ნეხბეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეხბეტი – (ეგვ. Nhb.t), უძველესი ზემოეგვიპტური ქალღმერთი. ეთაყვანებოდნენ თეთრი სვავის სახით, ამიტომ ეძახდნენ „თეთრს ნეხენიდან“. იყო თეთრი ზემოეგვიპტური გვირგვინის სიმბოლო. წინადინასტიურ ეპოქაში ზემოეგვიპტური სამეფო რეზიდენციის (ნეხები და ნეხენი) მფარველი ქალღმერთი იყო. ნარმერის პალეტზე გამოსახულია ფარაონის თავზე, როგორც მისი მფარველი. ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ზემო ეგვიპტის გვირგვინის ქალბატონი ხდება და თავის მეწყვილესთან ერთად (ქალღმერთი უაჯეტი) მტკიცედ იკავებს ადგილს ფარაონის გვირგვინზე და ტიტულატურაში. როგორც ფარაონის დამცველი, ხშირად გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თუმცა ბოლომდე შეინარჩუნა ასევე თავისი ცხოველური სახე.