აპისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპისის ქანდაკება, XIII დინასტია

აპისი(ეგვიპტ.) მემფისის ერთ-ერთი ღვთაება შავი ხარის სახით, ნაყოფიერების ღმერთი, რომელსაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი გაღმერთებულ ცხოველებს შორის. პალერმოს ქვაზე მისი კულტი უკვე I დინასტიის დროს არის დაფიქსირებული. აპისის კულტის სამშობლოდ მემფისი ითვლება. იგი მოიხსენიება, როგორც „პტახის სული“ ან „ორაკული“.

ხარის ბუნებრივი სიძლიერის გამო აპისი ასოცირებული იყო ფარაონთან. ხებ-სედის რიტუალის ერთ-ერთ ფაზაში ფარაონი აპისის გვერდით მიაბიჯებდა. გარდაცვლილი ფარაონის კულტის ოსირიანიზაციის შემდეგ მოხდა აპისის შერწყმა ოსირისთან ოსირის-აპისის სახით. პტოლემაიოსების დროს შექმნილი ეგვიპტურ-ბერძნული ღვთაების, სერაპისის ეგვიპტურ ნაწილს სწორედ ოსირის-აპისი წარმოადგენდა. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ აპისის რიტუალური რბოლა ანაყოფიერებს მინდვრებს და ამრავლებს გარდაცვლილისადმი მიტანილ შესაწირს. მინდვრების გასანაყოფიერებლად უძველესი დროიდან ტარდებოდა აპისის მიერ მინდვრების რიტუალური შემოვლა, რომელსაც ზეიმის სახე ჰქონდა და „აპისის რბოლა“ ეწოდებოდა. ჩვეულებრივ აპისის კულტი ერთ შავ ხარზე იყო კონცენტრირებული, რომელიც განსაკუთრებული ნიშნებით იყო შერჩეული. სიცოცხლეში აპისი ცხოვრობდა სპეციალურ საცხოვრისში, რომელსაც ბერძნები „აპეიონს“ ეძახდნენ (ჰეროდოტე, II, 153; სტრაბონი XVII, 807). ის პტახის ტაძრის სიახლოვეს მდებარეობდა. აპისისადმი ბევრი დღესასწაული იყო მიძღვნილი. გარდაცვალების შემდეგ ხდებოდა ხარის მუმიფიცირება და დაკრძალვა სპეციალური რიტუალის მიხედვით, შემდეგ კი ქურუმები მთელ ეგვიპტეში დაეძებდნენ მომდევნო აპისს, რომელიც განსაკუთრებული ნიშნებით იყო გამორჩეული ყველა სხვა ცოცხალი ხარისაგან. 1851 წ. ფრანგმა ეგვიპტოლოგმა ო. მარიეტმა აღმოაჩინა აპისის ხარების სასაფლაო (სერაპეუმი) საქქარაში, მემფისის ნეკროპოლისში. ესაა გრანდიოზული მიწისქვეშა ნაგებობა, სადაც უზარმაზარ (80 ტონა) სარკოფაგებში საკრალური ხარების მუმიები განისვენებდა. ყველა მათგანი, ერთის გარდა, გაძარცვული აღმოჩნდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები