მეფედ კურთხევა ძველ ეგვიპტეში
მეფედ კურთხევა – მეფედ კურთხევის ძირითადი დანიშნულება ფარაონის ღვთაებრიობის წარმოჩენა იყო. რასაკვირველია, ყველას ახსოვდა, რომ ტახტზე ასვლამდე ფარაონი ჩვეულებრივ მოკვდავთა რიცხვს განეკუთვნებოდა, და ალბათ ამას არც ივიწყებდნენ, მაგრამ რიტუალის წყალობით, რომლის დროსაც მას აკურთხებდნენ, როგორც მეფეს, ხდებოდა მისი შერწყმა ამ მარადიულ ინსტიტუტთან. რიტუალის შემდეგ ფარაონი მეფობასთან ასოცირებული ღვთაებრივი ატრიბუტების მფლობელი ხდებოდა.
რიტუალის სრულ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია, და მისი რეკონსტრუქცია სხვადასხვა პერიოდიდან შემორჩენილი ნაწყვეტებით გაკეთდა (ყველაზე სრულყოფილი ამ მხრივ ხატშეპსუტის კორონაციის ტექსტია. ცერემონიის დასაწყისში ქურუმები ფარაონის ტიტულატურის „დიდ სახელებს“ აცხადებდნენ. შემდეგ ფარაონი „წარდგებოდა“ რას წინაშე, რომელიც აღიარებდა მას თავის შვილად და მემკვიდრედ და მიესალმებოდა, როგორც ხორს, რაც უკვე შესაძლებელს ხდიდა, მისთვი გვირგვინები დაედგათ. ღმერთები რიტუალურად განწმენდნე მას და ხორი და სეტხი (ან ხანდახან თოტი), როგორც ორი ეგვიპტის სიმბოლო, თავზე ორივე ეგვიპტის გვირგვინს ადგამდნენ ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესი იყო „ორივე ქვეყნის გაერთიანების“ ცერემონია. ხორს და სეტხს ფარაონი გაერთიანების ნიშანთან მიჰყავდათ, სადაც სხვადასხვა გამოსახულებების მიხედვით მას, დამდგარს ან დაჩოქილს, სიმბოლურად ორივე ეგვიპტე გადაეცემოდა. ამას მოჰყვებოდა სხვადასხვა ცერემონიები, მათ შორის „ჯედ-სვეტის აღმართვა“ რომელსაც მეფობის ხანგრძლივობა უნდა უზრუნველეყო. ცერემონია სხვა ქალაქებშიც გრძელდებოდა და ყოველ წელიწადს აღინიშნებოდა.