ენეადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენეადაჰელიოპოლისში შექმნილი ეგვიპტის უძველესი კოსმოგონიური სისტემა. ყველაზე ძველი ტექსტი, სადაც ჰელიოპოლისის ენეადის ღმერთებია მოხსენიებული, ჯოსერის მეფობით არის დათარიღებული.

ჰელიოპოლისის ქურუმებმა შექმნეს გენეზისის სქემა, რომელიც კლასიკური გახდა ეგვიპტისათვის, რადგან ყველა შემდგომი სისტემა იგივე პრინციპით არის შექმნილი. მათ ასევე პირველებმა მოახდინეს ღმერთების დაჯგუფება გარკვეული კანონზომიერების შესაბამისად და ღმერთების სიმრავლის წესრიგში მოყვანა. მათი მცდელობის შედეგია ცხრა ღმერთისაგან შექმნილი იერარქიული სისტემა, რომლის სათავეში დგას ავტოგენური ღვთაება-დემიურგი. იგი ქმნის თავის თავს, დანარჩენ ღმერთებს და სამყაროს და ამყარებს წესრიგს.

ჰელიოპოლისის კოსმოგონიის თანახმად, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ქაოტური წყლები – ნუნი. ნუნს სამყაროს შექმნასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ის წარმოდგენილია, როგორც ინერტული მასა. ეგვ. „Nnw“ დაკავშირებულია ზმნასთან nnj – „პასიურად ყოფნა“. მართალია, მას მოიხსენიებდნენ, როგორც „ღმერთების მამას“, მაგრამ ამ ეპითეტში იგულისხმებოდა არა შემოქმედებითი ასპექტი, არამედ მისი არსებობა ყველაზე და ყველაფერზე ადრე. პირველი აქტიური ძალა, რომელიც ამ ინერტული წყლებიდან გამოდის, არის ავტოგენური შემოქმედი ღვთაება. „პირველი ჯერის“ დროს (ეგვ. ტექსტები სამყაროს შექმნის დროს „პირველ ჯერს“ ეძახდნენ), „როცა არ იყო ზეცა, არ იყო მიწა, არ იყო ადამიანები, ღმერთები და არ იყო სიკვდილი“, დემიურგი შორდება ნუნის წყლებს და საკუთარ ფორმას იძენს. ენეადის უძველესი დემიურგი იყო ხტონიური ატუმი. „ატუმი“ ეგვიპტური ენის ერთ-ერთი რთულად სათარგმნელი სიტყვაა. მას თარგმნიან, როგორც „დასრულებული“, „თავის თავში ყველაფრის შემცველი“. პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ: „დიდება შენ, ატუმ, რომელმაც შექმენი შენი თავი“. ნუნისაგან გამოყოფის შემდეგ, ატუმი იწყებს ღმერთების (სამყაროს) შექმნას. თავისი თავიდან ის ქმნის პირველ წყვილს – შუს (მამრობითი საწყისი, სივრცე, სიცარიელე) და ტეფნუტს (მდედრობითი საწყისი, სისველე). ღმერთების ამ წყვილმა გააჩინა გები (მამრობითი საწყისი, მიწა) და ნუტი (მდედრობითი საწყისი, ზეცა), რომლებმაც თავის მხრივ გააჩინეს ოსირისი და ისიდა, სეტხი და ნეფტიდა. პირამიდების ტექსტებში ენეადის ღმერთების სრული ჩამონათვალია მოცემული: „დიდი ენეადა ჰელიოპოლისში – ატუმი, შუ, ტეფნუტი, გები ნუტი, ოსირისი, ისიდა, სეტხი, ნეფტიდა, შექმნილი ატუმის მიერ. მისი გული ხარობს მისივე ქმნილების გამო, რომელიც არის ცხრა“.

IV დინასტიიდან ჰელიოპოლისში დაიწყო რას აღზევება, და V დინასტიიდან მზის რელიგია ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე გაბატონებული ხდება ქვეყანაში. ამ ვითარებში რას ბუნებრივად უნდა დაეკავა ატუმის, როგორც ჰელიოპოლისის დემიურგის ადგილი, მაგრამ ეგვიპტე არასოდეს ივიწყებდა ძველ რელიგიურ ტრადიციებს და ღმერთებს. სხვა ვითარებაში რას შეიძლება უბრალოდ ჩაენაცვლებინა ატუმი, ეგვიპტეში ეს შეუძლებელი იყო. სინკრეტიზმის წყალობით აქ შეიქმნა ახალი ღვთაება რა-ატუმი, რის შედეგად ძველმა ხტონიურმა ღვთაებამ სოლარული ღვთაების თვისებები შეიძინა, ახალმა ღმერთმა კი ძველ ღვთაებასთან დაკავშირებული ტრადიციები. პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ: „შენთვის წარმოთქვამენ შელოცვას, რომელსაც წარმოთქვამენ რა-ატუმისათვის, რომელიც ბრწყინავს ჰორიზონტზე ყოველდღე“. ატუმის, შემდეგ კი რა-ატუმის ენეადას „დიდი ენეადა“ ერქვა. პირამიდების ტექსტებში მოხსენიებულია ასევე: ერთხელ „მცირე ენეადა“, ორჯერ „სამი“ და ერთ ადგილას „შვიდი“ ენეადა. მათ შესახებ არაფერია ცნობილი. იერარქიული პრინციპით დაჯგუფებული ღმერთების სისტემა იმდენად იყო ეგვიპტელის ცნობიერებაში ასოცირებული „ენეადასთან“, რომ უფრო გვიანდელ პერიოდებში იყო შემთხვევები, როცა „ენეადას“ ეძახდნენ ღმერთების ჯგუფებს, რომელთა რიცხვი ცხრაზე მეტი ან ნაკლები იყო. მაგ. თებეს ენეადა 15, აბიდოსის კი 11 წევრისაგან შედგებოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები