მონტუხეტეპ II
მონტუხეტეპ II – ეგვიპტის ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2040-2010 წწ.) მისი მეფობით იწყება ახალი ერა – შუა სამეფოს ხანა. ის გამეფებისთანავე იწყებს ომს ჩრდილოეთის წინააღმდეგ და გამარჯვებას გამარჯვებაზე იხვეჭს. იგი ამარცხებს ჰერაკლეოპოლისის მოკავშირეებს ასიუტის ნომარქებს, ჰერმოპოლისის ნომარქებს და გამეფებიდან მეცხრე წელიწადს უტევს ჰერაკლეოპოლისს. ამ ბრძოლაში იგი ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს და კვლავ გაერთიანებული ეგვიპტის ფარაონი ხდება. ამ გამარჯვების შემდეგ მონტუხოტეპი იღებს ხორის ახალ სახელს, „ორივე ქვეყნის გამაერთიანებელი“. აღსანიშნავია, რომ მან პატივი მიაგო თავის დიდ წინაპარს – ინტეფს, იკუს ვაჟს, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ჰერაკლეოპოლისელთა წინააღმდეგ, და მის პატივსაცემად სტელა აღმართა. თავისი ბრწყინვალე მეფობის დროს იგი არ შემოფარგლულა ეგვიპტის ტახტის მოპოვებით: ერთიმეორის მიყოლებით აწარმოებს მრავალ სამხედრო კამპანიას, და აღადგენს ეგვიპტის ბატონობას ნუბიაში, წესრიგს ამყარებს დასავლეთის უდაბნოში, სადაც ამარცხებს ლიბიელთა ტომებს, და სინაიზე. მისი წარწერები ნაპოვნია ნილოსის პირველ ჭორომთან, აბისკოსთან, ჰატნუბის და ვადი ჰამამატის სამტეხლოებთან და სხვ.
მონტუხეტეპის სამშენებლო მოღვაწეობა ძირითადად ზემო ეგვიპტით შემოიფარგლებოდა: გებელენში ააგო სამლოცველო ხატხორის ძველ ტაძარში, ტოდში გადააკეთა მონტუს ძველი ტაძარი, დენდერაში ააგო სამლოცველო, მიძღვნილი ხატხორის, ხორის, ხორახტის და მინისადმი, მიაშენა ახალი ნაგებობები ოსირისის ტაძარს აბიდოსში. მაგრამ მის ყველაზე შთამბეჭდავ ნაგებობას მისი სამარხი წარმოადგენს, რომელიც მან დეირ-ელ-ბაჰარიში, თავისი წინაპრების სამარხებიდან დასავლეთით, დაახლ. 2 კმ.-ის დაშორებით ააგო. ეს კლდეზე ტერასებად განლაგებული ნაგებობა, რომელსაც თავზე სვეტებით გარშემორტყმული პირამიდა ადგას, ხატშეპსუტის ცნობილი ტაძრის ერთგვარ პროტოტიპად არის მიჩნეული. მონტუხეტეპის დამსახურებას ეგვიპტის კვლავ გაერთიანების საქმეში თვითონ ეგვიპტელები აღიარებდნენ, და მრავალი საუკუნის შემდეგაც, XX დინასტიის კერძო პირების სამარხებში მრავლად არის წარწერები, რომლებიც ხოტბას ასხამს მას.