მემფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემფისი – ერთიანი ეგვიპტური სახელმწიფოს პირველი დედაქალაქი. მდებარეობდა დელტის წვერიდან 25 კმ. სამხრეთით, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, პირველ ქვემოეგვიპტურ ნომში.

რამსეს II-ის ქანდაკება

ეგვიპტური ტრადიციის თანახმად, ქალაქი გაერთიანებული ეგვიპტის პირველმა ფარაონმა, მენესმა დააარსა სტრატეგიული მიზნით, რადგან ეს ადგილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტის ბუნებრივ საზღვართან მდებარეობდა და აქედან გაცილებით ადვილი იყო ორივე ეგვიპტეზე კონტროლის დაწესება მათი გაერთიანების შემდეგ, ვიდრე შორეული სამხრეთული ტინისიდან, რომელიც გამარჯვებული სამხრეთეგვიპტური სამეფოს მეფეების სამშობლო იყო. თუმცა დღეს მენესის ფიგურა ბუნდოვანია, და ერთიანი ეგვიპტის პირველი ფარაონის ვინაობაზე განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების და ქალაქის დაარსების დრო (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 3100 წ.) ერთმანეთს ემთხვევა, რადგან იგივე პერიოდით თარიღდება მემფისთან, უდაბნოს კიდეზე მდებარე უძველესი სასაფლაოები. პირველი დინასტიით თარიღდება ასევე ქალაქის მფარველი ღვთაების, პტახის უძველესი გამოსახულება. პტახის გარდა, მემფსის უმნიშვნელოვანესი ღვთაებები იყვნენ მისი ტრიადის წევრები, მეუღლე სახმეტი და ვაჟიშვილი ნეფერტუმი. უმნიშვნელოვანესი იყო ასევე აპისის კულტი, რომელიც პტახის კას ცოცხალ გამოვლინებად ითვლებოდა.

ჰეროდოტეს ცნობით, მენესმა ააგო დიდი ჯებირი, შეუცვალა კალაპოტი ნილოსს და მდინარისაგან მიტაცებულ მიწაზე ქალაქის მშენებლობა დაიწყო. მანვე გათხარა დიდი რეზერვუარი ტბისათვის, რომელიც ნილოსით იკვებებოდა. ქალაქის არაჩვეულებრივად მომგებიანმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ ორი ეგვიპტის საზღვარზე და იმავდროულად სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთაზე საჰარას უდაბნოდან, წითელი ზღვიდან და ლევანტიდან მისი მუდმივი ადმინისტრაციული მნიშვნელობა განაპირობა. ის იყო ეგვიპტის დედაქალაქი ძველი სამეფოს დროს. პირველი გარდამავალი პერიოდის ბუნდოვან წლებში მან ცოტა ხნით დაუთმო პრიორიტეტი ისეთ პროვინციულ ქალაქებს, როგორიც იყო ჰერაკლეოპოლისი, ჰერმოპოლისი და თებე, მაგრამ ამონემხატ I-ის მიერ ახალი სამეფო რეზიდენციის ლიშტთან დაარსების შემდეგ კვლავ იბრუნებს თავის მნიშვნელობას. ახალი სამეფოს დროს, როცა ქვეყნის დედაქალაქი თებე გახდა, ის ქვემო ეგვიპტის უმნიშვნელოვანეს ქალაქად ითვლება. მემფისი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას მესამე გარდამავალი პერიოდის დროსაც, რადგან ტანისელი ფარაონებისათვის მაინც მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი იყო. გვიანი პერიოდის დროს ის კვლავ სამეფო რეზიდენცია ხდება. მემფისის დაპყრობას ცდილობდა ყველა უცხოელი, რომელიც ეგვიპტეს თავს ესხმოდა. ასურელებმა პირველი შემოტევის დროს, მემფისის დაპყრობის შემდეგ თავიანთი მისია შესრულებულად ჩათვალეს, დელტის ქალაქებში თავისი ერთგული მმართველები დანიშნეს და ქვეყანა დატოვეს. სპარსელების ბატონობის დროს სპარსეთის სატრაპმა აქ დაიდო ბინა. პტოლემაიოსების დროს მემფისი მნიშვნელობით მეორე ქალაქი იყო ალექსანდრიის შემდეგ. თვითონ პტოლემაიოსების მეფედ კურთხევა მემფისში ხდებოდა. რომაული პერიოდის ტექსტები ქალაქის გრანდიოზულ სასახლეებს და ტაძრებს აღწერენ. ქალაქის დაკნინება ეგვიპტის არაბების მიერ დაპყრობით იწყება და განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს ელ-ფუსტატის (ძველი კაიროს) დაარსების შემდეგ, როცა მემფისის ტაძრები ახალი ქალაქისათვის საჭირო საშენი მასალის სამტეხლოებად გადაიქცა.

აპრიესის სასახლის ნანგრევები

დღეს ოდესღაც ბრწყინვალე ქალაქი წარმოჩენილია დაახლოებით 600 ჰექტარი ნანგრევების სახით თანამედროვე პატარა ქალაქებს – მით რაჰინესა და აზიზიას შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძველი სიდიადისაგან შემორჩა, არის რამსეს II-ის კოლოსალური ქანდაკება (დღეს წაქცეული) და ალებასტრის სფინქსი. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ქალაქს რამდენიმე სახელი ჰქონდა. ქალაქის უძველესი სახელი, „თეთრი კედელი“, ძველი სამეფოს ტექსტებშია დაფიქსირებული. იგივე სახელი ერქვა ნომსაც (თეთრი ორი ეგვიპტის გამაერთიანებლების სამხრეთის მეფეების ფერი იყო). ჰერაკლეოპოლისური პერიოდის დროს ქალაქს მოიხსენიებდნენ VI დინასტიის ფარაონის, ტეტის პირამიდის სახელით „მტკიცე (თავისი) ადგილებით“. მოგვიანებით მას VI დინასტიის კიდევ ერთი ფარაონის, პეპი I-ის პირამიდის სახელი დაერქვა „ძლიერი მშვენიერებით“. პირველმა ნაქალაქარი ფრანგმა მოგზაურმა ჟან დე ტევენოტმა (1633-1667) შეამჩნია. პირველი გათხრები ჩაატარეს ფ. პეტრიმ და ო. მარიეტმა. გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალა ჭურჭელი, სტელები, ფიგურები, მაგრამ გადარჩენილი ნაგებობების რიცხვი ძალიან მწირია.

ეგვიპტური ტრადიცია ჯერ კიდევ ახალი სამეფოს დროს ქალაქის მფარველი ღვთაების, პტახის ტაძრის დაარსებას მენესს მიაწერდა, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ რამსეს II-ის და მერნეპტახის მიერ აგებული კედლების ნანგრევებმა და რამსეს III-ის ნაოსმა, რომელიც მან მემფისის ტრიადას პტახს, სახმეტს და ნეფერტუმს მიუძღვნა. ტაძრის სამხრეთ კარებთან ნაპოვნია რამსეს II-ის ორი კოლოსალური (4მ. სიმაღლის) ალებასტრის ქანდაკება. გათხრილია ასევე სეტი I-ის მომცრო ზომის კაპელა და აპრიესის სასახლის ნანგრევები, რომელშიც სენუსერტ I-ის პილონის ბლოკებია გამოყენებული. პტახის ტაძრის ჩრდილოეთით მერნეპტახის, აღმოსავლეთით კი სიამუნის ტაძრების ნანგრევებია. პტახის ტაძრის სამხრეთით მდებარეობდა აპისის ტაძარი, რომელიც ნექტანებოს II-მ ააგო. ნაპოვნია ასევე საკრალური ტბა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. ეგვიპტური ტექსტების მონაცემებით ქალაქი „რას დროიდან“ არსებობდა და შუა სამეფოს დასაწყისისათვის აქ 10 000 მცხოვრები იყო.

ჩენდლერის აზრით, მემფისში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა. ბარდი უფრო მოკრძალებულ რიცხვს – 6000-ს ასახელებს. პიანხის მეფობის დროს ქალაქს გარს ერტყა მაღალი კედელი და ფორტები. მონტე ასახელებს მემფისის რამდენიმე უბანს:

1. ხუტკაპტახი („პტახის კას ტაძარი“). პირველად მოხსენიებულია ახალი სამეფოს დროს. აქ ცხოვრობდა რამსეს II თავისი ქალაქის, პერ-რამსესის აშენებამდე. არსებობს ასევე აზრი, რომ ჰუტკაპტაჰი იგივე პტახის ტაძრის და ქალაქის საკრალური სახელი იყო, მაგრამ რამსეს III-ის ჰარისის დიდი პაპირუსის ტექსტში ცალ-ცალკეა მოიხსენიებული სამუშაოები, რომლებიც მან პტახის ტაძარში და ჰუტკაპტახში ჩაატარა. მანეთონი, რომელიც მემფისს, როგორც ჰიკაპტახს მოიხსენიებდა, მის სახელს ბერძნულად წერდა „Ai-gu-ptos“, რამაც ეგვიპტეს მისცა სახელი, რომელსაც დღეს ვეძახით.
2. ნეჰეტი (ეგვ. Nht, „სიკომორა“). ეს უბანი მიძღვნილი იყო „სიკომორას ქალბატონის“, ქალღმერთ ხატხორისადმი და ჰარისის პაპირუსის თანახმად თეთრი კედლის სამხრეთით იმყოფებოდა.
3. სობეკის კედელი, სადაც ნიანგის სახის ღვთაების, სობეკის ტაძარი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ პეპი I-ის დროს.
4. ჩენენეტი (ეგვ. T nnt), სადაც იყო ტაძარი, მიძღვნილი პტახის და ასევე სოკარის და ოსირისისადმი, რომლებიც მემფისის ნეკროპოლისის მფარველები იყვნენ.
5. ანხტაუი (ეგვ. nh twj – „ორივე ქვეყნის სიცოცხლე“). მონტეს აზრით, აქვე მდებარეობდა სიამუნის სტელაზე მოხსენიებული „მემფისის ბაღები“.
ბონე მიიჩნევს, რომ ანხტაუი მემფისის ნეკროპოლისის, ან მისი ერთი ნაწილის სახელი იყო. სტელა, რომელიც სმენდესის მეფობით არის დათარიღებული, გვამცნობს მემფისში სირიული კოლონიის არსებობის შესახებ, რასაც მოწმობს ქალაქში ბაალის და ქადეშის კულტების გავრცელება.

მემფისის ნეკროპოლისი ქალაქის დასავლეთით, ლიბიის პლატოზე მდებარეობდა. აქ იგებდნენ პირამიდებს ძველი და შუა სამეფოს ფარაონები. მათ გვერდით მათი დიდებულების სამარხებია განლაგებული. აქვე მდებარეობს მემფისის სერაპეუმი და ნიუსერრას განთქმული მზის ტაძარი. მართალია, ახალი სამეფოდან სამეფო სამარხები მეფეთა ველზე იქნა გადატანილი, მემფისის ნეკროპოლისი, როგორც კერძო პირთა სასაფლაო, პტოლემაიოსების ეპოქის დროსაც ფუნქციონირებდა.

მემფისის ვრცელი ნეკროპოლისის სხვადასხვა ნაწილს დღეს იმ არაბული სოფლების და ქალაქების სახელებით მოიხსენიებენ, რომლებიც მათ სიახლოვეს იმყოფებიან. ესენია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): აბუ როაში, გიზე, ზავიეტ ელ არიანი, აბუსირი და საქქარა. ჩეხების ექსპედიციამ 1990-იან წლებში გათხარა გალავანი (გისრ ელ-მუდირი, 650მ.×350მ.), მაგრამ მისი მშენებელი და დანიშნულება ჯერ დადგენილი არ არის. აქ ნაპოვნი კერამიკა II დინასტიით (და შესაძლოა ხასეხემუის მეფობით) თარიღდება და ამ ვარაუდის დადასტურების შემთხვევაში ჯოსერის პირამიდა აღარ იქნება მსოფლიოს უძველესი ქვის ნაგებობა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები