ობელისკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენუსერტ I-ის ობელისკი ჰელიოპოლში

ობელისკი – ძველეგვიპტური მონუმენტური ნაგებობა, ჩვეულებრივ მაღალი, თანდათან ზევით დავიწროებული ოთხკუთხა სვეტი, დაგვირგვინებული პატარა ბრტყელი პირამიდით. ობელისკის ფორმა ფართოდ გამოიყენება მემორიალურ და დეკორატიულ არქიტექტურაში.

ეგვიპტელები ობელისკს ჭრიდნენ ერთი მასიური ქვისაგან (როგორც წესი, ასუანის წითელი გრანიტისაგან) და მისი გვერდები მოხატული იყო იეროგლიფებით ღმერთ რას და ფარაონების სადიდებლად. ხშირად, ობელისკის მთელი ზედაპირი დაფარული იყო ელექტრუმით (ოქროსა და ვერცხლის შენადნობი). ობელისკების მშენებლობის დასაწყისად მიიჩნევა ფარაონების მე-4 დინასტიის პერიოდი (ძვ. წ. 2613-2498 წწ.), თუმცა დღემდე შემორჩენილი ნიმუშები (მაგ., სენუსერტ I-ის ობელისკი ჰელიოპოლში) მიეკუთვნება მე-5 დინასტიის (ძვ. წ. 2494-2345 წწ.) პერიოდს. ეს ობელისკები შთამბეჭდავი ზომებით არ გამოირჩეოდა. მათი სიმაღლე დაახლოებით 8-10 მ-ია, თუმცა იყო გამონაკლისიც, მაგ., ფარაონმა თუტმოს I-მა ქ. კარნაკში აღმართა ობელისკი სიმაღლით 24 მ (მისი წონაა 143 ტ.).

ეგვიპტიდან ობელისკების მშენებლობა გავრცელდა პალესტინაში, ფინიკიაში, ასირიაში, ეთიოპიაში, ბიზანტიაში, რომსა და ევროპაში, როგორც ძეგლისა და მონუმენტის ტიპი. რომის იმპერატორების განკარგულებით 12-ზე მეტი ეგვიპტური ობელისკი გადატანილი იქნა ეგვიპტიდან რომის იმპერიაში (ძირითადად რომში), ხოლო რენესანსის პერიოდში (XIX ს.) – ლონდონში (ინგლისი), პარიზსა (საფრანგეთის რესპუბლიკა) და ნიუ იორკში (აშშ).

ეგვიპტიდან რომში გადატანილი ობელისკებიდან აღსანიშნავია: ლათერანული ობელისკი სან-ჯოვანის მოედანზე, ძვ. წ. XV ს., სიმაღლე 32,18 მ, ხოლო პოსტამენტითა და წვეროში ჯვრით - 45,7 მ. ეს ობელისკი ეგვიპტიდან რომში გადმოტანილი იქნა 357 წელს იმპერატორ კონსტანცია II-ის სურვილით. ობელისკი დამზადებულია ძვ. წ. XV საუკუნეში ეგვიპტეში და მანამდე იდგა ქ. თებეში (კარნაკი) ამონა-რას ტაძრის წინ ფარაონების თუტმოს III-ეს და თუტმოს IV-ის მმართველობის დროს; ობელისკი ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, ობელისკი ეგვიპტიდან გადმოტანილი იქნა რომში 37 წელს იმპერატორ კალიგულას მმართველობის პერიოდში. სიმაღლე 25,5 მ, პოსტამენტითა და წვერზე ჯვრით - 41 მ; ობელისკი ფლამინიო რომში, გადმოტანილი იქნა ეგვიპტიდან ძვ. წ. 10 წელს იმპერატორ ავგუსტუსუს ბრძანებით. ძვ. წ. XII საუკუნიდან აღმართული იყო ჰელიოპოლში მზის ღმერთის ტაძრის შესასვლელთან ფარაონ რამზეს II-ის მმართველობის პერიოდიდან. სიმაღლე 25 მ, პოსტამენტითა და წვერზე ჯვრით - 36,5 მ და სხვ. XIX საუკუნეში ეგვიპტიდან გამოტანილი იქნა ფარაონ რამზეს II-ის დროინდელი სამი ობელისკი, რომელთაგან ერთი (საქვეყნოდ ცნობილი ლუქსორის ობელისკი), ამჟამად დგას თანხმობის მოედანზე პარიზში, მეორე მდ. ტემზის ნაპირას ლონდონში და მესამე ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში. ცნობილია აგრეთვე სხვა ცივილიზაციების ობელი-სკები: ასირიის (ასურეთი, ძველი ლევკოსირია) შავი ობელისკი, აქსუმის ობელისკი ეთიოპიაში, კონსტანტინეს ობელისკი ბიზანტიაში და სხვ. თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მაღალი ვაშინგტონის ობელისკი დგას აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, რომელიც აგებული იქნა 1884 წელს და მისი სიმაღლე 169 მეტრია (სურ. 6).




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები