მონტუ
მონტუ – (ეგვ. Mntw), ამონის აღზევებამდე თებეს ნომის (მეოთხე ზემოეგვიპტური ნომი) მთავარი ღვთაება. გამოისახებოდა შევარდნის თავით, თავზე ურეუსით გარშემორტყმული მზის დისკოთი და მაღალი ბუმბულების წყვილით მოიხსენიებდნენ, როგორც „თებეს ხორს“ და „ხორს, ძლიერ მკლავით“, რაც მის ომის მოყვარე ბუნებაზე მიუთითებს.
მონტუ ხარის კულტთანაც იყო დაკავშირებული, როგორც „მონტუ – ხარი ჰერმონთისიდან“. მისი ცხოველის სახელი იყო ბუხის (ეგვ. bh, სახელის მნიშვნელობა უცნობია). ბუხის ეთაყვანებოდნენ თეთრი ხარის სახით. ჰერმონთისთან ნაპოვნია ამ ხარების სასაფლაო, სადაც მათ XXX დინასტიიდან კრძალავდნენ. თუმცა მონტუ მოხსენიებულია პირამიდების ტექსტებში, შუა სამეფომდე მის შესახებ, ისევე, როგორც ზოგადად თებეს ნომის შესახებ, პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მას ეთაყვანებოდნენ ნომის ქალაქებში ჰერმონთისში, ტუფიუმში (ელ-თოდში), მედამუდში და კარნაკში. მოიხსენიებდნენ, როგორც „თებეს ბატონს“. პირველი გარდამავალი პერიოდის თებეს ნომარქების ოჯახისათვის (ინტეფები) მონტუ სავარაუდოდ მთავარი ღვთაება იყო, რომელსაც ისინი ჰელიოპოლისის რა-ხორახტის საპირისპიროდ მოიხსენიებდნენ, როგორც „დიდ ღმერთს, ზეცის ბატონს“.
მონტუ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა თებეში ასევე ინტეფების ოჯახის წარმომადგენლის, XI დინასტიის დამაარსებლის, მონტუხეტეპ I-ის დროს, მაგრამ ამონემხატ I-ის გამეფების შემდეგ (XII დინასტია) მონტუმ პირველობა ამონს დაუთმო, თუმცა შეინარჩუნა დიდი ღმერთის მდგომარეობა და კარნაკში საკუთარი ტაძარიც ჰქონდა. XXII დინასტიიდან მონტუს ქურუმებს ამონის სამფლობელოში თვალში საცემად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ეკავათ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მონტუ თავისი არსებით ჰელიოპოლისის მზის ღმერთის ერთგვარ დაპირისპირებად იყო მოაზრებული. ჰერმონთისში მონტუს გვერდით იყო ორი ქალღმერთი, რომლებთან ერთადაც ის ტრიადას ქმნიდა. ესენი იყვნენ იუნიტი (wnj.t, „ჰერმონთისელი“) და ჩენენეტი (Tnn.t, „აღზევებული“). ორივე მონტუს ცოლად იყო მიჩნეული. უფრო გვიან ჩენენეტი შეერწყა რატს (ან „ორივე მიწის რატს“). რატი აშკარად თებეს ან ჰერმონთისის ქურუმების ქმნილება იყო და წარმოიდგინებოდა, როგორც მდედრობითი მზე, ან მზის თვალი.