ხატხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Xatxori.PNG

ხატხორი – ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი ქალღმერთი, რომელიც მოიაზრებოდა, როგორც სიყვარულის, სილამაზის, დედობის, მუსიკის, ცეკვის და მხიარულების პერსონიფიკაცია. გამოისახებოდა მენატ-მძივით შემკული ძროხის სახით, რქებს შორის მზის დისკოთი, ან ანთროპომორფულად, თავზე მზის დისკოთი და ძროხის რქებით. გვიანდელ (ძირითადად ბერძნულ-რომაულ) პერიოდში ჩნდება მისი გამოსახულებები ქალის ტანით და ძროხის თავით. ხატხორი გამოისახებოდა ასევე, როგორც ქალის თავი ძროხის ყურებით და თავზე სისტრუმით. ხატხორის ეს სახე ჩვეულებრივ სვეტის კაპიტელის როლს ასრულებდა. ზოგიერთი ვარაუდით, ძროხის გამოსახულება ნარმერის პალეტის თავზე ხატხორის უნდა იყოს, თუმცა დღეისათვის დაფიქსირებული ხატხორის უძველესი ტაძარი გებელენში მესამე დინასტიით არის დათარიღებული.

მეოთხე დინასტიიდან ხატხორი ხდება უდიდესი ქალ-ღმერთი, რომელიც ტოლს არ უდებს რას. ის არის მზის თვალი, ყველა ქალღმერთის უფროსი და ფარაონის ღვთაებრივი დედა. ითვლება, რომ მისი სახელი (ეგვ. H.tHr), რომელიც ითარგმნება, როგორც „ხორის სახლი“, ნიშნავს ზეცას (რადგან ხორის სახლი ზეცაა). ხატხორის სახელით ზეცა პირამიდების ტექსტებშიც არის მოხსენიებული. იმავდროულად, ძველი ტექსტის მიხედვით, ხატხორი ხორის დედა და ოსირისის მეუღლეა და ამ შემთხვევაში „ხორის სახლი“ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით იქნას გაგებული. პირამიდების ტექსტებში გაბნეული გამონათქვამებიდან აშკარაა, რომ ხატხორი მოიაზრებოდა, როგორც მთელი ენეადის პერსონიფიკაცია, და ამ თვალსაზრისით, ასევე ხორის დედა.

რას კულტის აღზევების შემდეგ ფარაონი, რომელიც ხორის მიწიერ განსახიერებად იყო მიჩნეული, რას ვაჟიშვილი გახდა. საჭირო იყო ქალღმერთი, რომელიც რას ცოლი გახდებოდა, და ქურუმებმა ამ როლისათვის ხატხორი შეარჩიეს. რას ცოლი უნდა ყოფილიყო ქალღმერთი, რომელიც მთელი ენეადის (ანუ მეფის ღვთაებრივი გენეალოგიის) პერსონიფიკაცია იქნებოდა, და ამიტომ ხატხორის სახელში „სახლი“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გენეალოგია“ და ასევე როგორც „საშვილოსნო“, რადგან ხატხორი ხორის დედაც იყო. „ხორის სახლის“ ადგილმდებარეობაზე თვითონ ეგვიპტური ტექსტები მოგვითხრობს: „ჩვენ აღვზევდებით ხორის სახლში, რომელიც არის ცაში“. ამდენად, ხატხორი გახდა რას ცოლი, რომელსაც უნდა გაეჩინა და აღეზარდა ღვთაებრივი ბავშვი, ეგვიპტის მომავალი ფარაონი. და მართლაც, სატაძრო არქივების მონაცემებით, რა, ხატხორი და ხორი (ხაროერისი) ძველი სამეფოს ყველაზე დიდი ღვთაებები იყვნენ. ამავე პერიოდში დედოფალი, რომელიც, შესაძლოა, ხატხორის მიწიერ განსახიერებად მოიაზრებოდა, ხატხორის ქურუმის როლს ასრულებდა.

ხატხორმა უძველეს დროში შთანთქა ეგვიპტეში ძალიან გავრცელებული ძროხის მრავალი კულტი, ამიტომ მისი კულტის წარმოშობის ზუსტი ადგილის დადგენა დღეს შეუძლებელია, მაგრამ ძველი სამეფოს დროს მისი თაყვანისცემის მთავარი ადგილი დენდერა იყო. აქ მისი კულტი გადაეჯაჭვა ედფუს ხორს, რომელსაც დენდერაში ტაძარი ჰქონდა. ყოველ წელიწადს ხატხორი ორი კვირით „მიბრძანდებოდა“ დენდერადან ედფუში, სადაც მისი ჩასვლის დღეს „ლამაზი ჩახუტების“ დღესასწაული ტარდებოდა. მისი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ადგილები იყო ასევე დიოსპოლის პარვა, კუსა, ატფიჰი, აკორისი. ხატხორმა „შთანთქა“ მრავალი ხის ქალღმერთი. ის „ფინიკის პალმის ქალბატონი“ იყო, მემფისში კი, როგორც „სიკომორის ქალბატონი“, გადაეჯაჭვა პტახს. ახალ სამეფოში რიტუალური პროცესიით პტახს მიაბრძანებდნენ სიკომორის ქალბატონთან, რომელიც მის ქალიშვილად ითვლებოდა. როგორც ხის ქალღმერთი, ხატხორი გარდაცვლილთა მშველელი იყო და მათ სასმელს აწვდიდა. ხატხორის, როგორც გარდაცვლილთა ქალღმერთის კულტი განსაკუთრებით ძლიერი იყო თებეში, თუმცა მას აქ ძროხის სახე ჰქონდა და „ხატხორს, ოქროს ძროხას“ ეძახდნენ. ხატხორის კულტი გატანილი იყო ასევე სინაიზე და ნუბიაში. სინაიზე მას ახალი სამეფოს დროს აუგეს ტაძარი (სერაბიტ ელ-ხადიმში), და ეთაყვანებოდნენ, როგორც „ფირუზის“ და „მალაქიტის ქალბატონს“. იყო ასევე „ნუბიის“ და „პუნტის ქალბატონი“. ბერძნებმა ხატხორი აფროდიტასთან, რომაელებმა კი ვენერასთან გააიგივეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები