ნექტანებოს I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნექტანებოს I

ნექტანებოს I – (ჩვ.წ.-მდე 380-362), ეგვიპტის XXX დინასტიის ფარაონი. მას საკმაოდ მძიმე და არეულ პრიოდში მოუხდათ მეფობა. სპარსელების ბატონობის შემდეგ ქვეყანა არეული იყო, და სპარსელების მიერ ქვეყნის ხელმეორედ დაპყრობის საშიშროება – რეალური. ამ პირობებში ბუნებრივი იყო დაახლოებით ოცდაოთხი წლის განმავლობაში ორი დინასტიის შეცვლა. XXVIII დინასტიის ერთადერთ ფარაონად ამირტეოსი ითვლება, XXIX დინასტია კი ოთხი უზურპატორისაგან შედგება. ჩვ.წ.მდე 380 წ. მხედართმთავარმა სებენიტოსიდან, ნექტანებოსმა, მოახერხა XXIX დინასტიის ბოლო ფარაონის, ნეფერიტეს II-ის ტახტიდან ჩამოგდება. ის ადის ტახტზე, როგორც ნექტანებოს I, და აარსებს ახალ, XXX დინასტიას.

373 წ. ნექტანებოს I-მა მოიგერია არტაქსერქსე II-ის შემოტევა. მან გამოიყენა ნილოსის ადიდება და მოახერხა სპარსელების უკუგდება ეგვიპტის საზღვრიდან. შემდეგ გაამაგრა დასავლეთი საზღვრები, და მშვიდობიანად დაასრულა მეფობა. მართალია, ეს პერიოდი ვერ მიუახლოვდა ბრწყინვალე საისურ ხანას, მაგრამ ამ დროის ლიტერატურის და ხელოვნების ხარისხი მაინც კულტურულ აღორძინებაზე მიუთითებს.

ნექტანებოს I ძალიან ბევრს აშენებდა. მან ჩაატარა დიდი სარესტავრაციო სამუშაოები კარნაკის ტაძარში და ააგო (დღევანდელი ათვლით) პირველი პილონი, დაიწყო ისიდას ტაძრის მშენებლობა კუნძულ ფილეზე. ის აშენებდა ასევე ელქაბში, ჰერმოპოლისში, მემფისში და ტანისში. მის დროს დამზადებული მრავალი ქანდაკება შემდგომში გადატანილი იქნა ალექსანდრიაში, და მოგვიანებით რომში.

უნდა აღინიშნოს, რომ ნექტანებოსი მოშორდა ეგვიპტური ხელოვნების კლასიკურ კანონებს, და მის დროს დაიწყო ის ახალი ტალღა, რომელიც ეგვიპტის ბერძნული პერიოდის ხელოვნებასთან არის ასოცირებული. რაც შეეხება ტიტულატურას, ნექტანებოსი შორეული წარსულისაკენ მიბრუნდა და სენუსერტ I-ის (XII დინასტია) სატახტო სახელი მიიღო.

თავისი მეფობის დასასრულს ნექტანებოსი შეეცადა, განეახლებინა კონტაქტები ათენსა და სპარტასთან, როგორც მოკავშირეებთან, სპარსელების ახალი შემოტევის რეალური საშიშროების გამო. სავარაუდოდ, ნექტანებოს I დაიკრძალა სებენიტოსში, მაგრამ მისი სამარხი ნაპოვნი არ არის. ცნობილია რამდენიმე უშებტი მისი სამარხიდან, და მისი სარკოფაგის ნაწილები, რომლებიც გამოყენებული იქნა, როგორც სამშენებლო მასალა, მოძიებულია რამდენიმე სახლში კაიროში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები