კარნაკი
კარნაკი – (ეგვ. Ip.t Św.t, „ბრწყინვალე ადგილები“. ბერძნულ პერიოდში ეძახდნენ p.t hrs t3, „ზეცა დედამიწაზე“), ძველი ეგვიპტის და მსოფლიოს ყველაზე დიდი სატაძრო კომპლექსი. მდებარეობდა თებეში და მიძღვნილი იყო ამონის და მისი „ოჯახის“, მუტისა და ხონსუსადმი.
ეგვიპტისათვის კარნაკი ახალგაზრდა ტაძარი იყო, რადგან მისი შენება შუა სამეფოს დასაწყისიდან დაიწყო, როცა თებეს ნომარქებმა კვლავ გააერთიანეს ეგვიპტე და ფარაონები გახდნენ, ამონმა კი ქვეყნის უზენაესი ღვთაების ტახტი დაიპყრო. ამ პერიოდამდე თებე პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყო, ამონის ისტორია კი ბურუსით არის მოცული. შუა სამეფოდან მოყოლებული, კარნაკი ეგვიპტის თავისებურ მატიანედ გადაქცა. ყველა ფარაონი ცდილობდა ტაძარი თუ არა, რაიმე დეტალი მაინც შეემატებინა მისთვის. კარნაკის კედლებზე ჩაწერილია ეგვიპტის ისტორია, რადგან ფარაონები თავიანთი საგმირო საქმეების ამსახველ ტექსტებს და გამოსახულებებს კარნაკის კედლებზე ათავსებდნენ. აქ მოხსენიებულია ეგვიპტის პრაქტიკულად ყველა ფარაონი, ერთი კარტუშით მაინც.
ამ ბრწყინვალე ტაძრის დაღმასვლა ეგვიპტეში ქრისტიანობის გავრცელებიდან დაიწყო. მიტოვებული ტაძარი საუკუნეების განმავლობაში იძარცვებოდა და თანდათან დავიწყებას მიეცა. თანამედროვეობისათვის კარნაკი XVIII საუკუნის დასაწყისში თავიდან აღმოაჩინა ფრედერიკ ნორდენმა. მასვე ეკუთვნის ტაძრის პირველი ჩანახატები. ნაპოლეონის ცნობილი ექსპედიციის დროს მოხდა ტაძრის პირველი სერიოზული შესწავლა. 1828 წ. კარნაკი მოინახულა ჟ.ფ. შამპოლიონმა.
XIX საუკუნის დასაწყისში მოჰამედ ალიმ დაიპყრო ეგვიპტე და ეგვიპტის ფაშა გახდა. მან მოიზიდა დასავლური ძალები და დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა. ასობით შაქრის, ბამბის, შუშის და სხვ. ქარხნის ასაშენებლად საჭირო იყო მასალა, და ძველეგვიპტური ტაძრები სამტეხლოებად გადაიქცა. ამ მშენებლობებმა, ბევრი სხვა ტაძარის გარდა, კარნაკის ამონის შუა სამეფოს ტაძარი შეიწირა. მეცნიერების ატეხილი განგაშის საპასუხოდ მოჰამედ ალიმ, რომელიც ცდილობდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ევროპელებთან, 1835 წ. გამოსცა დეკრეტი ძველეგვიპტური სიძველეების დასაცავად, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ქვები კარნაკის ტაძრის პილონებიდან კიდევ მიჰქონდათ სამშენებლო მასალად. 1843 წ. კარნაკის „წინაპართ დარბაზი“ ლუვრში გადაიტანეს. მხოლოდ 1858 წ. დაარსდა ეგვიპტის სიძველეთა სამსახური, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი ეგვიპტოლოგი ო. მარიეტი. მას შემდეგ დღემდე მეცნიერები მუშაობენ კარნაკში, თუმცა ბევრი რამ კიდევ შესწავლილი არ არის.
კარნაკის ტაძარს უმნიშვნელოვანესი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. ეგვიპტელისათვის ეს იყო ადგილი, სადაც დიდმა ამონ-რამ პირველყოფილი ქაოსური წყლების ადგილას მიწის პირველი ბორცვი შექმნა ეგვიპტური წარმოდგენით, ღვთაების მარადიული არსებობისათვის სათანადო მსახურება იყო საჭირო. ამონ-რას მიერ შექმნილი სამყარო იარსებებდა, სანამ ამონის კულტს სათანადო პატივი მიეგებოდა კარნაკში. მაგრამ კარნაკი არ იყო მხოლოდ ქვეყნის უზენაესი ღვთაების მთავარი საცხოვრისი მიწაზე. ის წარმოიდგინებოდა, როგორც ყველა ეგვიპტური მეფის ლეგიტიმირების წყარო. აქ ხდებოდა მეფის, როგორც „ამონის საყვარელი შვილის“ აღიარება უმაღლესი ქურუმების მიერ. აქ ტარდებოდა კორონაცია და ხებსედი. ამონის მთავარი ქურუმი ყველა სამეფო დეკრეტის საქმის კურსში იყო. იმავდროულად, კარნაკის ტაძრის უზარმაზარ ადმინისტრაციულ ნაწილში, მის მიწებზე და საძოვრებზე მრავალი ათასი კაცი იყო დასაქმებული. კარნაკი სულიერი და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი და ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო. კარნაკში აგებული ყველა ძეგლი, პილონი თუ ტაძარი მიიჩნეოდა შვილის მადლიერების გამოხატვად თავისი ღვთაებრივი მამისადმი, რის საპასუხოდ დიდი ღვთაების კეთილგანწყობა მოიპოვებოდა. უმნიშვნელოვანესად ითვლებოდა თვითონ მიძღვნის ფაქტი, ამიტომ ფარაონები კარნაკში გაუთავებლად ანგრევდნენ და თავიდან აგებდნენ, იყენებდნენ ძველ ბლოკებს ახალი ნაგბობების და პილონებისათვის. ამის გამო დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია კარნაკის ხანგრძლივი არქიტექტურული ისტორიის აღდგენა, რთულია ასევე რეკონსტრუქცია, თუ რა თანმიმდევრობით იყო აგებული ესა თუ ის დარბაზი. სავარაუდოდ, უძველესი ტაძარი მოიცავდა წმინდათა წმინდა ოთახს, სადაც ამონ-რას ქანდაკება იყო დაბრძანებული, და ორ დარბაზს, რაც ეგვიპტური ტაძრის ძირითად კომპონენტებს შეადგენს. ამ ნაგებობის დიდ ტაძრად გადაკეთება, ასევე სავარაუდოდ, თოტმეს I-მა დაიწყო თავისი ცნობილი არქიტექტორის, ინენის დახმარებით, თუმცა დღეს ძნელია აღდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ტაძარი თოტმეს I-ის დროს. ინენის სამარხში, თებეს ნეკროპოლისში, მოთავსებულია იმ ნაგებობების გამოსახულებები, რომლებიც მან მეფეს აუგო. მათ თანახმად, ინენიმ ტაძარს მაღალი გალავანი შემოავლო. ეზოში დღევანდელი განლაგების მიხედვით მეხუთე პილონიდან შედიოდნენ. გალავნით შემოვლებულ ეზოს, ასევე სავარაუდოდ, ოსირისის გიგანტური ქანდაკებები ერტყა გარს. მეხუთე პილონის ეზოდან იწყებოდა დარბაზი, რომელსაც თავად ინენი აღწერს, როგორც „ბრწყინვალე დარბაზს პაპირუსის ფორმის კოლონებით“. მთელ კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა კიდევ ერთი გალავანი, რომლის შესასვლელს მეოთხე პილონი წარმოადგენდა. დასავლეთი ფასადის წინ, სადაც იმ დროისათვის ტაძრის მთავარი შესასვლელი მდებარეობდა, თოტმეს I-მა აღმართა ორი ობელისკი, რომელთაგან დღეს მხოლოდ ერთია შემორჩენილი.
კარნაკის რეკონსტრუქციის მეორე მნიშვნელვან ეტაპს ხატშეპსუტის და თოტმეს III-ის მეფობა წარმოადგენს, თუმცა თოტმესმა გაანადგურა ბევრი დეტალი, რომელიც მისმა დედინაცვალმა ააგო. დასავლეთი ფასადის გასწვრივ ხატშეპსუტმა ააგო ოთახები მსხვერპლის შესაწირად და მცირე ზომის კაპელა ღვთაების ბარკის დასაბრძანებლად, რომელიც დღეს წითელი კაპელის სახელით არის ცნობილი. მეხუთე პილონის წინ, თოტმეს I-ის ჰიპოსტილურ დარბაზში, მან აღმართა ასუანის ვარდისფერი გრანიტის ორი ობელისკი, რომლებიც ელექტრუმით დაფარა. დღეისათვის მხოლოდ ერთია შემორჩენილი (რასაკვირველია, ელექტრუმის გარეშე). თოტმეს I-ის გალავნის აღმოსავლეთ მხარეს ხატშეპსუტმა აღმართა სამლოცველო, მიძღვნილი ამომავალი მზისადმი, რომელიც ასევე ობელისკებით შეამკო, მაგრამ სამლოცველოს ადგილი მალე თოტმეს III-ს სადღესასწულო დარბაზმა დაიკავა.
თოტმეს III-მ კარნაკში გრანდიოზული ცვლილებები მოახდინა: ხატშეპსუტის ობელისკებს შემოავლო ქვიშაქვის კედელი და ეს ნაგებობა მეხუთე პილონს დაუკავშირა; სამჯერ გაზარდა თოტმეს I-ის კოლონების რიცხვი და დარბაზის ხის სახურავი ქვის სახურავით შეცვალა. მეხუთე პილონის აღმოსავლეთით მან კიდევ ერთი, სადღეისოდ მეექვსე პილონი აღმართა, რომელზეც მოათავსა მეგიდოში თავისი ტრიუმფის ამსახველი სცენები. ძველი ტაძრის უკან მან ააშენა თავისებური ტაძარი-ფორტი და მუტის ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე აღმართა მერვე პილონი, რომლის ირგვლივ რამდენიმე სამლოცველო ააგო. ამონხეტეპ III-მ აღმართა IV პილონი და დაიწყო გრანდიოზული ჰიპოსტილური დარბაზის მშენებლობა, რომელიც რამესიდების ეპოქაში დასრულდა.
თანამედროვე რეკონსტრუქციით, ამონხეტეპ IV (ეხნატონმა) კარნაკში ოთხი ნაგებობა ააგო. მათი რაოდენობის აღდგენა შესაძლებელი გახდა ეხნატონის ცნობილ საშენი მასალის, ე.წ. „ტალატატის“ ბლოკების შეჯერებით, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ნაგებობაში გამოყენებული იპოვეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთის (სახელად Gmp3Itn, „მზის დისკო ნაპოვნია“) მდებარეობაა დადგენილი. ტაძარი ნაწილობრივ არის შესწავლილი. ეხნატონმა ის ააგო კარნაკის ტაძრის აღმოსავლეთით, იქამდე აუთვისებელ ტერიტორიაზე. ტაძრის სიგანე 210 მეტრია, სიგრძის დადგენა დღეს შეუძლებელია. დასავლეთი კედლის ცენტრალური ნაწილიდან იწყებოდა ოთხი მეტრის სიგანის კორიდორი, რომელიც ტაძარს XVIII დინასტიის სამეფო სასახლესთან აკავშირებდა. ტაძარი სავარაუდოდ მეფის იუბილესათვის აიგო. კარნაკი საგრძნობლად გადააკეთა ხორემხებმა, რომელმაც სამი პილონი ააგო და გზა მეათე პილონსა და მუტის ტაძარს შორის სფინქსებით მორთო.
სეტი I-მა ააგო გრანდიოზული სვეტებიანი დარბაზი, რომელიც, პილონებთან ერთად, დღეს კარნაკის სახეს წარმოადგენს. მისი მორთულობა რამსეს II-მ დაასრულა. დარბაზის კედლების შიდა მხარე მორთულია ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის და მსხვერპლშეწირვის სცენებით. გარედან მათ ამშვენებს სეტი I-ის ბრძოლების სცენები სირია-პალესტინაში და ლიბიელების და ხეთების წინააღმდეგ (ჩრდილოეთი კედელი და რამსეს II-ის ბრძოლები პალესტინაში და ქადეშში (სამხრეთი კედელი). რამსეს II-მ ააგო ასევე ვერძისთავიანი სფინქსების ალეა, რომელიც მიდიოდა სანაპირომდე, სადაც ღვთაების დიდი ბარკა იდგა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს XXV (ნუბიური) დინასტიის ფარაონის, ტახარკას მიერ გაშენებული უზარმაზარი ტბა და ტაძარი კარნაკის ჩრდილო-დასავლეთით. მანვე ააგო სვეტებიანი პავილიონები დიდი ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ შესასვლელებთან და ხონსუს ტაძრის წინ. ნექტანებოს I-მა (XXX დინასტია) ტაძარს შემოავლო 12 მ. სისქის და 25 მ. სიმაღლის აგურის გალავანი ჰორიზონტალური ტალღოვანი ორნამენტით, რომელიც პირველყოფილი ნუნის იმიტაციას წარმოადგენდა. ამავე დროს დაიწყო დღევანდელი განლაგებით პირველი პილონის აგება, მაგრამ ის დასრულებული არ არის. პტოლემაიოსების დროს ტაძარი ფუნდამენტურად იქნა შეკეთებული. მაგრამ კარნაკი არ იყო მარტო ამონის ტაძარი. აქ მისი ღვთაებრივი მეუღლის, მუტის და მათი შვილის, ხონსუს ტაძრებიც იდგა. ამას გარდა, კარნაკში იყო პტახის და მონტუს ტაძრები და ოპეტის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კაპელა, რომელიც XXVI დინასტიიდან ოსირისის სასახლედ გადაიქცა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მაატისადმი მიძღვნილი ტაძარი. ეს ქალღმართი სიმართლის, სამართლიანობის და სამყაროს წესრიგის პერსონიფიკაცია იყო, რომელთა დაცვა ეგვიპტური წარმოდგენით ფარაონს ევალებოდა. ასეთი აბსტრაქტული ცნებების პერსონიფიკაციებს ეგვიპტეში ტაძრები არ ჰქონდათ, და გამონაკლისს არც მაატი წარმოადგენდა. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ მისი ერთადერთი ტაძარი სწორედ კარნაკში იყო. XVIII დინასტიიდან მოყოლებული, ყველა ფარაონი კარნაკს კაპელას, ქანდაკებას, ტაძრისათვის საჭირო ინვენტარს და სხვ. სწირავდა. დაგროვილი ქანდაკებების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ პტოლემაიოსების დროს, როცა ტაძარი ფუნდამენტურად შეკეთდა, ის „დაალაგეს“ და „ზედმეტი“ ნივთები ტაძრის ეზოში დამარხეს. ეს სამალავები აღმოჩენილი იქნა 1903 წ. და 1903-1905 წლებში რვაასზე მეტი ქანდაკება და სტელა და 17 000 ბრინჯაოს ნაკეთობა იქნა ამოთხრილი. ისინი ამხელენ იმ უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელსაც დაეპატრონენ ამონის ქურუმები, როცა რამსეს XI-ს გარდაცვალების შემდეგ თებე და კარნაკის ტაძარი საბოლოოდ მათ განკარგულებაში გადავიდა.