფრო მოხერხებული ქალაქებიდან ერჩიათ: შუა სამეფოს დროს ეს იყო იტ-ტაუი (თანამედროვე ლიშთტან), ახალი სამეფოს დროს ისევ მემფისი და შემდეგ პი-რამსესი.

მესამე გარდამავალი პერიოდის დროს, როცა ეგვიპტეში ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა ჩამოყალიბდა, და ჩრდილოეთს ფარაონები, სამხრეთს კი თებეს ქურუმები განაგებდნენ, თებე ამონის თეოკრატიის დედაქალაქი გახდა, რომელიც მოიცავ და ზემო და შუა ეგვიპტეს ელ-ჰიბამდე, XXIII დინასტიიდან კი მას ამონის „ღვთაებრივი მეუღლეები“ მართავდნენ, რომელთა დროსაც თებემ თანდათან დაკარგა თავისი პოლიტიკურ მნიშვნელობა.

თებე ნილოსის ორივე ნაპირზე იყო განლაგებული. ქალაქის ძირითადი საცხოვრებელი ნაწილი აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობდა. აქვე, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა მინის, მუტის, ხონსუს და სხვა ღმართების ტაძრები და ამონის კარნაკის ტაძარი, რომელიც დაახლოებით სამ კილომეტრიანი გზით იყო დაკავშირებული სამხრეთით მდებარე იტიფალიური ამონის ლუქსორის ტაძართან. დასავლეთ ნაპირზე მდებარეობდა XI და XVIII-XX დინასტიების ფარაონების მოსახსენიებელი ტაძრები, რომელთა ჯაჭვი იწყება სეტი I-ის ტაძრით (გურნა) ჩრდილოეთში და სამხრეთში რამსეს III-ის ტაძრით (მედინეტ ჰაბუ) მთავრდება. მედინეტ ჰაბუს სამხრეთით მდებარეობს ამონხეტეპ III-ის ცნობილი სასახლე ელ-მალკატასთან. აქვეა დეირ-ელ-ბაჰარის ტაძრები და მეფეთა და დედოფალთა ველები, ასევე კერძო პირთა უზარმაზარი ნეკროპოლისი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები