თოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოტი, ბრუკლინის მუზეუმი

თოტი – ერთ-ერთი უძველესი და ურთულესი ღმერთი. გამოისახებოდა იბისის, მაიმუნის ან იბისისთავიანი ადამიანის სახით.

მისი სახელის მნიშვნელობა და კულტის წარმოშობა უცნობია. სავარაუდოდ, ეს იყო დელტა, სადაც იბისს ბევრგან ეთაყვანებოდნენ და მეთხუთმეტე ნომის სახელი იბისის იეროგლიფით გამოიწერებოდა. შესაძლოა, მეთხუთმეტე (სასაზღვრო) ნომთან კავშირის გამო ძველი სამეფოს დროს იგი მოიხსენიება, როგორც „ბედუინების“ და „უცხო ქვეყნების“ ბატონი.

დინასტიურ ეგვიპტეში თოტის მთავარი საკულტო ქალაქი ჰერმოპოლისი მაგნა გახდა. მისი კულტის აქ გავრცელების დრო უცნობია. ჰერმოპოლისში უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ პავიანის სახის ღვთაებას, ჰეცურს. ჰეცურმა ძალიან მალე დაკარგა იდენტურობა და შეერწყა თოტს, რომელმაც, პავიანის სახესთან ერთად, ჰეცურის სხვა თვისებებიც შეისისხლხორცა. თოტი გახდა „თეთრი ტაძრი ღმერთების წინამძღოლი“ და სპიკერი, რომლებიც სამეფო დღესასწაულების დროს ზემო ეგვიპტის ღმერთების „წარმომადგენლების“ როლს ასრულებდნენ. ჰეცურს უკავშირდებ წოდება „ხუთის ბატონი“, რომელიც არა მარტო თოტის, არამედ ჰერმოპოლისის მთავარი ქურუმის წოდებაც გახდა. შემდგომში ეს წოდება დაუკავშირდა ხუთ ღვთაებას რომლებიც ხუთ ეპაგომენალურ დღეს იშვა.

პლუტარქეს ცნობით, რამ აუკრძალა თავის დედას, ნუტს მშობიარობა წლის ნებისმიერ დღეს. თოტმა მთვარეს დაფის კამათლებიანი თამაში ეთამაშა, სადაც თითო მოგებაში დღის 1/70 ნაწილს იღებდა და მოიგო ხუთი დღე-ღამის დრო. ეს ხუთი (ე.წ. ეპაგომენალური) დღე, ეგვიპტის თორმეტთვიან კალენდარს დაემატა (თითო ეგვიპტურ თვეში 30 დღე იყო). ნუტმა ხუთი ეპაგომენალური დღის განმავლობაში ხუთი შვილი გააჩინა: ოსირისი ხაროერისი („დიდი ხორი“, მას ასხვავებდნენ „პატარა ხორისაგან“, რომელიც ისიდას შვილი იყო), სეტხი, ისიდა და ნეფტიდა თუმცა თოტი არ იყო ჰერმოპოლისის კოსმოგონიური სისტემის (ოგდოადის) წევრი, როგორც ჰერმოპოლისის მთავარი ღვთაება, ის დროთა განმავლობაში ჰერმოპოლისის ოგდოადის ბატონი გახდა, და მოიხსენიებოდა, როგორც „რვის ბატონი“.

დაკავშირებული იყო თოტი მთვარესთანაც, რაც უკვე ძველი სამეფოს დროს არის დაფიქსირებული. ამბობდნენ, რომ მან გამოიგონა მთვარის კალენდარი, რომლის მიხედვითაც დღესასწაულები ტარდებოდა. ახალი სამეფოდან ხდება მისი შერწყმა მთვარის ღვთაებასთან – იახთან იახ-თოტის სახით კიდევ უფრო ძველია თოტის, როგორც „მთვარის თვალის ბატონის“ სახე. ამ სახით ის გვევლინება მითებში, რომლებიც დაკავშირებულია მთვარის ციკლიურ შემცირებასთან. მთვარის თვალს (რომელიც, ეგვიპტური მითის თანახმად, ხორის მარცხენა თვალი იყო), შეუტია სეტხმა, მოვლენილმა შავი ღორის სახით, და გადაყლაპა. თოტმა მოიძია თვალი, აიძულა სეტხი გადმოეფურთხებინა ის, და მოაშუშა ჭრილობები თავისი ნერწყვით. ზოგიერთი მითის თანახმად, თოტი, პირიქით, მთვარის თვალის დაზიანების მონაწილეა, რაც კიდევ უფრო ძველ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული. მთვარესთან კავშირიდან გამომდინარე, თოტი „დროის ბატონად“ და „წლების დამთვლელად“ იყო მიჩნეული, რომელმაც დრო თვეებად და წლებად დაყო (ეგვიპტელთა უძველესი კალენდარი მთვარის იყო). შესაბამისად, თოტის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წლის აღმნიშვნელი იეროგლიფი წარმოადგენდა. მეფედ კურთხევის ცერემონიალის დროს თოტი ამ ნიშანზე ახალი ფარაონის მეფობის წლებს და ხებ-სედის რაოდენობას წერდა.

