ნარმერი
ნარმერი – წინადინასტიური სამხრეთ ეგვიპტის უკანასკნელი მეფე, ან პირველი დინასტიური ფარაონი, თუ ის, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, არის იგივე მენესი.
ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე ფაქტი: ჰიერაკონპოლისში აღმოჩენილ ცნობილ „ნარმერის პალეტზე“, რომელზეც ასახულია სამხედრო გამარჯვებები, ნარმერი გამოსახულია როგორც ქვემო, ასევე ზემო ეგვიპტის გვირგვინებით. ჰიერაკონპოლისში მოძიებულ ცნობილ „ნარმერის კვერთხის“ თავზე ნარმერი ქვემო ეგვიპტის გვირგვინით არის გამოსახული. აბიდოსში ნაპოვნ დოქებზე ნარმერის სახელის გვერდით მოთავსებულია იეროგლიფები, რომლებიც იკითხება, როგორც „მენ“ (mn, „მენესი“). აბიდოსში ნაპოვნ ფირფიტაზე ხორ-ახა, რომელიც არქეოლოგიური მონაცემების თანახმად ნარმერის შემდეგ მეფობდა, სამგლოვიარო ცერემონიისათვის კარავს უგებს გარდაცვლილ მამას, რომლის ერთ-ერთი სახელი არის „მენ“ (Emery, 1961, 33-35). თუ ნარმერი იგივე მენესია, ეგვიპტური ტრადიციის თანახმად, ის მემფისის დამაარსებელიც არის. ჰეროდოტეს ცნობით, მენესმა ააგო ჯებირი, რომელმაც შეუცვალა დინება ნილოსს და მდინარისაგან გამოტაცებულ მიწაზე ქალაქი დააარსა.
კერამიკული ნამსხვრევები ნარმერის სახელით ნაპოვნია სამხრეთ პალესტინაში, რაც შესაძლოა მიუთითებს ვაჭრობაზე ამ რეგიონთან. აზიასთან კონტაქტის არსებობის დამადასტურებელია ასევე აბიდოსში, ნარმერის სამარხში ნაპოვნი სპილოს ძვლის ფირფიტა. ფირფიტაზე გამოსახულია აზიელი, რომელიც პატივს მიაგებს ეგვიპტელ მეფეს. სხვადასხვა არტეფაქტი ნარმერის სახელით ნაპოვნია ასევე დელტაში (მინშატ აბუ ომართან და ბუტოსთან), მემფისის რაიონში (ზავიეტ ელ-არიანთან, ტურასა და ჰელვანთან), თარხანთან (ფაიუმის შესასვლელთან), აბიდოსში, ნაქადაში და ჰიერაკონპოლისში – პრაქტიკულად ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ უდაბნოში, რომელიც უძველესი დროიდან იზიდავდა ეგვიპტელებს თავისი მინერალების და ძვირფასი სამშენებლო ქვების გამო, ნარმერის მეფობიდან შემოინახა ორი კლდის წარწერა, რომელთაგან ერთ-ერთი შეიცავს სერეხს მისი სახელით.