მკვდართა წიგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მკვდართა წიგნი

მკვდართა წიგნი – დღეს ასე მოიხსენიებენ ტექსტების კორპუსს მიცვალებულთათვის, რომელიც ამ სახის ტექსტების განვითარების მომდევნო საფეხურს წარმოადგენს სარკოფაგების ტექსტების შემდეგ. ის 200-მდე გამონათქვამს (ან თავს) მოიცავს, რომელთაგან ნახევარზე მეტი პირამიდების და სარკოფაგების ტექსტების გამონათქვამებზე არის დამყარებული. კორპუსის თანამედროვე სახელი მომდინარეობს ტექსტების 1842 წ. რ. ლეპსიუსის გამოცემიდან, რომელმაც გამოაქვეყნა ტურინის მუზეუმში დაცული პტოლემაიოსების პერიოდის პაპირუსები და კრებულს „მკვდართა წიგნი“ (Todtenbuch) დაარქვა.

თვითონ ეგვიპტელები ამ კორპუსს ეძახდნენ „გამონათქვამებს დღისით გამოსასვლელად“ სამი უმნიშვნელოვანესი გამონათქვამის მიხედვით, რომლებიც მკვდართა წიგნის ყველა ვერსიაში აუცილებლად იყო შეტანილი: „გამოსვლა დღისით დაკრძალვის შემდეგ, „გამოსვლა დღისით ყველა მტერზე გამარჯვებულის“ და „გამოსვლა დღისით სხვადასხვა სახედ ტრანსფორმირების შემდეგ“. მკვდართა წიგნის წარმოდგენებით, გარდაცვლილის „ახი“ გაატარებდა მარადიულობას ვარსკვლავებს შორის, მისი სხეული და „კა“ მიჯაჭვული იქნებოდა სარკოფაგის საკანთან, მისი „ბა“ კი შეძლებდა ცოცხლების სამყაროს მონახულებას, ზეცაში გადანაცვლებას, მიწისქვეშეთში ჩასვლას და „ლელიანის მინდვრებში“ მარადიულ ნეტარებას, რომლებიც ეგვიპტელისათვის სამოთხის ეკვივალენტი იყო. ამიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი „დღისით გამოსვლა“.

მკვდართა წიგნის გამონათქვამები იწერებოდა ძირითადად პაპირუსზე, თუმცა ადრეული ნიმუშები ნაპოვნია ასევე მუმიების სახვევებზე და სარკოფაგებზე, მოგვიანებით კი სამარხების კედლებზეც. მისი უძველესი ეგზემპლარები XVII დინასტიით არის დათარიღებული, მაგრამ წიგნის ფართოდ გამოყენება დაახლოებით თოტმეს III-ის მეფობიდან იწყება, ცოტა ხანს წყდება ამარნას ეპოქაში, თუმცა ისევ ჩნდება უკვე ტუტანხამონის სამარხში. მერნეპტახის მეფობიდან მკვდართა წიგნის გამონათქვამები ფარაონების სამარხების კედლებზეც თავსდება, განსაკუთრებით გამონათქვამი 125, რომელიც გარდაცვლილთა იმქვეყნიურ განსჯასთან არის დაკავშირებული. „გულის“ გამონათქვამები (BD 26-30, განსაკუთრებით 30B) სკარაბეოსებზეც თავსდებოდა.

XXII-XXV დინასტიების დროს მკვდართა წიგნის გამოყენება ძალიან იშვითი ხდება, მაგრამ XXVI დინასტიიდან მისი ნამდვილი გაფურჩქვნის პერიოდი იწყება. ამ დროიდან მას ემატება ახალი გამონათქვამები, ხდება მათი თანმიმდევრობის კანონიზირება და რიცხვის (192) დაფიქსირება. ამ რედაქციას ჩვეულებრივ „საისურს“ უწოდებენ, განსხვავებით წინა, ჩამოუყალიბებელი ვერსიისაგან, რომელიც „თებეს რედაქციის“ სახელით არის ცნობილი. ამ ვერსიაში 1-16 გამონათქვამები მოიცავს გარდაცვლილის შესვლას სამარხში, ჩასვლას მიწისქვეშეთში. გარდაცვლილს უბრუნდება გადანაცვლების და მეტყველების უნარი. 17-63 გამონათქვამების დახმარებით გარდაცვლილს შეუძლია, იყოს კვლავ დაბადებული რასთან ერთად. 64-129 გამონათქვამები მოიცავს გარდაცვლილის მოგზაურობას ზეცაში რასთან ერთად და საღამოს მწისქვეშეთში ჩასვლას. 130-189 გამონათქვამები აღწერს გარდაცვლილის, როგორც ერთ-ერთი ღმერთის არსებობას სამსჯავროზე გამართლების შემდეგ.

წიგნი პოპულარული იყო რომაულ პერიოდშიც. ამ დროიდან შემოინახა დემოტიური დამწერლობით შესრულებული ეგზემპლარებიც, თუმცა ძირითადად გამონათქვამების ჩაწერა ხდებოდა ე.წ „იეროგლიფური კურსივით“ (ე.წ. „Totenbuch-kursiv“, რომელიც წარმოადგენს შუალედურ ფორმას საკუთრივ იეროგლიფებსა და იერატიულ დამწერლობას შორის), ან იერატიული დამწერლობით. მკვდართა წიგნი ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტის მოსახლეობის ყველა ფენის მიერ, ვისაც მატერიალურად შეეძლო მისი შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამეფოს დროს ფარაონებისათვის შეიქმნა განსაკუთრებული ლიტერატურული ნაწარმოებები „იმქვეყნიური მოხმარებისათვის“ (როგორც, მაგ. „ამდუატის წიგნი“ და „ლითანია რასადმი“), მკვდართა წიგნის გამონათქვამების გარკვეული ნაწილი სამეფო სამარხებში ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე გამოიყენებოდა.

მკვდართა წიგნის ერთ-ერთ განსხვავებას პირამიდების და სარკოფაგების ტექსტებისაგან მისი ილუსტრაციები, ე.წ „ვინიეტები“ (vignettes) წარმოადგენს. თავიდან ისინი მცირერიცხოვანია, მაგრამ XXI დინასტიიდან რომელიმე გამონათქვამის მაგივრად შეიძლება უკვე მისი ილუსტრაცია მოთავსებულიყო. ამ დროიდან მკვდართა წიგნის პაპირუსები ძირითადად წარმოდგენილია ილუსტრაციებით, რომელთა ქვეშ შესაბამისი გამონათქვამის ტექსტი მოთავსებული. ახალი სამეფოს და გვიანდელი პერიოდის დრო ილუსტრაციები კაშკაშა, ნათელი ფერებით იყო შესრულებული, პტოლემაიოსების დროიდან ფერები აღარ გამოიყენებოდა მკვდართა წიგნის გამონათქვამები გამოყოფილია ერთმანეთისაგან სათაურებით და კოლოფონებით, რომლებიც წითელ მელნით გამოიწერებოდა.

