ჯედ-სვეტი
ჯედ-სვეტი – უძველესი ფეტიში. მისი არსება ბუნდოვანია. ჯედის ნიშანი შესულია დამწერლობაშიც, მარადიულობას ნიშნავს და „ხანგრძლივი დროის“ სიმბოლოა (ეგვ. dd). უძველესი დროიდან გამოიწერებოდა სიცოცხლის და უვნებელობის (უას-სკიპტრა) სიმბოლოებთან ერთად ფარაონის ტიტულატურის ბოლოში. ჯედ-სვეტი შეიძლებოდა ზეცის საყრდენიც ყოფილიყო. მემფისში ძველი სამეფოს დროს არსებობდნენ „პატივსაცემი ჯედის“ ქურუმები და „ჯედ-სვეტის აღმართვის“ სამეფო დღესასწაულსაც ზეიმობდნენ. ჯედ-სვეტის აღმართვა ჩვეულებრივ მეფედ კურთხევის და ხებსედის წინა საღამოს ტარდებოდა მემფისში, სამეფო ოჯახის თანდასწრებით და მეფის მონაწილეობით. დღესასწაულის კულმინაციას წარმოადგენდა მომენტი, როცა მეფე, ქურუმების დახმარებით, რომლებსაც მემფისის მთავარი ქურუმი წინამძღოლობდა, აღმართავდა ჯედ-სვეტს, რაც უდავოდ მეფობის ხანგრძლივობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. თვითონ მემფისის მთავარი ღვთაება, პტახი, მოიხსენიება, როგორც „პატივსაცემი ჯედი“. პტახის გამოსახულებების ზურგს უკან ძალიან ხშირად ვხვდებით ჯედ-სვეტის გამოსახულებას. ახალი სამეფოდან ჯედ-სვეტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ოსირისთან და გარდაცვლილთა კულტთან, რაც ალბათ ბუნებრივი განვითარების შედეგად მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე შუა სამეფოდან ვხვდებით სინკრეტულ ღვთაებას პტახ-სოკაროსირისს. მკვდართა წიგნის 155-ე თავი შეიცავს სიტყვებს, რომლებიც უნდა წარმოითქვას გარდაცვლილის კისერთან ჯედ-სვეტის მოთავსების დროს. ჯედ-სვეტს ხატავდნენ ასევე სარკოფაგის ფსკერზე იქ, სადაც გარდაცვლილის ხერხემალი თავსდებოდა.