ფარაონის ტიტულატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამზეს III-ის ტიტულატურა

ფარაონის ტიტულატურაფარაონს რთული ტიტულატურა ჰქონდა, რომელიც წარმოადგენდა მას, როგორც ხორს, ორ ქალღმერთს (ქვემო ეგვიპტის მფარველს, ეჯოს და ზემო ეგვიპტის მფარველს, ნეხბეტს), ოქროს ხორს, ზემო და ქვემო ეგვიპტის ხელმწიფეს და რას ვაჟიშვილს. ფარაონის ტიტულატურაში მისი ღვთაებრივი ბუნებაა ასახული, რადგან ეგვიპტური წარმოდგენით, ფარაონში, რომელიც თვითონ ადამიანი იყო, კორონაციის რიტუალის დროს სახლდებოდა ღვთაებრივი საწყისი, რომელიც გარდაცვლილი ფარაონის სხეულს ტოვებდა, და ამდენად, ფარაონი ეგვიპტეში იყო ერთგვარი მაკავშირებელი რგოლი ადამიანებს და ღმერთებს შორის. ფარაონის უძველესი სახელი იყო ხორის სახელი, რომელიც წარმოგვიდგენს ფარაონს, როგორც ხორის მიწიერ განსახიერებას. „ხორის სახელის“ წინ ხორის გამოსახულება იყო მოთავსებული.

ხორის სახელის სამშობლო, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ მომავალი ერთიანი ეგვიპტის სამხრეთში მდებარე პატარა პოლიტიკური გაერთიანების დედაქალაქი, ჰიერაკონპოლისი იყო. სწორედ ჰიერაკონპოლისშია ნაპოვნი ნარმერის (ნულოვანი ან პირველი დინასტიის ფარაონის) პალეტი, სადაც ფარაონის პირისპირ ხორის გამოსახულება არის მოთავსებული. მიჩნეულია, რომ ფარაონის გაიგივება ხორთან სწორედ აქ მოხდა. ტიტულატურაში მეორე ადგილი ეკავა ორი ქალღმერთის (ან ორი ქალბატონის) სახელს. მას წინ ორი ქალღმერთის გამოსახულება უძღოდა. ეს სახელი ასევე ცნობილია, როგორც „ნებტი“ სახელი, რადგან „nb.t“ ეგვიპტურად ნიშნავს „ქალბატონს“, (ასე ხშირად მოიხსენიებოდნენ ქალღმერთებიც), „tj“ დაბოლოება კი ორობითი რიცხვის აღმნიშვნელი სუფიქსია. ამ სახელით ფარაონი წარმოგვიდგება მჭიდროდ დაკავშირებული ორ ქალ-ღმერთთან, რომლებიც უშუალოდ ეგვიპტის გაერთიანებამდე ქვეყნის ორი – სამხრეთი (ნეხბეტი) და ჩრდილოეთი (ეჯო) ნაწილების მფარველი ქალღმერთები იყვნენ. მათი გამოსახულებები ამშვენებდა ფარაონის გვირგვინსაც. სახელი უკვე პირველ დინასტიის დროს არის დაფიქსირებული . შესაძლოა, ეს სახელი მიიღო გაერთიანებული ეგვიპტის პირველივე ფარაონმა, რადგან ამით ხაზი გაუსვა ორივე ეგვიპტის ერთი მმართველობის ქვეშ გაერთიანებას. უფრო ბუნდოვანია ოქროს ხორის სახელი. ეგვიპტელები მას „ოქროს სახელს ეძახდნენ. სახელს წინ უძღოდა ხორის იეროგლიფის გამოსახულება ოქროს იეროგლიფის თავზე. პირველად დაფიქსირებულია მეოთხე დინასტიის დროს. ზოგიერთის აზრით, ამ სახელში სიმბოლური გამოხატულება პოვა ხორის, როგორც სამეფო ძალაუფლებასთან ასოცირებული ღვთაების საბოლოო გამარჯვებამ სეტხზე, რადგან „ოქროს“ იეროგლიფით (ეგვ „nb“, Wb II, 237) გამოიწერებოდა ასევე ომბოსის სახელი. ომბოსი იყო წინადინასტიური ეგვიპტის მეორე სამხრეთ ეგვიპტური სახელმწიფოს დედაქალაქი, სადაც სეტხს ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში ეთაყვანებოდნენ, და რომელიც ერთიანი ეგვიპტისათვის ბრძოლაში ჰიერაკონპოლისის ხორის მიმდევარმა ფარაონებმა დაამარცხეს. რადგან ოქროს ხორის სახელში ხორი ოქროს იეროგლიფის თავზეა მოქცეული, ამ კომბინაციას კითხულობენ, როგორც „ხორი ომბოსელის (ე.ი. სეტხის) ზემოთაა“ . სხვა ვარაუდით, ოქროს ხორის სახელი დაკავშირებულია ფარაონის ღვთაებრიობასთან, რადგან ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ღვთაების სხეული ოქრო იყო. ამის დასადასტურებლად იყენებენ შემთხვევებს, სადაც ფარაონი თავის თავს „ოქროს შევარდენს“ ეძახის. ფარაონის ტიტულატურის ბოლო ორი სახელი კარტუშის შიგნით გამოიწერებოდა. კარტუშის ეგვიპტური სახელი იყო „šn“, წრე , რომელიც სამყაროს შემოწერილობის სიმბოლო იყო, და ფარაონის სახელების კომბინაცია ამ წრესთან ფარაონის მთელ სამყაროზე დომინირებაზე მიანიშნებდა. იდეაში, კარტუში მრგვალი ფორმის უნდა ყოფილიყო, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ სახელების სიგრძის გამო მან ოვალური ფორმა მიიღო. ფარაონის მეოთხე (და კარტუშში მოთავსებული პირველი) სახელი იყო მისი სატახტო სახელი (ე.წ. „prenomen“), რომელსაც ის ტახტზე ასვლისას იღებდა. ეს ფარაონის ტიტულატურის ყველაზე ახალგაზრდა ელემენტია, რომელიც პირველად მეხუთე დინასტიის დროს არის დაფიქსირებული. სატახტო სახელის წინ თავსდებოდა სიტყვები „nswt bitj“, რომლებიც დღეს ტიტულატურაში ითარგმნება, როგორც „ზემო და ქვემო ეგვიპტის ხელმწიფე“, მაგრამ რეალურად აქ ორჯერ არის დაფიქსირებული სიტყვა „მეფე“. ჯერ კიდევ ეგვიპტის გაერთიანებამდე „ns w.t“ ერქვათ სამხრეთ ეგვიპტის მეფეებს, „bi.tj ჩრდილოეთის. შესაბამისად, ამ სიტყვების კომბინაცია ასახავს ვითარებას, რომ ეგვიპტის ფარაონი ორივე ზემო და ქვემო ეგვიპტისაგან შემდგარი ერთიანი ეგვიპტური სახელმწიფოს მეფეა. ტიტულატურის მეხუთე (და კარტუშში ჩასმულ მეორე) სახელს (ე.წ. „nomen“), წინ უძღოდა სიტყვების კომბინაცია „რას ვაჟიშვილი“, და ის წარმოგვიდგენდა ფარაონს, როგორც მზის ღვთაების ვაჟს. ეს იყო სახელი, რომელსაც ფარაონს დაბადებისას აძლევდნენ. ელემენტი „რას ვაჟიშვილი“ პირველად მეოთხე დინასტიის დროს არის დაფიქსირებული. თუმცა ეგვიპტურ ტექსტებში ფარაონები უფრო ხშირად prenomen-ით მოიხსენებიან, დღეს ეგვიპტოლოგიაში მათი nomen-ით მოხსენიებაა მიღებული. სწორედ ესაა ჩვენთვის ცნობილი სახელები, როგორიცაა თოტმესი, ამონხეტეპი, რამსესი და სხვ. ამგვარად, ტიტულატურა წარმოგვიდგენდა ფარაონს, როგორც ხორს, ორ ქალღმერთს, ოქროს ხორს, ზემო და ქვემო ეგვიპტის ხელმწიფეს და რას ვაჟს. სამწუხაროდ, ბევრი ფარაონის სრული ტიტულატურა დღესაც უცნობია. ოფიციალური ხუთსახელიანი სამეფო ტიტულატურის გარდა, ფარაონს კიდევ ბევრი სხვა ტიტული ჰქონდა. ის იყო „ორივე მიწის ბატონი“, „გვირგვინების ბატონი“, „კულტის ბატონი“, „კეთილი ღმერთი“ და სხვ. მისი ტიტული „ფარაონი“ ხმარებაში შემოდის მხოლოდ ახალი სამეფოდან და ნიშნავს „დიდ სახლს“. ახალ სამეფომდე ასე მოიხსენიებოდა მხოლოდ მეფის სასახლე, ახალი სამეფოდან კი ამ სახელით თვითონ მეფესაც მიმართავდნენ.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები