ძროხა (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
ძროხა – ძროხას განსაკუთრებული ადგილი ეკავა ეგვიპტის ცხოველების კულტებს შორის. ძროხის სახით ეგვიპტელები ცას ეთაყვანებოდნენ. ის იყო ასევე დიდი ქალღმერთების, ხატხორის და ისიდას ცხოველი.
ანტიკური ავტორები ძროხის თაყვანისცემის სამ ძირითად ლოკალობას ასახელებენ – მომეფისს, აფროდიტოპოლისს და კუსას. მომეფისის ძროხას მთელ ეგვიპტეში ეთაყვანებოდნენ, ის მესაქონლეობის მფარველად ითვლებოდა. მისი სახელი სეხატ-ხორი ითარგმნება, როგორც „ის, ვინც ხორს გვაგონებს“. მის რძეს წოვდა ხორი, ამიტომ ასოცირდებოდა ისიდასთანაც, თუმცა მისი ძირითადი ქალღმერთი ხატხორი იყო, რომელსაც მომეფისში საკუთარი კულტი ჰქონდა. ახალი სამეფოს დროს სეხატ-ხორი, რომელიც ხესატის ძროხასთან გააიგივეს, ახალგაზრდა მეფის გამომკვებად გვევლინება. იმავდროულად, ის ანუბისის და საკრალური ხარების მნევისის და აპისის დედა ხდება. კუსას ძროხის შესახებ არაფერია ცნობილი. მას ცენტეტი ერქვა და ადგილობრივი ხატხორის საკრალური ცხოველი იყო. ძროხა გარდაცვლილისთვისაც ძალიან საჭირო ცხოველად ითვლებოდა – მათ არა მარტო საკვებს აწვდიდა, ზეცაში აღზევებაშიც ეხმარებოდა. პირამიდების ტექსტებში ვხვდებით ასევე დიდ გარეულ ძროხას, რომელიც მეფის დედად გვევლინება.