სარკოფაგების ტექსტებთან შედარებით, აღსანიშნავია გამონათქვამების მკვეთრად შემცირება (დაახლ. 1200-დან დაახლ. 200-მდე), თუმცა სხვადასხვა სამარხში მათი რაოდენობა სხვადასხვა იყო (მაგ. ტურინის ხას პაპირუსში 33 გამონათქვამია, ცნობილი ანის პაპირუსი 65 გამონათქვამს მოიცავს, ნუს – 137). განსხვავდება ასევე ცალკეულ გამონათქვამების სიგრძე, რომელიც რამდენიმე სტრიქონიდან 400-მდე მერყეობს. წიგნის ენა კლასიკური შუა ეგვიპტურია. თუმცა მკვდართა წიგნის დანიშნულებას მიცვალებულის საიქიოში დახმარება წარმოადგენს, მისი ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი იდეა გარდაცვლილთა განსჯაა. აქ უკვე დახვეწილი ფორმა აქვს მიღებული გარდაცვლილის მიერ ოსირისის სამსჯავროზე წარმოთქმულ „ცოდვების უარყოფის სიას“, რომელიც ჩვეულებრივ 42 „არ ჩადენილი“ ცოდვის ჩამონათვალს წარმოადგენს (მაგ. „მე არ ვყოფილვარ ყალბი ადამიანების მიმართ… არ ჩამიდენია ბოროტება… არ მიმიყენებია ტკივილი… არ მომიკლავს… არ მიბრძანებია, რომ მოეკლათ… არ ჩამიდენია მრუშობა…“. ეს გამონათქვამი (BD 125) მკვდართა წიგნის პრაქტიკულად ყველა კრებულში იყო გამოყენებული. ამას გარდა, უმნიშვნელოვანეს გამონა თქვამებად ითვლებოდა BD 1, სადაც ხდებოდა გარდაცვლილის იდენტიფიცირება თოტთან, რომ მას შეეცნო ყველა სიბრძნე; BD 6, „უშებტის გამონათქვამი“, რომელიც უზრუნველყოფდა უშებტის ფიგურების მიერ გარდაცვლილისათვის სამუშაოების ჩატარებას; BD 25, რომლის წყალობით გარდაცვლილს არ უნდა დავიწყებოდა საკუთარი სახელი, რაც საშინელი უბედურების საწინდარი იყო; BD 26-30, „გულის გამონათქვამები“, რომლებიც დაეხმარებოდა გარდაცვლილს, სრულ ჰარმონიაში ყოფილიყო თავის გულთან (ე.ი. გონებასთან); BD 39 და 108, სადაც გადმოცემულია ბრძოლა აპოპისთან; BD 42, სადაც ხდება გარდაცვლილის სხეულის გაღმერთება, ასე რომ ის ღვთაება ხდებოდა; BD 44, რომელიც ნეკროპოლისში ხელმეორედ სიკვდილისაგან იცავდა; BD 77-78, რომლის დახმარებით გარდაცვლილს სხვადასხვა არსებად შეეძლო ტრანსფორმირება (მაგ. შევარდენად, ატუმად, პტახად, პირველქმნილ ბენუ-ფენიქსად და სხვ.); 80 104, რომელიც დაეხმარებოდა გარდაცვლილს დასახლებულიყო ღმერთებს შორის; BD 144-147, რომლებიც შეეხებოდა საიქიოს ჭიშკრებს (რომლებიც სხვადასხვა ვერსიით ან 7, ან 21 იყო) და მათ საშიშ მცველებს, რადგან მათი სახელების არცოდნის შემთხვევაში გარდაცვლილი ვერ შეძლებდა მათ გადალახვას, და ა.შ. გამონათქვამები უზრუნველყოფდა გარდაცვლილს ყველაფრით, რაც შეიძლებოდა მიცვალებულს იმქვეყნად დასჭირვებოდა – ჰაერით, წყლით, ბოროტი სულების და ცხოველებისაგან დაცვით; არ იყო დავიწყებული ისეთი ელემენტარული მოთხოვნილებაც კი, როგორიც საწერი მასალაა.

1874 წ., ორიენტალისტთა II კონგრესზე, გადაწყდა მკვდართა წიგნის თავების შეკრება და გამოცემა. პროექტი დაევალა ე. ნავილს, რასაც მოყვა მისი სამტომეულის გამოცემა (E. Naville, Das aegyptische Todtenbuch der XVIII bis XX Dynastie, 3 Bde, Berlin, 1886). ცოტა ხნის შემდეგ ე.ა.ვ. ბაჯმა გამოაქვეყნა ბრიტანეთის მუზეუმის ანის პაპირუსის ტექსტი, რომელიც არ გამოუყენებია ნავილს (E. A. W. Budge, The Papyrus Ani of the British Museum, London, 1895). ეს ორი გამოცემა დღემდე ეგვიპტური ტექსტის საუკეთესო გამოცემად არის მიჩნეული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები