ჰელიოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰელიოპოლისი – (ეგვ. Iwnw, „სვეტის ქალაქი“), მეცამეტე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი, ეგვიპტის უძველესი კოსმოგონიური სისტემის და მზის კულტის სამშობლო.

მისი ისტორია, სავარაუდოდ, ნაქადას პერიოდიდან იწყება. მდებარეობდა სოფელ მატარიასთან, კაიროდან 13 კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით. უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, ქალაქი არქეოლოგიურად ნაკლებად არის შესწავლილი. შემორჩენილია 30 მ. სისქის კედელი (1000 × 900 მ-ზე), რომელიც გარს ერტყა ატუმის და რა-ხორახტის ტაძრებს. მათ 500 მ. სიგრძის სფინქსების ალეა აკავშირებდა (თითოეული სფინქსი 7 მ. სიგრძისაა). შემოინახა გვიანდელი პერიოდის რა-ხორახტის ტაძრის გეგმა, რომლის თანახმად მას სამი პილონი და სამი ეზო ჰქონდა. აქვე იყო ბენბენის ტაძარი სვეტებიანი დარბაზით და ოთხი ობელისკით. აღმოჩენილია ასევე ეხნატონის მიერ ატუმისათვის აგებული ტაძრის ბლოკები (ტალატატი), მაგრამ ტაძრის მდებარეობა უცნობია. ატუმის ტაძარი იდგა 600 კვ. მ. ამაღლებაზე, რომელსაც 65 მ. სისქის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული. კედელი, სავარაუდოდ, ძველი სამეფოს დროს აიგო და XX დინასტიამდე იდგა. კედლის შიგნით აღმოჩენილია ჯოსერის (III დინასტია) კაპელის ფრაგმენტები, რომლებზეც ჰელიოპოლისის ენეადის ღმერთების უძველესი გამოსახულებებია მოთავსებული. ქალაქში უძველესი დროიდან სვეტის კულტი იყო. ატუმის ტაძარში 16 ობელისკი იდგა, რომელთაგან უძველესი (3 მ. სიმაღლის) ფარაონ ტეტის (VI დინასტია) ეკუთვნოდა. თავის ხებ-სედის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენუსერტ I-მა ააგო ახალი რა-ხორახტის ტაძარი და გაადიდა ატუმის ტაძარი, რომლის წინ ორი (20.41 მ. სიმაღლის) ობელისკი დადგა. ერთ-ერთი მათგანი წაიქცა ჩვ.წ.-ით 1161 წელს, მეორე კი დღემდე დგას. ამავე ტაძარს ორი ობელისკი მიუძღვნა თოტმეს III-მ. დღეს ისინი „კლეოპატრას ნემსების“ (Cleopatra’s Needles) სახელით არის ცნობილი და ნიუ იორკში და ლონდონში დგას. ობელისკები ჰელიოპოლისიდან დღეს დგას ასევე რომში (3) და მონტეჩიტორიოში.

ქალაქი ძალიან გავერანდა შუა საუკუნეების დროს, როცა მისი შენობების და ტაძრების ბლოკები კაიროს მშენებლობაში გამოიყენეს. ჰელიოპოლისი არასოდეს არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკაში, მაგრამ რელიგიაში ყოველთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. აქ შექმნილმა თეოლოგიურმა სისტემამ (ენეადა) ფაქრობრივად მიმართულება მისცა ეგვიპტური რელიგიური აზროვნების განვითარებას. ჰელიოპოლისის ქურუმების მცდელობით IV-V დინასტიების მიჯნაზე ძირეულად შეიცვალა ფარაონის სახე, რომელიც ქალაქში აღზევებული ახალი დიდი ღმერთის, რას ვაჟიშვილი გახდა. ჰელიოპოლისი იყო რას თაყვანისცემის მთავარი საკულტო ადგილი, „რას სახლი“, რის გამოც ბერძნებმა ჰელიოპოლისი დაარქვეს.

ქალაქის ეგვიპტური სახელი უძველესი, წინადინასტიური დროის ბოძის სახის ფეტიშიდან მომდინარეობს. ახალი სამეფოს დროს მისი ტაძრები ამონის კარნაკის ტაძრის (თებეში) და მემფისის პტახის ტაძრის შემდეგ არის მოხსენიებული. რეალურად ახალი სამეფოს დროს, ჯერ კიდევ რამესიდების პერიოდში, ჰელიოპოლისის ტაძრების შემოსავალი საგრძნობლად უსწრებდა მემფისისას. შემდგომში ქალაქი თანდათან დაცარიელდა. მისი უკანასკნელი ნაგებობები საისური პერიოდით არის დათარიღებული, რაც ეხმაურება სტრაბონის (XVII. 805-6) მონაცემებს კამბიზის მიერ ქალაქის განადგურების შესახებ.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები