ნუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუტი

ნუტი – (ეგვ. Nw.t), ზეცის ქალღმერთი, ჰელიოპოლისის ენეადის თანახმად შუს და ტეფნუტის ქალიშვილი და გების და, და იმავდროულად, მეუღლე. მათი შვილები იყვნენ ოსირისი, ისიდა, სეტხი და ნეფტიდა.

სიტყვა „ნუტი“ ეგვიპტურად ნიშნავს „ცას“. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ფეხის წვერებით და თითებით მიწაზე დაყრდნობილი, მისი სხეული დედამიწას დაჰყურებდა, ან როგორც ძროხა, ვარსკვლავებით მოხატული ტანით. პირამიდების ტექსტების აღწერით, „მთელი დედამიწა მის ქვეშ ძევს და ყველაფერს მისი მკლავები აქვს შემოხვეული“. ნუტთან მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მითი იყო დაკავშირებული. ერთი წარმოდგენის თანახმად, ის ყოველ დილას ყლაპავდა ვარსკვლავებს და საღამოს თავიდან ბადებდა მათ, ამიტომ ხშირად ადარებდენ ღორს, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს. მისი მიწისაგან დაშორებაც ამ წარმოდგენას უკავშირდებოდა. ადრე გები (მიწის ღმერთი) და ნუტი არ იყვნენ დაშორებული, მაგრამ გები ეჩხუბებოდა ნუტს, რადგან ის თავის შვილებს ყოველდღე ყლაპავდა. მათ მამას, შუს (ჰაერის ღმერთი) მობეზრდა შვილების გაუთავებელი დავა, და ნუტის სხეული მაღლა აიტაცა.

ერთ-ერთი მითის თანახმად, ნუტი იყო „მზის დედა, რომელიც ყოველდღიურად ბადებს მზეს“. ამ მითის თანახმად, ის მზესაც, ვარსკვლავების მსგავსად, ყოველ საღამოს ყლაპავდა და დილას თავიდან ბადებდა. ეს წარმოდგენა ანგრევდა ჰელიოპოლისის ენეადის ლოგიკას, რადგან ამ სისტემის თანახმად, მისი უძველესი დემიურგის, ნუტი, როგორც ცა, მის ფეხებთან ახალშობილი მზეა ხეპრის სახით, პირთან – საღამოს მზე, რომელსაც ის ყლაპავს. ატუმის და რას შერწყმის შემდეგ რა (მზე) სამყაროს შემქმნელი და შუს და ტეფნუტის მამა იყო, მაგრამ ეგვიპტელებს, მათი მომრიგებლური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, არასოდეს უცდიათ სხვადასხვა წარმოდგენების ერთიან სისტემაში მოყვანა, რადგან ამგვარ მცდელობას შეიძლებოდა კონფლიქტი გამოეწვია სხვადასხვა რელიგიურ სისტემებს შორის. დროს, სანამ შუ ნუტის სხეულს მაღლა აიტაცებდა და გები და ნუტი ჩახუტებულები იყვნენ, პირამიდების ტექსტები აღწერენ, როგორც დროს, როცა ჯერ კიდევ „არ არსებობდა ცა“.

სხვა მითის თანახმად, შუმ გები და ნუტი ატუმის ბრძანებით დააცილა ერთმანეთს. როგორც ვარსკვლავების დედა, ნუტი მიცვალებულთა კულტთანაც იყო დაკავშირებული, რადგან უძველესი წარმოდგენების თანახმად მიცვალებულთა სულები ვარსკვლავებად გარდაიქმნებოდნენ. ამიტომ ეგვიპტელი ევედრებოდა ნუტს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი „შვილების“ რიცხვში ყოფილიყო მიღებული, რაც მის თავიდან, მარადიული არსებობისათვის დაბადებას ნიშნავდა. ეს წარმოდგენა, რომ მიცვალებულებს ნუტი, როგორც ვარსკვლავებს, „თავიდან ბადებდა“, საიქიო სამყაროს ოსირისთან დაკავშირების შემდეგაც შემორჩა, როცა, ახალი წარმოდგენებით, მიცვალებული ოსირისად გარდაიქმნებოდა, რადგან ჰელიოპოლისის კოსმოგონიური სისტემის თანახმად, ოსირისი ნუტის შვილი იყო. ასევე ითვლებოდა, რომ ნუტი მიცვალებულებს სუფთა, გრილი წყლით ამარაგებდა, ამიტომ მისი სიმბოლო ქოთნის ფორმის წყლის ჭურჭელი იყო.

სარკოფაგების ტექსტებში ნუტი მოხსენიებულია, როგორც „ხუთი ეპაგომენალური დღის დედა“. ამ ეპითეტის განმარტება არ შემოგვინახა ეგვიპტურმა ტექსტებმა, მაგრამ პლუტარქეს თანახმად, როცა ნუტი ფეხმძიმედ იყო, მზე გაბრაზდა მასზე და დაწყევლა ისე, რომ მას არ შეეძლო შვილების გაჩენა წლის არც ერთ დღეს. მაშინ თოტმა ითამაშა დაფის თამაში მთვარესთან, და მოიგო ხუთი დამატებითი დღის დრო. ამ ხუთ დღეში, ნუტმა ხუთი შვილი გააჩინა: ოსირისი, ხაროერისი (უფროსი ხორი), სეტხი, ისიდა და ნეფტიდა.

საკუთარი საკულტო ტაძარი ნუტს არ ჰქონია. როგორც ჰელიოპოლისის კოსმოგონიის წევრს, მას მიჩენილი ჰქონდა ადგილი ჰელიოპოლისის ძველ სამლოცველოში, რომელსაც „მყლაპავის სახლი“ ერქვა (ეგვ. h.t šnj.t._ ბერძნებმა ნუტი რეასთან გააიგივეს.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები