მზის თვალი
მზის თვალი – ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური მითის თანახმად, ზეცა დიდი შევარდენი იყო, მისი თვალები კი მზე და მთვარე. მითოლოგიური ციკლების ურთიერთგადახლართვის პროცესში მზე და მთვარე შევარდნის სახის ღმერთის, ხორის თვალები გახდა, რას რელიგიის აღზევების შემდეგ რა თვალის მითსაც დაუკავშირდა, და შედეგად მზე და მთვარე ასევე რას თვალებად შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მაგრამ თანდათან „მზის თვალი“ რას თვალი გახდა, რადგან რა თავად იყო მზე.
ეგვიპტურ ენაში სიტყვა „თვალი“ (ir:t) მდედრობითი სქესის იყო, და ღვთაების თვალის პერსონიფიკაცია ქალღმერთად. მოხდა რას თვალთან იყო გაიგივებული ხატხორი, ბასტეტი, მუტი და სხვა, ძირითადად ლომის სახის მქონე ქალღმერთები. რას თვალი წარმოიდგინებოდა, როგორც მისი ქალიშვილი და დამცველი, და მასთან წყალი და ცეცხლი ასოცირდებოდა. მისი ცრემლები ქმნიდა სიცოცხლეს, მისი ცეცხლი კი ღვთაებრივი წესრიგის მტრებს ანადგურებდა.
ერთ-ერთი მითის თანახმად ატუმი (რომელიც რას ერთ-ერთი სახე იყო ასევე დაკავშირებულია რას თვალთან. მას შემდეგ, რაც ატუმმა დაიწყო სამყაროს შექმნა, მას დაეკარგა პირველყოფილი ქაოსის, ნუნის წყლებში მის მიერ შექმნილი ღმერთების პირველი წყვილი შუ და ტეფნუტი. ატუმმა გააგზავნა თავისი თვალი, რომ მას გაენათებინა წყვდიადი და მოეძებნა ღმერთები. თვალმა მოიყვანა შუ და ტეფნუტი, მაგრამ ამასობაში ატუმს ახალი, „ბრწყინვალე“ თვალი გაეზარდა, და „ძველმა თვალმა“ სიბრაზისაგან ტირილი დაიწყო. მითის ერთი ვერსიის თანახმად, ადამიანები გაბრაზებული თვალის ცრემლებისაგან შეიქმნა, მეორე ვერსიით ბრწყინვალე თვალის სიხარულის ცრემლებისაგან. ატუმმა მოახერხა გაბრაზებული თვალის დაწყნარება თავის შუბლზე დაისვა, როგორც ურეუსი. ამგვარად, მზის თვალი ურეუსიც იყო და ამ იპოსტასში, როგორც კობრას სახის ქალღმერთს, ყველაზე უფრო დამანგრეველი ძალა ჰქონდა.
მეორე მითის თანახმად, მზის თვალი ანადგურებს ადამიანებს, რომლებიც მზეს აუჯანყდნენ. მზის თვალი ასევე მზის გამანადგურებელი სიცხის განსახიერებაც იყო. მას შეეძლო სიცოცხლის მომტანი წყლის დაშრობა და მიწის უდაბნოდ გადაქცევა. ერთ-ერთი მითის თანახმად, რას თვალი განაწყენდება თავის მამაზე და მიდის უდაბნოში. რას ენატრება ქალიშვილი და იმავდროულად ესაჭიროება ის, რადგან თვალმა რა ქაოსის ძალებისაგან უნდა დაიცვას. ის აგზავნის ღმერთებს მძვინვარე ქალღმერთის მოსაყვანად. თოტი, შუ ან ონურისი მითის რამდენიმე ვერსია არსებობს), ახერხებენ მზის თვალის დაწყნარებას და ის ბრუნდება ეგვიპტეში, რაც საყოველთაო ზეიმს იწვევს. ამის შემდეგ ის რას ცოლი ხდება და აჩენს ჩვილს, რომელიც რას განახლებულ სახედ არის წარმოდგენილი.