არსებობდა წარმოდგენაც, რომ თოტი ადამიანისათვის განკუთვნილ სიცოცხლის წლებს წერდა ერთ-ერთ აგურზე, რომელზეც მშობიარე ქალი იდგა. იყო ასევე რიცხვების, ზომის და დამწერლობის ბატონი. ითვლებოდა, რომ მფარველობდა ბიბლიოთეკებს და არქივებს, რომლებიც ეგვიპტეში უმნიშვნელოვანეს დაწესებულებებად იყო მიჩნეული და ამიტომ ყველა ტაძარს მდიდარი ბიბლიოთეკა გააჩნდა. მისი ერთ-ერთი წოდება „წიგნების ბატონი“ იყო. ითვლებოდა ასევე გადამწერების მფარველად, რომლებიც, თავის მხრივ, „თოტის ერთობად“ იყვნენ მიჩნეული. გვიანდელ პერიოდში სიტყვა „გადამწერი“ თოტის მაიმუნის ნიშნით გამოიწერებოდა. შესაბამისად, თოტი „დამწერლობის ბატონიც“ იყო. იყო ასევე კანონების და ჯადოსნური შელოცვების შემქმნელი და ყველა იმ საიდუმლოს მცოდნე, რომელსაც მიწა და ზეცა მოიცავს, ასე რომ მასში მთელი სიბრძნე იყო თავმოყრილი. ერთი ეგვიპტური ენციკლოპედიის ტიპის თხზულება, დაწერილი ვინმე ამონემოპეს მიერ, იწყება სიტყვებით: „სწავლების დაწყება გონების გასაწმენდად, ყველაფერ იმის შესასწავლად, რაც არსებობს, რაც პტახმა შექმნა და თოტმა ჩაწერა“. ამას გარდა, ითვლებოდა, რომ თოტის სიტყვებს მაგიური ძალა გააჩნდა. ამდენად, იყო „ჯადოსნობის ბატონი“ და მედიცინის მფარველი, რომელიც ექიმებს სამკურნალო რეცეპტებით ამარაგებდა. როგორც მთვარე, ყველაზე ახლოს იყო რასთან. ის „რას გადამწერი“ და „ენეადის წერილების დამწერი“ იყო. „ძროხის წიგნში“ ნათქვამია, რომ თოტი, როგორც მთვარის ღმერთი, რამ თავის შემცვლელად დანიშნა ღამის დროს და რომ მთვარე რას მარცხენა თვალია.

წინააღმდეგობრივია თოტის კავშირი ოსირისთან. უფრო არქაული წარმოდგენების თანახმად იგი ოსირისის მკვლელობის თანამონაწილედ და სეტხის ძმად იყო მიჩნეული. მოგვიანებით, პირიქით, ის ოსირისის მშველელი ხდება, რომელიც ოსირისის დანაწევრებულ ნაწილებს აგროვებს და კურნავს მას. დაკავშირებული იყო თოტი ასევე ხორთან. ხორისა და სეტხის ორთაბრძოლაში ხან ნეიტრალურ ღვთაებად გვევლინება, რომელიც ცდილობს შეარიგოს და დააწყნაროს ხორი და სეტხი, ხან კი როგორც ხორის გვერდით მდგომი, რომელიც სეტხის მიმდევრებს ატყვევებს. სინკრეტულად თოტი მაინც მხოლოდ მთვარის ღვთაებებთან, იახთან და ხონსუსთან იყო დაკავშირებული. თოტის მეუღლეებად სხვადასხვა ტექსტების მიხედვით გვევლინებიან ქალღმერთები მაატი და სეშატი. ბერძნებმა თოტი ჰერმესთან გააიგივეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები